GE

მესამე თაობის ესგ-ის დანერგვის ვადები – რაზე მუშაობს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც გაწერილია ის საკითხები, რაზეც დეპარტამენტი 2021-2022 სასწავლო წელს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მუშაობს. დეპარტამნტის განმარტებით, ეს წელი ზემოაღნიშნული პროცესისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის წელია.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში 16 მოემბერს განუმარტეს, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სრულად სკოლებში 2024-2025 წელს შევა. იქამდე კი, საფეხურეობრივი პროცესით წარიმართება. კერძოდ, მიმდინარე სასწავლო წელი, პირველი ეტაპი მოიცავს იმ ტექნიკურ მოსამზადებელ პროცესს, რაზეც ზოგადი განათლების დეპარტამენტმა ინფორმაცია გამოაქვეყნა. პარალელურ რეჟიმში დაწყებულია დაწყებითი საფეხურის გადახალისება და გამოცხადდება სახელმძღვანელოების გრიფირებაც. კლასების მიხედვით კი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებში ამ განრიგით უნდა შევიდეს:  2022-2023 სასწავლო წელი – მე-10 კლასი, 2023-2024 სასწავლო წელი – მე-11 კლასი და 2024-2025 სასწავლო წელი მე-12 კლასი.

მესამე თაობის ესგ-ის დანერგვა – პირველი ეტაპის სამუშაოები:

1. დაწყებითი საფეხურის სტანდარტების რევიზია:

ახალ სტანდარტებში აისახება ბოლო პერიოდის გამოწვევები და სკოლებთან მუშაობის შედეგად მიღებული გამოცდილება. გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში სტანდარტზე დაფუძნებით განახლდება სახელმძღვანელოები და 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებს განახლებული სახელმძღვანელოები მიეწოდებათ.

2. საშუალო საფეხურის ახალ კონცეფციაზე დაყრდნობით საგნობრივი სტანდარტებისა და მასზე დაფუძნებული სახელმძღვანელოების შემუშავება:

საშუალო საფეხურის ახალი სტანდარტები გულისხმობს დიფერენცირებულ, მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ სწავლა-სწავლებას. მისი დანერგვის მიზნით, ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა დანერგვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. საშუალო საფეხურის განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო რესურსები. შესაბამისად, ავტორ-გამომცემლები უკვე მუშაობენ მე-10 კლასის საგანმანათლებლო რესურსებზე შემდეგი მიმართულებებით:

  • სავალდებულო საგნები (მათ შორის, ინტეგრირებული საგნები)
  • გაძლიერებული კურსები (განკუთვნილი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებთ ესა თუ ის საგნობრივი მიმართულება)
  • პროექტული აქტივობები (ხელოვნების, მუსიკისა და სამოქალაქო განათლებისთვის)
    გარდა ამისა, მზადდება რესურსები მრავალფეროვანი არჩევითი საგნებისთვის.
    აქტიურ ფაზაშია სკოლებთან მხარდამჭერი ჯგუფების საკონსულტაციო შეხვედრები. საგნობრივი ექსპერტების შეხვედრები სასკოლო საზოგადოებასთან შემდეგი ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს:
  • კომპლექსური დავალება
    (განიხილება კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო პრინციპები და ესგ გრძელვადიანი მიზნები)
  • განმავითარებელი შეფასება
    (განიხილება სასწავლო პროცესში მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და მასწავლებლების თვითშეფასებასთან დაკავშირებული საკითხები)
  • სასკოლო პროექტი (განიხილება საგანმანათლებლო ლიდერობასა და სკოლის საორგანიზაციო კულტურასთან დაკავშირებული საკითხები)
  • სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება
    (გულისხმობს ორიგინალური, სკოლის საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული კურიკულუმის შექმნას).

3. ამ პროცესის მხარდასაჭერად იქმნება სახელმძღვანელოზე დაფუძნებული ვიდეო-გზამკვლევები,. ასევე მეთოდოლოგიური გზამკვლევების განახლებული ვერსიები და დანერგვის სხვა ინსტრუმენტები, რომელიც მასწავლებლებს დაეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების რეალიზებაში.

4. IV, VI და IX კლასების მოსწავლეებისთვის მზადდება სადიაგნოსტიკო ტესტები

5. მიმდინარეობს თანამშრომლობა სასწავლო პროცესის მართვის სისტემის (Learning Management System – LMS) განვითარებაზე

6. UNICEF-ის მხარდაჭერით იქმნება რესურსები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლის ემოციურ-სოციალურ განვითარებას

7. ესტონურ მხარესა და იუნისეფთან თანამშრომლობით, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 100 სკოლაში მიმდინარეობს ტრენინგები მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე, საკლასო მენეჯმენტზე, სასწავლო რესურსების განვითარებაზე, განმავითარებელ შეფასებაზე და სხვა; იქმნება სპეციალური ქსელები და პლატფორმები ესტონელი და ქართველი ექსპერტების მიერ ერთმანეთისთვის იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით

8.ხორციელდება პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას ეროვნულ უმცირესობათა სკოლებში. ამ პროგრამის ფარგლებში:

ა) ყალიბდება ორენოვანი მხარდამჭერი ჯგუფები, რომლებიც სპეციალური მომზადებას გადიან განათლების და სამინისტროს ექსპერტებთან, თარგმნიან რეფორმის ფარგლებში შექმნილ რესურსებს და სკოლებს ადგილობრივად ეხმარებიან მშობლიურ ენებზე რეფორმის მოთხოვნების განხორციელებაში;

ბ) ორენოვანი წიგნიერების დაუფლების ხელშესაწყობად, მშობლიური ენის შენარჩუნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლების გაძლიერების მიზნით ყალიბდება ორენოვანი მხარდამჭერი ჯგუფები, რომლებიც საპილოტე სკოლებს ეხმარებიან ბილინგვური განათლების დანერგვაში.

ასევე იხილეთ:

რატომ ურთულდებათ კომპლექსური დავალება მოსწავლეებსა და მშობლებს? – „მასწავლებელი ცოდნის აგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური