„სამწუხაროდ, მოსწავლეების უმრავლესობა უპირობო ჭეშმარიტებად იღებს ინფორმაციას, რომელსაც თუნდაც ვიკიპედიაში ეცნობა“ – მედიაწიგნიერების ადგილი სკოლაში
მედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე ადამიანის ფორმირებაზე, განსაკუთრებით კი სასკოლო ასაკში, როცა ციფრული ტექნოლოგიები და მისი რესურსები მოსწავლის ინტერესების დასაკმაყოფილებლად ძირითადი წყარო ხდება.
მედიაწიგნიერების, იგივე ინფორმაციური წიგნიერების გამოიყენება ხდება მოსწავლის ცოდნის გასაღრმავებლად, გააზრებული კითხვების დასასმელად და კრიტიკული აზროვნების დასახვეწად სწორედ ამიტომ, მედიაგანათლება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქის ძირითად უფლებად მიიჩნევა და ამასთან, არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის ქართული სკოლის სასწავლო გეგმაში, წარმოდგენილია როგორც საჭირო კომპეტენცია. ყველა საგნის სწავლების დროს მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეები გაიყვანოს მედიაწიგნიერების ე.წ გამჭოლ კომპეტენციაზე.
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა გამომუშავება და განვითარება ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლებას სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტული კომპეტენცია მედიაწიგნიერება ასეა განმარტებული: „საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად თანამედროვე სამყაროში ტრადიციულ ტექსტებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა – ტექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ აუცილებელია, მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ – მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის გაფილტვრა) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას“.
EDU.ARIS.GE ანა ურუშაძეს ესაუბრა, რომელსაც ორი პროფესია აქვს – არის ჟურნალისტი და თბილისის 133 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი. მისგან მოვისმინეთ, რატომაა მნიშვნელოვანი სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლება, რა გამოწვევებს ხედავს მოსწავლეებში და თავად რა ტექნიკებს იყენებს გამჭოლ კომპეტენციაზე გასასვლელად.
– ანა, როგორ ხედავთ მედიაწიგნიერების კომპეტენციას, რა შედეგებზე გადის მოსწავლე და რატომაა მნიშვნელოვანი მედიაწიგნიერების სწავლება სასკოლო ასაკიდან?
– ძირითადი პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ამიტომ კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კომპეტენციები, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია ასახული, განსაკუთრებით კი მედიაწიგნიერება. პირადად ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ინფორმაციის დამუშავების ტექნიკა მოსწავლეში აუცილებელ სააზროვნო უნარებსაც ავითარებს. მოსწავლე, რომელიც იღებს ინფორმაციას არის ამ ინფორმაციის პოტენციური გამავრცელებელიც. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს საიდან მიიღებს ინფორმაციას, როგორ გაფილტრავს და გამოიყენებს მას. ჩვენ, პედაგოგები, სასკოლო აქტივობებით ვცდილობთ, დავხვეწოთ ის ტექნიკა, რომლითაც მოსწავლეებს ე.წ დეტექტორის ფუნქციას ვძენთ, რათა გაარჩიონ ყალბი ნამდვილისგან, იყვნენ ინფორმირებულნი და უპირობოდ არ იღებდნენ იმ ინფორმაციასა თუ ცოდნას, რომელიც რეალობასთან ახლოსაც არაა.
– რა ახალი გამოწვევების წინაშე დგანან მოსწავლეები ამ მიმართულებით, თქვენი პრაქტიკა როგორია და რა აქტივობებს მიმართავთ?
– სამწუხაროდ, მოსწავლეების უმრავლესი ნაწილი უპირობო ჭეშმარიტებად იღებს იმ ინფორმაციას, რომელსაც თუნდაც ვიკიპედიაში ეცნობა, ეს ხდება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ განვითარებული აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლე ყვება სრულიად არარეალურ ამბავს, გამოგონილ ისტორიებს კითხულობს. მაგალითისთვის, ვიცით, რომ უამრავი პროპაგანდისტული საიტია, სადაც პრორუსული იდეოლოგიების განვითარება და შემდგომ გავრცელება ხდება, ეს ძალიან დიდი საფრთხეა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ახლა…
როცა მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ანალიზისა და შეფასებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები მარტივად იჯერებს ყველაფერს. პირადად მე, ამ უნარების გასაღვიძებლად ხშირად ვიყენებ პროექტულ სწავლებას, რომელიც ჩემი მხრიდან ასევე გულისხმობს ბავშვისთვის ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობების შეთავაზებას. მაგალითისთვის, ვასწავლი რა არის სამეცნიერო ინფორმაცია და რა არა. ეს ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს თუნდაც იმიტომ, რომ დავალებას, რომელსაც მივცემთ ადეკვატურად შეასრულონ.
ამასთან, ვცდილობ, ყველა დავალება, რომელსაც მოსწავლეს წარვუდგენ, იყოს რეკომენდირებული სასწავლო რესურსის ნაწილი, ან თავად ვქმნი ადეკვატურ რესურსს. მაგალითად, ვაძლევ ე.წ ნიუსს, როგორც დავალებას, სადაც მათ უნდა იპოვონ რა არის ტყუილი ამ ინფორმაციაში და რა სიმართლე. ნიუსში, როგორც წესი, არის ხოლმე როგორც ფაქტობრივი შეცდომები, ასევე შინაარსობრივი. ისინი ამოწმებენ ინფორმაციას და შემდეგ თავად აკეთებენ ანალიზს რის შემდეგაც მიმართავენ თვითაქტუალიზაციას. ასეთი დავალების მიზანი მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა და საკმაოდ ეფექტურია.
– რას ურჩევდით სხვა მასწავლებლებს, როგორ გამოიყენონ სწორად მედიაწიგნიერება და გავიდნენ ამ კომპეტენციაზე?
– ჩემი რჩევაა, საკითხი აღიქვან სერიოზულად და საფუძვლიანად. გაიაზრონ, რომ დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის გამოწვევაა და ჩვენს მოსწავლეებს სჭირდებათ ცოდნა იმისა, როგორ დაიცვან თავი ამ მავნე რეალობისგან, გაითვალისწინონ პროპაგანდის ფაქტორებიც.
ასევე, ვურჩევ დაბალი სასკოლო ასაკიდან დაიწყონ მცირედით, მსუბუქი სახალისო აქტივობებით. მოსწავლეებს მისცენ ისეთი დავალებები, რომლითაც გაჯეტებზე დამოკიდებულს არ გახდიან და რაც მთავარია, თავადაც გადაემზადონ, იყვნენ ინფორმირებულნი, რადგან ამის გარეშე სასურველ შედეგებზე უბრალოდ ვერ გავალთ.
ასევე იხილეთ:
როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად – 6 სტრატეგია
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება