მეხილის პროფესიული განათლება – გამოწვევები და წარმატებული მაგალითები
საქართველოს ნამდვილად აქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანისა და წარმოების პოტენციალი და ამაზე არავინ დავობს, თუმცა სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებას არ აფასებს და ბაზარზე კვალიფიციური კადრის დეფიციტი ჩნდება. როგორც EDU.ARIS.GE – ს ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი უყვება, მეხილეობის მიმართულებაც არ არის გამორჩეული და საქართველო ამ კუთხითაც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რის მიზეზადაც სპეციალისტი შესაბამისი განათლების პროფესიული კადრის ნაკლებობასა და სახელმწიფო პოლიტიკას ასახელებს.
„ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში იმპორტზე შემოდის გაცილებით მეტი პროდუქცია, ვიდრე გადის. ცხადია, არის გარკვეული პოზიციები, რომელშიც ჩვენ ექსპორტიც შეგვიძლია, სეზონების მიხედვით და ერთ-ერთი ასეთია ხილიც. მაგალითად ვაშლი, რომელიც სხვა ქვეყნებში გაგვაქვს, მეტწილად რუსეთში გადის, თუმცა ხილის დიდი რაოდენობა საქართველოში შემოდის ირანიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვხვდებით და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ არ გვყავს შესაბამისი განათლების მქონე პროფესიული კადრი და არ გვაქვს სახელმწიფოს პოლიტიკის ხელშეწყობა“, – გვიხსნის ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის ხელმძღვანელი.
ჩვენს კითხვაზე, რას და როგორ ცვლის შესაბამისი კადრის არსებობა და მათი პროფესიული განათლების მხარდაჭერა, სპეციალისტი ამბობს, რომ პროფესიონალი კადრები აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და ადგილობრივ წარმოებას.
„მაგალითისთვის, ჩვენ თუ მოვიყვანთ ნაკლებ მოსავალს, შესაბამისად, ეს პროდუქციაც გაძვირდება და ხარისხიც დაიკარგება, არაკონკურენტუნარიანები გავხდებით. ამ ყველაფერს კი კვალიფიციური კადრი სჭირდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგია დაინერგოს. რასაკვირველია, კადრებთან ერთად, სჭირდება შესაბამისი ფინანსები და სახელმწიფოს ხელშეწყობა. შედეგი, შესაბამისი კადრისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით იქნება შემდეგი: ჩვენი პროდუქცია იქნება მაღალხარისხიანი, რაოდენობრივად მეტს მოვიყვანთ ერთეულ მონაკვეთზე და ამიტომ, კონკურენტუნარიანები ვიქნებით და შესაბამის ბაზრებზეც გავალთ. მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ხელშეწყობა, რათა ამ ეტაპამდე მივიდეთ და ადგილობრივი წარმოება სუსტი არ იყოს“, – აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
რას აკეთებს სახელმწიფო იმ პრობლემების აღმოფხვრისათვის, რაზეც ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრა, რას და როგორ ასწავლიან მეხილეობის პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტებს და აკმაყოფილებს თუ არა სწავლა-სწავლების სტანდარტი, სფეროში პროფესიონალი კადრების მოთხოვნას, ამ საკითხებზე პასუხების ამოკითხვის შესაძლებლობას ჩვენს მეორე რესპონდენტთან ვრცელი საუბარი გვაძლევს, რომელმაც მეხილეობის სფეროში დასაქმებულ კურსდამთავრებულთა წარმატების მაგალითებიც გაგვაცნო და აგვიხსნა, როგორ შეუძლიათ სტუდენტებს მიღებული ცოდნის გამოყენება.
მაია თევზაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის მეხილეობის სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი: ჩვენს სასწავლებელში მეხილეობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. დაინტერესებულნი არიან არამხოლოდ ის პირები, ვისაც სურს საკუთარი ხეხილის ბაღის გაშენება, მათი მოვლის წესების გაცნობა, სხვლა-ფორმირებისა და მყნობის ხერხების შემეცნება, არამედ ისინიც, ვისაც უკვე აქვს ბაღი და სურთ, უფრო მეტი ისწავლონ თეორიულად. მსურველთა ასაკი ნამდვილად მრავალფეროვანია, მხოლოდ უფროსი თაობა არ არის დაინტერესებული და ახალგაზრდები, რომლებსაც მაგალითად სურთ, საოჯახო ბიზნესი გააგრძელონ ან წამოიწყონ, აქტიურად სწავლობენ ჩვენს პროგრამაზე.
რაც შეეხება საკითხს, რას ვასწავლით:
- სწავლობენ ნიადაგის ნიმუშების აღების წესსა და საკვები ელემენტების განსაზღვრას;
- შრომის ჰიგიენის დაცვას;
- კრიტიკული სიტუაციების მართვა ხეხილის ბაღში;
- ხეხილის სხვლა ფორმირებას;
- ხეხილის კალმების დამზადებას; პარაფინების ცოდნას; კალმების დაფესვიანებას;
- საძირეს აღზრდას, მყნობას, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვას;
- აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას-ბაღის გაშენება, ხილის მოსავლის აღება და
ტრანსპორტირება, დახარისხება და ჩალაგება ტარაში სტანდარტის მიხედვით.
– როგორ გამოიყენებს კურსდამთავრებული ამ ცოდნას პრაქტიკაში, რა შეეძლება მას თქვენი პროგრამის გავლის შემდეგ?
– ამ პროგრამის კურსდამთავრებულს უკვე შეუძლია, იყოს ინდივიდუალური ან გლეხური მეურნეობის მფლობელი და ადეკვატურად დაგეგმოს მისი განვითარება. შეისწავლოს სასოფლო-სამეურნეო ბაზარი და გააკეთოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მომხმარებელთა მოთხოვნის პროგნოზი, შეადგინოს უკვე შესწავლილი ბიზნეს გეგმა. შეუძლია ეკოლოგიური და შრომის მოთხოვნების დაცვა და პროდუქციის ხარისხისა და სიჯანსაღის ამოცნობა.
– როგორია ამ მიმართულებაში დასაქმების მაჩვენებელი თქვენი კოლეჯის მაგალითზე, უხვად გაქვთ წარმატებული მაგალითები?
– ჩვენი კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა დანადგარებით, ყველა პირობაა სტუდენტისათვის, რომ სრულფასოვანი პროფესიული განათლება მიიღოს და თეორიულ სწავლასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშაოს. ჩემი პროგრამის მაგალითზე გეტყვით: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა მეხილეობაზე ისწავლება უცხო ენა, სამეწარმეო საქმიანობა, რათა სტუდენტმა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თავად შეძლოს საქმიანობის წამოწყება, გახდეს ინდივიდუალური მეწარმე და დაასაქმოს სხვაც.
ამგვარად, კურსდამთავრებული სტუდენტები პროფესიულ საქმიანობას აგრძელებენ. მეხილეობის პროგრამის ჩვენმა კურსდამთავრებულმა, ვასილ ხუნაშვილმა, კახეთში გააშენა კურკოვანი კულტურების ბაღი და დასაქმდა ოჯახით, ახლობლებით. კიდევ ერთმა მეხილეობის პროგრამის კურსდამთავრებულმა, მარიამ მახარაშვილმა კი, სოფელ ჯიღაურაში კენკროვანი კულტურები გააშენა და სოფელში მცენარეთა დაცვის პრეპარატების სერვისის გახსნაზე მუშაობს. მეხილეობის სტუდენტმა, თბილისელმა გიორგი მეგრელიძემ, გასულ წელს გადაწყვიტა, სოფლის მეურნეობის შესახებ, ყველაფერი ჩვენს კოლეჯში შეესწავლა. ამჟამად, მომზადებული აქვს ბიზნეს გეგმა და გურიაში თხილის ბაღების გაშენებას გეგმავს. სოფელ ნატახტარში, კიდევ ერთმა ჩვენმა სტუდენტმა, კოლეჯში მიღებული ცოდნით და პრაქტიკული უნარებით გააშენა ხეხილის ბაღი, სხვადასხვა ჯიშებით. წელს პირველად, წინამძღვრიშვილის კოლეჯში, საწარმოო პრაქტიკის მენეჯერის თაოსნობით, მოეწყო ვორკშოპი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის -ხეხილის ბაღის სხვლა და ფორმირება.
– რამდენად დიდი როლი აქვს სასურველი კადრის არსებობას საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის?
– რასაკვირველია, უდიდესი როლი აქვს. ამ სფეროს განვითარება წარმოუდგენელია კვალიფიციური კადრის ყოლის გარეშე. საქართველოში იმდენად ნაყოფიერი მიწებია, ყველა პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ხილის ექსპორტიორი ვიყოთ.
– რას უპასუხებთ მოსაზრებას, თითქოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები პროფესიულ სტუდენტზე მაღალ საფეხურზე არიან
– მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულით დაინტერესებულია სახელმწიფო, კერძო სექტორი. კოლეჯში არის ინტეგრირებული სწავლება სხვადასხვა პროფესიებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კურსდამთავრებული, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, აიღებს დიპლომს, რომელიც საშუალო განათლების ატესტატთან არის გათანაბრებული და ეს უკვე აძლევს შესაძლებლობას, სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშიც განაგრძოს. ამასთან, იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი მსმენელების უმრავლესობას უკვე აქვს უმაღლესი განათლება და ამის შემდეგ მოგვმართავენ ჩვენ, რათა მიიღონ პროფესიული განათლება, რადგან თავიანთი გამოცდილებით ხვდებიან, რომ დასაქმებისთვის ეს უმოკლესი გზაა.
ასევე იხილეთ:
„მშობლები ეუბნებიან შვილებს, რომ თუ არ ისწავლიან პროფესიულ კოლეჯში გაუშვებენ, ეს უნდა შეიცვალოს”
მოამზადა მზეო შველიძემ
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- გამოქვეყნდა უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების განრიგი და დავალებათა ნიმუშები by პროფესიული განათლების ამბები
- 20 საჯარო სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო by პროფესიული განათლების ამბები