SANGU-ში თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა
27 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია, რომელიც ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით ჩატარდა, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული აქტუალური გამოწვევების განხილვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას მიეძღვნა.
ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე სესიას, მათ შორის იყო: აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, კერძო სექტორი და კიბერუსაფრთხოება, ქალები კიბერუსაფრთხოებაში, ღია მიკროფონი და კვლევითი პრეზენტაციები. სესიებში ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის, SANGU-სა და NKU-ს აკადემიური პერსონალი, საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თითოეულ პანელს თავისი მოდერატორი და რამდენიმე მომხსენებელი ჰყავდა. SANGU-ს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას კი ჰქონდა შესაძლებლობა, საინტერესო კითხვები დაესვა და ამომწურავი პასუხებიც მიეღო.
კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსაზრება გაგვიზიარა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა. მან EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ SANGU და NKU ერთობლივ უნიკალურ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ.
„კიბერუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ყველაფერი ციფრულ სივრცეშია გადასული – ეკონომიკური, საგანმანათლებლო და ყოფითი პროცესებიც კი. სწორედ ციფრული სივრციდან მოდის გარკვეული საფრთხეები. მომავალი კი მას ეკუთვნის, ვინც ამ საფრთხეების განეიტრალებას შეძლებს. არანაირ პროექტსა და ძალისხმევას მნიშვნელობა არ ექნება, თუ კიბერუსაფრთხოების კუთხით უზრუნველყოფა არ იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენცია ძალიან საინტერესო პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ეს, ფაქტობრივად, უნიკალური პროექტია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის, რომელიც საუკეთესოა ამ სუპერთანამედროვე დარგში – კიბერუსაფრთხოება, გაფორმებულია თანამშრომლობის ხელშეკრულება და ამ მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება. სწავლის პერიოდში სტუდენტები გაემგზავრებიან ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში, სადაც დაესწრებიან ლექციებს, გაივლიან პრაქტიკას და შეხვდებიან ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს. პროგრამის ფარგლებში NKU-ს პროფესორები ეწვევიან სანგუს და ჩაატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებსა და პრაქტიკულ-ლაბორატორიულ აქტივობებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება მაგისტრის ქართული და ამერიკული ხარისხი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო და კომპეტენტური სპეციალისტი მზადდება და ჩვენს ქვეყანას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საკუთარი უმაღლესი დონის სპეციალისტები ეყოლება. ეს ცოდნა უკვე რამდენიმე ნაკადმა გაიარა და სამეცნიერო ხარისხიც მიიღო“, – განაცხადა ირაკლი ბრაჭულმა.
EDU.ARIS.GE-მ კონფერენციის შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება სთხოვა SANGU-ს რექტორის მრჩეველს, ლუკა კურდღელიას. მან ჩვენთან საუბრისას მსგავსი ტიპის ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ SANGU ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც ზოგადად, კიბერუსაფრთხოების თემა ქართული განათლების სისტემაში შემოიტანა:
„წელს, SANGU-მ უკვე მეორედ უმასპინძლა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია. დღევანდელმა კონფერენციამ ეს თანამშრომლობა შეაჯამა. გვყავდა ძალიან მაღალი დონის სპიკერები – პროფესორები და ექსპერტები როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენი სტუმრების მოსაზრებაც ეს არის, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები გამოადგება ქართულ კიბერუსაფრთხოების სივრცეს, ასევე მათი მხრიდანაც ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის გამოცდილების გაზიარება.
მოგეხსენებათ, კიბერუსაფრთხოება დღევანდელ მსოფლიოში – ტექნოლოგიების ერაში, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა საზოგადოებისთვის და მინდა, სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქართული განათლების სისტემაში ეს თემა შემოიტანა. ასევე ვიყავით პირველები, ვინც სამაგისტრო პროგრამა დაგეგმა და რა თქმა უნდა, ვაპირებთ, კიდევ გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა. დღეს კიბერუსაფრთხოების სივრცეში, დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანის მოთხოვნაა და ადამიანური რესურსის ნაკლელობაა. ჩვენც სწორედ ამას მოვერგეთ და მიზანიც ის არის, რომ ქართული საზოგადოება და მთლიანად სახელმწიფო მზად იყოს იმ გამოწვევისთვის, რომელსაც ტექნოლოგიური ერა გვიმზადებს“.
SANGU-სა და NKU-ს პარტნიორობის მნიშვნელობაზე გვესაუბრა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანი კევინ ქირბი. მისი თქმით, კიბერუსაფრთხოება საერთაშორისო მასშტაბის თემაა და საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს, რასაც ორი უნივერსიტეტი ერთობლივად კარგად ართმევს თავს.
„კიბერუსაფრთხოება არის სწრაფად ცვალებადი სფერო და სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ადამიანთა ჯგუფები ერთმანეთს შეხვდნენ და დისკუსია გამართონ. მხოლოდ სტატიების კითხვა საკმარისი არ არის, აუცილებელია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ ინტერაქცია, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ასევე ორი უნივერსიტეტის – SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პარტნიორობა, რომელიც 5-6 წელია, გრძელდება. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის და კარგად ვცვლით აზრებსა და იდეებს. აქედან გამომდინარე, ამ კონფერენციის აქ ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კევინ ქირბიმ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
-
SANGU-ში სტუდენტური კონფერენცია – „ქართველი დიპლომატები“ გაიმართა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, NextGen Business Forum-ი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი







