GE

მეგობრული ურთიერთობები სასკოლო ასაკში – როგორი (არ) უნდა იყოს მშობლის როლი

ავტორი: ნანიკო მურადაშვილი, დაწყებითი პედაგიგიკის მაგისტრატურის სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ კარგი მეგობარი ყველაზე დიდი „საგანძურია“. მეგობარი საჭირო დროს მხარში დაგიდგება, ყველანაირად დაგეხმარება, მუდამ შენი მესაიდუმლე და ერთგული იქნება. ეს ის ადამიანია, რომლის დანახვაც გაბედნიერებს და ერთგვარ შინაგან სიძლიერეს გმატებს.

მეგობრის ყოლის სურვილი პატარა ასაკიდანვე ჩნდება, თუმცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას 7-8 წლის ასაკიდან იძენს. „უმცროს სასკოლო ასაკში მეგობარი „სარკეა“, რომელიც ბავშვს პასუხს სცემს კითხვებზე: როგორი ვარ მე? რა შემიძლია? რა გამომდის ყველაზე უკეთ?“ ბავშვები მეგობრებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არჩევენ. მაგალითად, თუ გოგონას მოსწონს „ბარბები“ და აღმოაჩენს, რომ მის მსგავსად სხვა გოგონასაც მოსწონს ეს თოჯინა, ისინი ერთმანეთს უმეგობრდებიან, ერთად თამაშობენ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებს გარკვეული ღირებულებები უყალიბდებათ, ისინი ურთიერთობებში დაბრკოლებებს, კონფლიქტს აწყდებიან და აქედან გამომდინარე ხშირია, როდესაც მეგობრებს კარგავენ, ან პირიქით, პრობლემის მოგვარების შემდეგ მათ შორის ურთიერთობები უფრო მყარდება.

მშობლები, ძირითადად სასკოლო ასაკიდან, ცდილობენ, რომ ბავშვების ურთოერთობაში ჩაერიონ, შექმნან ისეთი გარემო, რომლის მეშვეობითაც მათი შვილი მათთვის სასურველ მეგობარს დაუახლოვდება. ისინი ხშირად მეგობრებს შორის კონფლიქტის დანახვის დროსაც ერევიან და ცდილობენ საკუთარ შვილს ეს აარიდონ და დაიცვან. ზოგადად, შვილის ურთიერთობებში ჩარევა არაა რეკომენდებული. ბავშვებმა ჯერ თავად უნდა ეცადონ გადაჭრან არსებული პრობლემები. ბუნებრივია უთანხმოებებს ყველა სახის ურთიერთობებში წააწყდებიან და ეს, როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებსაც უნდა ჰქონდეთ გაანალიზებული. ყველაზე საუკეთესო გზა ამ შემთხვევაში მშობლის მხრიდან ბავშვის ისე აღზრდაა, რომ მეგობრობასთან თუ სხვა სახის საკითხებთან მიმართებით მშობლისაგან რჩევებს ითხოვდეს, შემდეგ კი თავად წყვეტდეს იმას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მომავალში.

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ყველას განსაკუთრებული და გამორჩეული თვისებები ახასიათებს. შეიძლება მათი ეს თვისებები განაპირობებდეს კარგ ან ცუდ მეგობრულ ურთიერთობებს. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი მორიდებულია, მასწავლებელს შეუძლია ის აქტიურად ჩართოს ისეთ აქტივობებში, სადაც მუშაობა მიმდინარეობს წყვილებში, ჯგუფებში. აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ინტერესები და შესაძლებლობები. ხშირად უნდა შევეკითხოთ მას რაიმე თემის/საკითხის მიმართ აზრი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილი გაუცნობიერებლად სტიგმატიზაციას უწყობენ ხელს. მაგალითად, მორცხვ ბავშვზე ამბობენ: „ეს ისეთი მორცხვია, გვერდიდან არ მშორდება“, მსგავსი იარლიყები იწვევს ბავშვის დაკომპლექსებას და თავადაც, საკუთარ თავზე, მსგავსი წარმოდგენები უყალიბდება, რაც ხელს უშლის მეგობრებთან ურთიერთობასაც.

განვიხილოთ სხვა შემთხვევაც: თუ ბავშვი ხშირად საკუთარ ნივთებს სხვებს ჩუქნის იმ მიზნით, რომ „მეგობრობა იყიდოს“, ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ მას დაბალი თვითშეფასება აქვს. ამ დროს აუცილებელია ის ისეთად მივიღოთ, როგორიც არის, შეგვიძლია მეტი ყურადღება დავუთმოთ გარკვეული სოციალურ-ემოციური უნარების გაუმჯობესებასაც, რომლის მეშვეობითაც აუმაღლდება თვითშეფასება. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი პირიქითაა, არავის ათხოვებს ან ჩუქნის სათამაშოებს, როდესაც თავად ეს არ სურს, ამ დროს დაძალება არაა გამოსავალი, რადგან ეს ნივთები უმეტესწილად „მე“ კონცეფციის ნაწილია. ამ დროს ყველაზე საუკეთესო გზაა, რომ ბავშვებს მშობლებმა უჩვენონ საკუთარი ურთიერთობების ფონზე მეგობრობის მაგალითი. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი მუდმივად აგრესიას ავლენს მეგობრების მიმართ, საჭიროა დავადგინოთ ჯერ რა მიზნით ხდება ეს კონფლიქტი, ყოველთვის ერთი და იგივე სცენარით ხომ არ ვითარდება? ამის შემდეგ კი აუცილებელია ავუხსნათ მას, რომ მუდმივი აგრესიით შესაძლოა მეგობრები დაკარგოს, რომ სხვებსაც ისე უნდა მოექცეს, როგორც თავად სურს, რომ ექცეოდნენ. თუ ბავშვი აგრესიას აღარ გამოავლენს აუცილებელია, ამგვარი ქცევის წახალისებაც ხდებოდეს. შესაძლებელია, მასწავლებელმა ამ დროს მიმართოს ქეისებით/სიტუაციური ამოცანებით სწავლებას. მოიფიქრეთ რაიმე მსგავსი სცენარი სხვა პერსონაჟებით და მთლიანად კლასთან განიხილეთ, დასვით სადისკუსიო შეკითხვები და დააფიქრეთ ბავშვები ამგვარ ქცევაზე.

რატომ ხდება ბავშვი აგრესიული? ძირითადი და მთავარი მიზეზი: ბავშვი თუ მშობლების ან სხვა თანატოლების აგრესიულ ქცევას ხედავს, ისიც მომავალში იგივეს გაიმეორებს, შესაბამისად გარემო ბავშვზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ სასკოლო ასაკში ბავშვებს ის საჭირო სოციალურ- ემოციური უნარები გამოვუმუშავოთ, რომლებიც დაეხმარებათ მათ საკუთარი ემოცების მართვაში, აზრის სწორად გამოხატვაში, რომლის მეშვეობითაც თავიდან აირიდებენ მეგობრებთან კონფლიქტურ სიტუაციებს.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ ცალკე PDF ფაილად რამდენიმე აქტივობა სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისთვის:

ემოციური უნარების განვითარება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური