GE

„მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მიიღონ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია“ – თამარ სანიკიძე

EDU.ARIS.GE–ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის მიგვემართა. ეს ადამიანები უფროსკლასელებს პროფესიის სწორად არჩევისა და მათ შორის, მსგავსი გამოფენებით სწორი ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

განათლების ყოფილი მინისტრი და დღეს განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი თამარ სანიკიძე, მაღალკლასელებს პროფესიის არჩევის შესახებ ესაუბრება და ამასთან, მოკლედ მიმოიხილავს იმ ნაბიჯებს, რაც აბიტურიენტებისთვის ამ მიმართულებით აქამდე გადადგმულა ან  ხორციელდება. პროექტი პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის შესახებ სწორედ მისი მინისტრობის დროს ხორციელდებოდა სკოლაში, თუმცა ბოლო წლებში გაუქმდა.

პროფესიის არჩევის შესახებ

გამოფენები, ღია კარის დღეები და ექსკურსიები საწარმოებსა და სასწავლებლებში არის ის ინსტრუმენტი, რომელიც პროფესიის არჩევისთვის საჭირო ინფომაციის მიღებაში ეხმარება დაინტერესებულ პირს. ამ გზით ასევე ხდება პროფესიებისა და სასწავლებლების პოპულარიზაცია.

მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მიიღონ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია დღეს არსებული შესაძლებლობების შესახებ. ასეთი ფორმატი იძლევა იმის საშულებას, რომ ახალგაზრდებმა შეკითხვებზე პასუხები მიიღონ უშუალოდ პირველი წყაროდან, დაამყარონ ახალი კონტაქტები, აღმოაჩინონ ინფომაციის ახალი წყაროები, რომელიც სამომავლოდ მათ დაეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.

პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა სასარგებლოა, არა მხოლოდ მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ ზრდასრულთათვის. ამ კუთხით ახალგაზრდების ხელშეწყობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფდა 2014-2016 წლებში. კურსი, რომელსაც სამინისტრო საქართველოს მაშტაბით 1000-მდე სკოლაში ახორციელებდა, იყო მრავალკომპონენტიანი და მოიცავდა ისეთ ელემენტებს, როგორიც არის საკუთარი შესაძლებლობების შეფასება, პროფესიისათვის (კონკრეტული სპეციალობისათვის) საჭირო ცოდნა და უნარები, შესაძლებლობების მათთან შედარება და განვითარების გეგმის დასახვა, ასევე ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების შესახებ. კურსი ძალზედ საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.

კურსის განხორციელება შეჩერდა, რაც ბუნებრივია არ არის კარგი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მოგვიანებით გარკვეული სამუშაოები ამ კუთხით გაგრძელდა. მაგალითად, გაეროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, 2017 წელს განხორციელდა სკოლის მოსწავლეებისათვის მოსამზადებელი და საორიენტაციო კურსების პილოტირება.პროექტის ფარგლებში, შეირჩა მოდულები და შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე დაიწყო მათი ადაპტირება. 2017 წელს დაიწყო სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო კურსების პილოტირება. უშუალოდ პილოტირების პროცესი წარიმართა აქტიური მხარდაჭერის ფონზე, მოხდა საორიენტაციო სესიებზე დაკვირვება და უკუკავშირის მიცემა როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე პროფესიული სასწავლებლის ადმინისტრაციისათვის. საორიენტაციო კურსის პილოტირების ფაზის დასრულების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დაგეგმილ ახალ ინიციატივაში ,,შრომითი უნარების განვითარება სკოლის მოსწავლეებში”  გამოიყენებდა პროექტის მიერ შექმნილ მეთოდოლოგიას.

2017 წლიდან დღემდე, სამინისტრო ახორციელებს სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამას, რომლითაც 800-მდე საჯარო სკოლის  VШ-IX კლასის 10 ათასამდე მოსწავლემ ისარგებლა. პროგრამა ითვალისწინებს საჯარო სკოლებში პროფესიული სწავლებისთვის საჭირო სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობას (კოლეჯებისა და სკოლების თანამშრომლობით) და მოსწავლეთა ჩართვას საორიენტაციო პრაქტიკულ კურსებში.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური