„მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ – სახელმძღვანელოს UNICEF აქვეყნებს
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს – „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ აქვეყნებს, რომელიც 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში მომზადდა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სახელმძღვანელო და მასწავლებლის გადამზადების მოდული.
სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ საკითხებს: მედიაწიგნიერების რაობა; მედიის და ინფორმაციის ენა; დეკოდირება. ინფორმაციის დამუშავების ამოცანები და პირადი პერსპექტივა; დეზინფორმაცია, კიბერბულინგი და მედიაწიგნიერების საკვანძო პრინციპები.
იხილეთ სახელმძღვანელო: „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“
სახელმძღვანელოში მოცემულია დავალებები და სავარჯიშოები მოსწავლეებისათვის და კითხვები თითოეული თემის ირგვლივ.
UNICEF-ის ცნობით, პროექტი „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. მედიაწიგნიერება სასწავლო პროგრამას არჩევით საგნად სექტემბრიდან დაემატა და უკვე ისწავლება რამდენიმე სკოლაში თბილისსა და ქუთაისში. გადამზადებული მასწავლებლები, ერთი სემესტრის განმავლობაში ასწავლიან მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ.
სახელმძღვანელო გლობალური მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მასწავლებელთა ფორუმზე წარადგინეს.
“მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია და 21 საუკუნის ინფორმაციული ეპოქის ერთ-ერთი აუცილებელი უნარია, რომელიც მოსწავლეებს კარიერაში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. მედიაწიგნიერების ინტეგრაცია ფორმალურ განათლებაში ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიკვალონ გზა ინფორმაციის იმ დიდ ნაკადში, რომელსაც ისინი სხვადასხვა მედიის საშუალებით იღებენ”, – აცხადებენ UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.
ამავე თემაზე:
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია