GE

„​მერჩივნა უნარების გამოცდა ჩამებარებინა და მათემატიკაზე ამდენი არ მეწვალა“ ​- შეფასებები მათემატიკის გამოცდიდან

დღეს აბიტურიენტები გამოცდას ისევ მათემატიკაში წერენ. წელს აღნიშნული საგნის გამოცდაზე 12 660 -ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

მათემატიკის გამოცდა გუშინ დაიწყო და 2 დღეა ერთ სესიად მიმდინარეობს. ჯამში, ამ ორი დღის განმავლობაშ რამდენი აბიტურიენტი არ გამოცხადდა საგამოცდო ცენტრში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით, რომ დღეს მათემატიკის გამოცდაზე 5%-ზე მეტი აპლიკანტი არ/ვერ მივიდა, არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

როგორც ცნობილია, წელს მათემატიკაში ბარიერი დაწეულია. მათემატიკის მინიმალური ზღვარი მაქსიმალური ქულის 20% იქნება, 25%-ის ნაცვლად. ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური გამსვლელი ქულები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა და აპლიკანტებს მხოლოდ ამ პროცენტული მაჩვენებლით შეუძლიათ იხელმძღვანელონ. გამსვლელი ქულები კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოში გათანაბრებულ ქულებთან ერთად გახდება ცნობილი.

დღეს გამოცდიდან გამოსულ აპლიკანტებს მათემატიკის საკითხების გარდა, მინიმალური გამსვლელი ქულის დაგვიანებით გამოქვეყნებაზეც ვკითხეთ აზრი:

აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “საშუალო სირთულის იყო. გუშინ როგორც შეგვაშინეს, ეგეთი არ აღმოჩნდა. პროგრესიები მოვიდა, დიაპაზონები. დახურული კითხვები, რომლებიც უნდა შემოგეხაზა, სასკოლო მათემატიკიდან იყო და არ გამჭირვებია. უმაღლესი მათემატიკიდან ამოცანები მოვიდა. ერთ-ერთი ბოლო ამოცანა ფართობზე იყო: ა და ბ ჯგუფი ერთი და იმავე ფართობს სხვადასხვა სიჩქარით ამუშავებდა. ერთმა ერთი საათით ადრე დაამთავრა და უნდა გაგეგო ფართობიც და სიჩქარეც. საერთოდ ჯამში, იყო რთული დავალებებიც და მარტივებიც, მისახვედრი რომაა და ამოხსნაც არ სჭირდება. წელს წინასწარ გამსვლელი ქულა არ დასახელდა, მაგრამ ვფიქრობ არც აქვს მნიშვნელობა. ბოლოს ხომ მაინც გაირკვევა ჩემი ქულაც, გამსვლელი მინიმუმიც და ისიც ჩავაბარე თუ არა და წინასწარ რა საჭიროა.”

აპლიკანტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან:“უფრო რთულს ველოდი, რადგან ბოლო წლებში გამოყენებულ ტესტებს ვაკეთებდი და ისინი უფრო მერთულებოდა. აქ ბევრი ნაცნობი საკითხი შემხვდა. გეომეტრიისან ნაკლებად მოვიდარ საკითხები, უფრო არითმეტიკა, ასევე იყო კითხვები სიჩქარეებზე, ფართობებზე. ორქულიანებში კარგი კითხვები შემხვდა. კარგად ამოვხსენი. ბოლო, 4-ქულიანი ამოცანების დამწერი არ ვიყავი, მაგრამ ვინც იცოდა, წესით, დაწერდა. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება იმას, რომ წელს გამსვლელი ქულები წინასწარ არ ქვეყნდება, ვფიქრობ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე მაინც იმის მაქსიმუმს დავწერდი, რაც ვიცი. არ ვიფიქრებდი რომ გამსვლელი ქულა უკვე აღებული მაქვს და მეტის დაწერა აღარ მჭირდება-მეთქი. ჩემი მიზანი ბარიერის გადალახვა არ არის. საბოლოოდ ხომ მაინც ყველაფერი გაირკვევა.”

გიორგი შინდელიშვილი, 39-ე სკოლის საგამოცდო ცენტრი: “არ იყო რთული ტესტი, გასული წლის ტესტები უფრო რთული იყო, ყველას გავეცანი და ნამუშევარი მქონდა. სულ ბოლო 4-ქულიანი საკითხი იყო ძალიან რთული სისტემებზე და პროცენტებზე და ძალიან გამიჭირდა, სხვა მხრივ ყველაფერი მისაღები და ნორმალური იყო და მგონია ,რომ კარგად ვიმუშავე. ვინც ნამეცადინები იყო არ გაუჭირდებოდა არანაირად. ისე მერჩივნა ზოგად უნარებში მქონოდა გამოცდა ამ კუთხით უფრო მომზადებული ვიყავი. საგამოცდო საგნების ცვლილება რომ მოხდა, მათემატიკაზე შემდეგ გადავერთე და ამ ფონზე ვფიქრობ ცუდი შედეგი არ უნდა დავდო, ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს. საგამოცდო ცენტრში გარემოს რაც შეეხება მუშაობის მხრივ არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორები არ გვქონია, ყველა ძალიან ყურადღებიანი იყო, არსებული უსაფრთხოების ზომებიც ჩემთვის მისაღებია, შეიძლება არასერიოზულად ვუყურებდეთ ამ ვირუსს, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით რეკომენდაციების დაცვა ჯობია.”

აბიტურიენტი 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “არ იყო მარტივი გამოცდა, მაგრამ ყველა ტესტი გავაკეთე და იმედია, სწორი პასუხები მექნება შემოხაზული. ალგებრიდანაც იყო საკითხები, გეომეტრიიდანაც, ველოდები ტესტებს, რომ გამოქვეყნდება უნდა შევადარო. გითხრათ სიმართლე, მერჩივნა უნარების გამოცდა ჩამებარებინა და მათემატიკაზე ამდენი არ მეწვალა. ჯამში ვერ ვიტყვი რომ რთული ტესტი იყო, ბავშვი თუ მომზადებულია გააკეთებს, თუ არა ბუნებრივია გაუჭირდება. ჩემი სექტორიდან 45 წუთის მერე გავიდა ბიჭი, ვარაუდით შემოვხაზეო ჩაილაპარაკა, არ იცოდა ეტყობოდა.”

აბიტურიენტი 39-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “დავწერე,მაგრამ 4-ქულიანები ცოტა რთული იყო, ყველა ვერ გავაკეთე, 2 მახსოვს,რომ ბოლომდე დავწერე. ეს ოთხქულიანები ცილინდერბზე და კონუსებზე იყო ტრიგონომეტრიიდან. ემოციებში ვარ და სხვა საკითხების ასე კონკრეტულად გახსენება მიჭირს, თითქმის ყველა მიმართულებიდან იყო კითხვები და ამოცანები. გეომეტრიული პროგრესიიდანაც მახსოვს, ტრაპეციაზე იყო გავლებული შუა ხაზი და უნდა გაგვეგო ფუძეები. ერთი სიტყვით მაღალქულიანები უფრო რთული იყო და ერთ და ორქულიანები მარტივი და მე ადვილად გავაკეთე. ზოგადად ტესტის სირთულე რომ შევაფასო, მათემატიკა ადვილი არავისთვის არაა, ალბათ, ვუნდერკინდი უნდა იყო, რომ უცებ, მუშაობის გარეშე უშეცდომოდ გააკეთო 40 საკითხი. თუ გინდა რომ უმაღლესი სასწავლებლის ღირსი გახდე, ასეთი გამოცდა უნდა ჩააბარო, ჩემი პოზიცია ასეთია.”

ნიკა ქურციკიძე, 207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “მარტივი იყო, არც მიმეცადინია, უბრალოდ გუშინ გადავხედე. ვინც ემზადება იმას მით უმეტეს არ უნდა გაუჭირდეს, მთლიანად სკოლის პროგრამაა. 4-ქულიანი ამოცანები არ გამიკეთებია, დანარჩენი ყველა დავწერე. ერთქულიანებში განტოლებები არ იყო, გეომეტრიაც და ალგებრაც თანაბრად მომეჩვენა რომ იყო ტესტებში. ზოგად უნარებსაც ვაბარებ და მერჩივნა სამი სავალდებულო ყოფილიყო როგორც იყო და მათემატიკა არჩევითი, მაგრამ არც ასეა პრობლემა. ბიზნესის ფაკულტეტზე ვაბარებ და მგონი არც გამიჭირდება.”

აპლიკანტი 207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ბოლო ამოცანები უფრო გამირთულდა, მაგრამ გუშინდელთან შედარებით მგონი უფრო ადვილი იყო. როგორც ჩემი მეგობრების გამოცდიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ. უფრო მეტი ამოცანა იყო გეომეტრიიდან, იყო ფართობებზე. თავიდან, რა თქმა უნდა, 1-ქულიანები უფრო მარტივია და ვინც ემზადება არც უნდა გაუჭირდეს. მე ისტორიაც ჩავაბარე და მათემატიკაც და ვერ ვიტყვი რომ ისტორია ვინც ჩააბარა იმას უფრო მარტივი ტესტი ჰქონდა და მათემატიკა გაართულეს. ორივე სკოლის პროგრამა იყო და განსაკუთრებული სირთულის ნამდვილად არ მომჩვენებია.”

აპლიკანტები გამოცდას ხვალ, 16 ივლისს, ბიოლოგიაში ჩააბარებ. შემდგომ დღეებში კი მათ კიდევ ერთი ძიროთადი გამოცდის – უცხო ენების ჩაბარება მოუწევთ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური