მიმართვა განათლების მინისტრს: დაიხვეწოს მოსწავლის მიერ სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა და აღირიცხოს სტატუსის შეჩერების რეალური მიზეზები
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში საქართველოს პარლამენტმა უკვე მოისმინა. 376 გვერდიან დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და დროულ რეაგირებს საჭიროებს და მათ შორის არის განათლებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საუბრისას საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ 2022 წელს კვლავ მაღალი იყო სკოლის მიტოვების მაჩვენებელი და ამ მიმართულებით ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის მიტოვებისა და სწავლის შეწყვეტის სტატისტიკის აღრიცხვას აკრიტიკებს და მის მოწესრიგებას ითხოვს.
ომბუდსმენის ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოში 215 კერძო და 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა, აქედან 11 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში სულ 631 758 მოსწავლე ირიცხებოდა.
“მართალია, გასულ წლებთან შედარებით, 2022 წელს მაღალია მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის მაჩვენებელი და აქედან ყველაზე მაღალი ნიშნული თბილისზე (4 834), ქვემო ქართლსა (2 301) და აჭარაზე (1 231) მოდის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსწავლეთა შორის, 1831 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, ხოლო 1163-მა მოსწავლემ სკოლებში სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით მიატოვა”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
სახალხო დამცველის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში გაორმაგებულია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სტატუსი „საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების“ საფუძვლით შეუჩერდათ, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ გამოწვევებთან.
“კვლავ დასახვეწია მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის სტატისტიკა, რომელიც, რიგ შემთხვევებში, გასული წლების მსგავსად, არ იძლევა სწავლის შეწყვეტის რეალური მიზეზის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, ისეთი საფუძვლების მითითებისას, როგორიცაა „მშობლის განცხადება“ და „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან გამოთხოვილი 2021-2022 წლებში მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების შესახებ წარდგენილი განცხადებების ასლების შეფასებაც.
“ირკვევა, რომ სამინისტროს სტატისტიკაში გამოყოფილი საფუძვლების გარდა, სწავლის მიტოვების მიზეზად ხშირად გვევლინება ოჯახური მდგომარეობა, საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის არქონა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამასთანავე, ბევრია ისეთი განცხადება, რომელშიც მითითებული არ არის სწავლის შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, ემიგრაციასთან დაკავშირებით, გამოიკვეთა ისეთი გარემოებებიც, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, სამკურნალოდ გამგზავრება და საზღვარგარეთ განათლების მიღების გაგრძელება. დამატებით, გამოიკვეთა პირველკლასელი ბავშვების მშობლების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებების წარდგენის ტენდენცია, რომლის მიხედვით, მათ შვილებს არ ჰქონდათ სასკოლო მზაობა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან ითხოვს, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლის მიტოვების პრევენციის პოლიტიკის გასატარებლად, დაიხვეწოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოებული სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა და სისტემატიზებულად აღირიცხოს მოსწავლის სტატუსის შეჩერების რეალური მიზეზები, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და ზედიზედ გაცდენების ზღვრული რაოდენობის საფუძველზე სწავლის მიტოვების შემთხვევებშიც.
ომბუდსმენის მეორე მოთხოვნა ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრისადმი ასეთია: სიღრმისეულად შეფასდეს მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების მზარდი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები და როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით, შემუშავდეს სამომავლო სტრატეგია მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის რისკების შესამცირებლად.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით გაუარესებაც კი, შეინიშნებოდა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება