GE

„მინდა, ეს პროფესია ჩემი ცხოვრების მეგზური გახდეს“ – დაწყებითი კლასების მასწავლებლობის მსურველები გამოცდიდან

„შეიცვალა მიდგომები, სწავლების მეთოდოლოგია. ახალგაზრდა თაობას უფრო გვაქვს უნარი, ბავშვებს “თამაშით ვასწავლოთ”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან დაწყებითი კლასების მასწავლებლობის ახალგაზრდა მსურველი, ეკატერინე კაკრიაშვილი, რომელიც დღეს, 19 ივლისს, გამოცდას თბილისის №117-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბარებს.

ტესტირების დაწყებამდე, გამოსაცდელებთან საუბრისას ჩვენ მათი პოზიციით დავინტერესდით და ვკითხეთ, არის თუ არა პედაგოგთა სხვადასხვა თაობას შორის განსხვავებული ხედვა და როგორ აფასებენ წინა თაობის პედაგოგების მიდგომებს სწავლებისას.

ეკატერინე კაკრიაშვილის თქმით, დაწყებით საფეხურზე, სწავლების მეთოდოლოგიის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ საფეხურის მასწავლებელს წინდახედულობა მართებს.

„სახელდახელოდ რაღაცების ლაპარაკი რთულია, მაგრამ ჩვენ, ახალგაზრდა თაობას, უფრო შეგვიძლია ბავშვების აყოლიება. შეიცვალა მიდგომები, სწავლების მეთოდოლოგია. ახალგაზრდა თაობას უფრო გვაქვს უნარი, მოსწავლე თამაშით ჩავრთოთ გაკვეთილში – თამაშით ვასწავლოთ.

„უნივერსიტეტში ჩაბარებამდე და ჩაბარების შემდეგ, ყოველთვის პედაგოგობა მინდოდა. ამ პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამოგდიოდეს. დაწყებითი კლასების მოსწავლე პირველ ნაბიჯებს ჩვენთან დგამს, ყველაფრის გაცნობას იწყებს. უნდა იცოდე, როგორ მიაწოდო სასწავლო მასალა საგაკვეთილო პროცესში“, – გვითხრა პედაგოგობის მსურველმა.

დაწყებითი კლასების საგნის გამოცდაზე გასული კიდევ ერთი აპლიკანტის, ეკა თოფჩიშვილის აზრით, მასწავლებლებს მისი მოსწავლეობის დროს რა მეთოდებიც ჰქონდათ, ახლა უკვე “მოიკოჭლებს” და წარსულს ბარდება. მისი თქმით, სკოლაში სწავლისას, ყველაზე მტკივნეულად სტერეოტიპული აზროვნება ახსენდება:

„მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ სულ სხვა მიდგომა იყო, ახლა ყველაფერი რადიკალურადაა განსხვავებული და სისტემა ბავშვზეა მორგებული. ადრე პიროვნება მეორეხარისხოვანი იყო და განათლებაზე იყო ყურადღება გადატანილი. წარსულში რა მეთოდებიც იყო, თუნდაც ჩემს შემთხვევაში, ახლა „მოიკოჭლებს”.

როგორც ეკა აღნიშნავს, მასწავლებლები ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ტექნიკური საგნების ათვისების უნარი ბიჭებს უფრო აქვთ, რის გამოც ფიქრობს, რომ „დაიჩაგრა”.

„ძალიან მტკივნეულია, რომ ჩემი მოსწავლეობის დროს სტერეოტიპული აზროვნება იყო. ხშირად გვეუბნებოდნენ: “თქვენ გოგოები ხართ, ტექნიკური აზროვნება არ შეგიძლიათ, ეს ყველაფერი ბიჭს შეუძლია”, “გოგო უფრო ჰუმანიტარია”.

ეკა თოფჩიშვილი ამბობს, რომ მასწავლებლობის სურვილი უცებ, ციდან არ ვარდება და დიდი ხანია, ეს გააზრებულად სურს.

პედაგოგობა ბავშვობიდან სასურველი პროფესია იყო EDU.ARIS.GE-ს მესამე რესპონდენტის, ნანა ფრუიძისთვის:

„პედაგოგობა ბავშვობიდან ჩემი სურვილი იყო. როდესაც პატარა ვიყავი, მახსოვს, ავიღებდი წიგნებს, კალმებს, რვეულებს და ჩემს წარმოსახვაში მოსწავლეებს ნიშნებს ვუწერდი. ნებისმიერი პროფესია რთულია, მაგრამ ბავშვებთან მუშაობას თან დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას სწავლაში ეხმარები. მინდა, ეს პროფესია ჩემი ცხოვრების მეგზური გახდეს”.

პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები დღეს საგნის გამოცდას დაწყებითი კლასების (I-IV) საგნებში აბარებენ.

ასევე იხილეთ:

„გაჯეტებთან ბრძოლა, ალბათ, მთავარი გამოწვევა იქნება“ – როგორ ხედავს დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებელი საკუთარ მისიას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური