GE

აბიტურიენტებს მინიმალური გამსვლელი ქულები წინასწარ არ ეცოდინებათ – როდის გამოქვეყნდება ქულები

2020 წლის აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებას აგრძელებენ და დღეისათვის მათი მთავარი კითხვა მინიმალურ გამსვლელ ქულებს ეხება. მათ აინტერესებთ, იმ სავარაუდო მოლოდინის გათვალისწინებით, რა ქულებსაც შედეგად ვარაუდობენ, ექნებათ თუ არა გადალახული ბარიერი. აქამდე, გასული წლის აბიტურიენტებს ამის დადგენის საშუალება ჰქონდათ, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მინიმალური გამსვლელი ქულები გაზაფხულისთვის უკვე ცნობილი იყო.

მინიმალური გამსვლელი ქულები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გასულ წლებში ყოველთვის გაზაფხულზე ქვეყნდებოდა და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს კითხვით მივმართეთ. EDU.ARIS.GE-ს კითხვა ასე ჟღერდა: რამ განაპირობა, რომ ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა მინიმალური გამსვლელი ქულები, როდის გამოქვეყნდება და იქნება თუ არა რადიკალური ცვლილებები წინა წლებისგან განსხვავებით გამსვლელ ქულებში და რატომ?

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით ირკვევა, რომ 2020 წლის აბიტურიენტებს მინიმალური გამსვლელი ქულები წინასწარ არ ეცოდინებათ, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა და ცენტრის განცხადებით ამას კონკრეტული მიზეზი აქვს.

გამოცდების ცენტრი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამოქვეყნებულია თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულა და გამსვლელი პროცენტული ზღვარი, რომელიც წინა წლების მგავსად მხოლოდ გათანაბრებულ ქულებს შეეხება. ამ მონაცემებით აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, თავად გამოთვალონ გამსვლელი ქულა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათანაბრებული ქულები ცნობილი იქნება.

“წელს ცენტრმა გადაწყვიტა, წინასწარ არ გამოაქვეყნოს გამსვლელი ქულა იქედან გამომდინარე, რომ წინა წლებში გამსვლელი ქულის გამოცხადება დაბნეულობას იწვევდა იმ აბიტურიენტებში, რომლებსაც, მაგალითად, მხოლოდ  მიღებული ნედლი ქულის მიხედვით დააკლდათ ერთი ქულა გამსვლელ ქულამდე, თუმცა გათანაბრების შემდეგ ეს ბარიერი გადალახეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტს ეგონა, რომ ჩაიჭრა ერთიან ეროვნულ გამოცდაში შემდეგი მიზეზით – საგნობრივ ტესტში მიღებული გათანაბრებული ქულის ნაცვლად,  აბიტურიენტი ტესტში მიღებულ ნედლ ქულას ადარებდა ცენტრის მიერ გამოცხადებულ გამსვლელ ქულას.

როგორც ამას ეროვნული გამოცდების წესები განსაზღვრავს, ბარიერის გადალახვა-არ გადალახვა დგინდება მხოლოდ გათანაბრებულ ქულებზე დაყრდნობით (და არა ნედლი ქულების საშულებით). გათანაბრების შედეგად, ტესტში მიღებული ქულა ზოგჯერ აღემატება ნედლ ქულას და მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შეასრულეს შედარებით რთული ვარიანტი.

ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად წელს ცენტრმა გადაწყვიტა, წინასწარ მხოლოდ პროცენტული ზღვარი გამოაცხადოს, ხოლო გამსვლელი ქულა მაშინ გაცხადდეს, როცა აბიტურიენტებს გათანაბრებულ ქულებზე ექნებათ ინფორმაცია”, – განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ამავე თემაზე:

სკალირება და გათანაბრება – განმარტება

როგორ ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლა

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური