GE

მგონი, გაკვეთილზე მოქცევა დაგვავიწყდა, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ! – როგორი ემოციებით დაბრუნდნენ მოსწავლეები გახსნილი სკოლებიდან

სასწავლო პროცესი დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დასწრებულ რეჟიმში განახლდა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები თითქმის 4 თვის, ხოლო უფროსკლასელები ერთწლიანი იძულებითი სახლში ყოფნის შემდეგ სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდნენ.

EDU.ARIS.GE-მ ის ემოციები შეაგროვა, რომლებიც თბილისელ, ქუთაისელ და რუსთაველ მოსწავლეებსა და მათ მშობლების სკოლის გახსნის დღეს ჰქონდათ.

გიორგი პაპიძე, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე: ძალიან მიხარია სკოლის დაწყება და სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება, განსაკუთრებით მიხარია მეგობრების და მასწავლებლების ნახვა. დღეს განვლილი გაკვეთილები შევაჯამეთ, ვისაუბრეთ რას ვაკეთებდით სახლში ყოფნის დროს და მასწავლებელს დავპირდით, რომ კარგად ვისწავლით. აღარ მინდა ისევ ონლაინ გაკვეთილები დაბრუნდეს, ამიტომ წესებს დავიცავ. ვფიქრობ, რომ საკლასო ოთახებში უფრო მეტ რამეს ვსწავლობთ, ვიდრე ონლაინ გაკვეთილებზე. ვულოცავ ყველა მოსწავლეს სწავლის დაწყებას.

ალექსი ფარცვანია, თბილისის 77-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე: სკოლა და კლასში ჩატარებული გაკვეთილები ძალიან მომენატრა, მიხაროდა თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა. ამ დროის განმავლობაში დისტანციურად ვსწავლობდით და მეგობრებთან ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდიდი. ჩემი კლასიდან მხოლოდ ერთი მოსწავლე დარჩა დისტანციურ სწავლებაზე, დანარჩენები დღეს ყველანი ვიყავით. ყველას უხარია სკოლაში სიარული და მონატრებული მეგობრების ნახვა. რაც შეეხება პირბადეს, მე ვარ მეექვსე კლასელი, შესაბამისად, გაკვეთილებზეც გვიკეთია ნიღაბი, ასევე მასწავლებლებსაც. ჩემთვის პირადად, ძნელი არ არის, უკვე შეჩვეული ვარ მის ტარებას. დღევანდელი დღეც ჩვეულებრივად ჩატარდა, განსხვავებით იმისა, რომ დილას ჩაგვიტარდა თერმოსკრინინგი. სხვა მხრივ, ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი იყო.

ბარბარე კაპანაძე, მე-7 კლასის მოსწავლე: არ მახსოვს, პირველ კლასში რომ წავედი ზუსტად რა გრძნობა იყო, მაგრამ მგონი ეს უფრო მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან მინდოდა სკოლაში სიარული. პირველ სემესტრში ამის საშუალება არ მოგვეცა, მართალია, რთულია პირბადით ჯდომა მთელი 6 გაკვეთილი, მაგრამ სახლში ყოფნას მირჩევნია. დილით სიცხე გაგვიზომეს, პირბადე არ მოგვიხსნია, გაკვეთილებიც ჩვეულ რეჟიმში ჩაგვიტარდა. სახლის რეჟიმს ვართ მიჩვეული და, ალბათ, ცოტა გაგვიჭირდება, მგონი გაკვეთილზე მოქცევაც დაგვავიწყდა, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ, ისევ ონლაინ სწავლებას თუ არ დავუბრუნდებით ყველაფერს მალე გავიხსენებთ.

ილია გოცირიძე, თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე: სკოლაში რომ წავედი ძალიან გამიხარდა, დილით ადრე დედამ გამაღვიძა და ეგ გამიჭირდა უფრო, მერე გამახსენდა რომ კლასელები და მასწავლებელი ძალიან მომენატრა და აღარ დამზარებია. მასწავლებელმა აგვიხსნა როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ უნდა დავიცვათ დისტანცია, თუ გვინდა პირბადეც გვეკეთოს. ონლაინ სწავლებაზე დაბრუნება აღარ მინდა, სკოლაში სპორტის გაკვეთილებიც კარგად ჩაგვიტარდება და უფრო გავერთობით, უფრო კარგად ვისწავლით ვიდრე ტელეფონით და კომპიუტერით.

ანამარია ცხოვრებაძე, მე-9 კლასის მოსწავლე: უკვე იმდენად მივეჩვიე სახლიდან სწავლას, სკოლაში თავს უხერხულადაც კი ვგრძნობდი, მაგრამ სკოლაში მიღებული ცოდნა, დისტანციურად სწავლას ვერც შეედრება. თან უკვე უფროსკლასელი ვარ, ბევრს საგანს გავდივარ და მასწავლებელთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა შეზღუდული გვქონდა ურთიერთობა კლასელებთან, რომლებიც ძალიან მომენატრნენ, პირბადის ტარება უკვე აღარც მიჭირს ისედაც ყოველდღე მიწევს გამოყენება, იმედი მაქვს, რომ სკოლას ისე დავასრულებთ აღარ მომიწევს ონლაინ სწავლა და მალე არც პირბადის ტარება, სიცხის გაზომვა და ა.შ. იქნება საჭირო.

ემოციური დღე ჰქონდათ მშობლებსაც, რომლებსაც მასწავლებლებთან ერთად, არანაკლები სირთულეების გადალახვა მოუწიათ და რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ შვილების სკოლაში დაბრუნებას.

თამთა აბრამიძე: „ორი შვილი მყავს პირველკლასელი და მერვეკლასელი. პატარა იყო სკოლაში დღეს და ძალიან ბედნიერი მოვიდა, თქვა რომ, რამდენიმე ბავშვი იცნო კომპიუტერიდან და დამეგობრდნენ. რაც შორიდან ჩანდა, სკოლა მაქსიმალურად ცდილობს რეგულაციების დაცვას. დილით დაგვიბარეს გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე, რომ თერმოსკრინინგის გავლა მოესწროთ. მოსწავლეები იდგნენ სკოლის ეზოში რიგში, დისტანციის დაცვით და ელოდებოდნენ ტემპერატურის გაზომვას. როგორც ბავშვმა ამიხსნა არიან სულ ჯგუფში, შესვენებაზეც სხედან საკუთარ ადგილებზე, აქვთ მხოლოდ საპირფარეშოში გასვლის უფლება.

რაც შეეხება უფროსკლასელებს, ვერ გეტყვით რა წესებია, რადგან ჩემი შვილის კლასის მშობლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გადაწყვიტა ონლაინ რეჟიმში დარჩენილიყო, ჩვენც იძულებული გავხდით. ძალიან კარგად ვაცნობიერებ შესაძლო საფრთხეებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ სკოლაში ივლის. ძალიან დამოკიდებული გახდა ტელეფონზე და სურვილი მაქვს სასკოლო რეჟიმს დაუბრუნდეს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, მასწავლებლებს უჭირთ ონლაინ და დასწრებული ცხრილების შეთავსება, რადგან სკოლაშიც უნდა იარონ და ონლაინ გაკვეთილებიც უნდა ჩაატარონ. დღეს მაგალითად, პირველი ონლაინ გაკვეთილი გაუცდა, მეორეზე სკოლიდან ჩაერთო მასწავლებელი და ძალიან უჭედავდა. ისეთმა მშობლებმა თქვეს სკოლაში ბავშვების გამოშვებაზე უარი, რომ გაოცებული ვარ. ყოველდღე ფოტოებს რომ დებენ და დაბადების დღეებზე და სტუმრად დაატარებენ ბავშვებს, ვფიქრობ ზოგს ეშინია, ზოგი კი გადაეჩვია სკოლის რეჟიმს და სახლში ურჩევნიათ გამოკეტილი ჰყავდეთ შვილები.“

თეონა ჯანელიძე: „ბავშვების რა გითხრათ და მე ისეთი განცდები მაქვს როგორც ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ხოლმე. ერთი წუთითაც არ მიფიქრია რომ დისტანციურ სწავლებაზე დამეტოვებინა ბავშვები, იმიტომ, რომ ზუსტად ჩემი შვილების მაგალითზე ვხედავ, რამდენად სრულყოფილადაც არ უნდა უტარდებოდეს ონლაინ გაკვეთილი, როგორ უარესობისკენ მიდის ბავშვის მდგომარეობა ყველა თვალსაზრისით. იმედი მაქვს, აღარ დადგება საჭიროება, რომ ისევ სახლებიდან მოუწიოთ სწავლა, წარმატებებს ვუსურვებ ყველას და ამ სემესტრის მშვიდობიანად დასრულებას“.

დღეიდან, 15 თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის 369 საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, სადაც როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი.

ამავე თემაზე:

„სკოლების გახსნა მობილობას ზრდის, საჭიროა სიფრთხილე, წესების დაცვა და დაკვირვება“

პირბადე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე – ამირან გამყრელიძე

„ისე ჩქარობდა, მგონი, დირექციაზე ადრე მივედით“ – რა გაატანა მშობელმა დღეიდან სკოლაში წასულ მოსწავლეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური