GE

მინისტრების კარუსელი და ისევ უპასუხო კითხვები – განათლება 2019

2018 წლის ბოლო პუბლიკაცია და განათლების სფეროს შეჯამება EDU.ARIS.GE -მ ასეთი ფრაზით დაასრულა: ერთ კითხვას დაგიტოვებთ – გვეყოლება 2019 წელსაც განათლების ახალი მინისტრი? როდესაც უკვე 2019 წელიც მიილია ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: დიახ, გვყავს ახალი მინისტრი, რომელიც სინამდვილეში არც ისეთი ახალია.

რევოლუციური გადაწყვეტილებები, მინისტრების კარუსელი, ისევ ახალი გეგმები და ახალი იდეები. მოკლედ ასე შეგვიძლია დავახასიათოთ საქართველოს განათლების 2019 წელი. წელი, რომელიც სავსე იყო როგორც წარმატებებით, ასევე წარუმატებლობით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლეს პოსტზე ბოლო ცვლილება 2019 წლის ოქტომბერში განხორციელდა და მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, კვლავ მისმა წინამორბედმა, მიხეილ ჩხენკელმა ჩაანაცვლა. ჩხენკელის მორიგი გამინისტრებიდან თითქმის სამი თვე გავიდა, თუმცა ის საკუთარ გეგმებზე სასაუბროდ აქამდე მედიას არ შეხვედრია და, შესაბამისად, უპასუხოდ რჩება წლის მთავარი კითხვა: როგორი იქნება უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელი? რომლის შეცვლასაც წინა მინისტრი დაგვპირდა. ეს კითხვა იქით იყოს და, მინისტრის საათზე პარლამენტში დაბარებულმა ჩხენკელმა არც დეპუტატების კითხვებს უპასუხა, ერთხელ დასმული კითხვების ხელახლა დასმა კი უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც ერთნაირად მოუწია, მაგრამ ისევ „კიდევ სცადეთ“ ამოუვიდათ.

მიხეილ ჩხენკელი მთავრობის სხდომებზე და სხვადასხვა შეხვედრაზე მცირე კომენტარებით შემოიფარგლება და ამბობს რომ, ის, როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, მიხეილ ბატიაშვილის მიერ დაანონსებული განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებაში თავიდანვე ჩართული იყო, ამიტომ ძირითადი მიმართულებების ცვლილებას არ აპირებს.

წლის შეჯამება ცხადია განათლების სამინისტროსაც ვთხოვეთ, მარტივია ისაუბრო 2019 წელს გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ქართული განათლების სისტემის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, მაგრამ მიხეილ ჩხენკელის უწყებამ ამაზე საუბარი არ ისურვა.

საატესტატო გამოცდები და მინისტრი ტორტზე

როდესაც განვლილ 2019 წელს და განათლების სფეროში რევოლუციურ გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც შეიძლება გაგვახსენდეს, სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმება იყო. იმ დროს, როდესაც მე-11 და მე-12 კლასელები უკვე გამოცდებისთვის ემზადებოდნენ, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გამოაცხადა, რომ მე-11 კლასელებისთვის გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა მე-12 კლასელებისთვის და მათი გამოსვლების და აქციების მიზეზი გახდა. ცოტა მოგვიანებით, პრემიერ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საატესტატო გამოცდები ყველა კლასისთვის გაუქმდა და, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსწავლეების და ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს იმდენად დაემთხვა, რომ მინისტრის და პრემიერის ფოტოებს ბავშვები ტელეფონების „ქავერზე“ აყენებდნენ და საზეიმო ტორტებზეც ბეჭდავდნენ. ახლა, აღარც მიხეილ ბატიაშვილია მინისტრი და აღარც ბახტაძე პრემიერი, მოსწავლეები კი იგივე გვყავს და არც თუ ისე სახარბიელო შედეგებით.

PISA 2018 და ეროვნული შეფასება განვითარებისთვის

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოს მონაცემები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია. PISA 2018 ციკლის კვლევაში საქართველოდან 326 სკოლის 5572-მა მოსწავლე მონაწილეობდა.

ის, რომ მოსწავლეები ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით მოიკოჭლებენ, საერთშორისო კვლევის შედგების გამოქვეყნებამდეც იყო ცნობილი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ეს მიმართულება პრობლემურია არა მხოლოდ მოსწავლეებში, არამედ პედაგოგებშიც, რასაც პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებიც მოწმობს.

საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, პარლამენტის სესიაზე მინისტრის საათის ფარგლებში მყოფ მიხეილ ჩხენკელთან კითხვები ჰქონდა პარლამენტის განათლების, კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილს.  – რა შედეგები დადგა XI-XII კლასში გამოცდების გაუქმებით და როგორია STEM-ის (ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების) სწავლების პრობლემატიკა ქვეყანაში?

„ჩვენ გვყავს საამაყო ახალგაზრდები. 2019 წელს STEM-ის მიმართულებით საერთაშორისო ოლიმპიადებში 17 მედალი ავიღეთ. ეს მხოლოდ ძირითად ოლიმპიადებში, მაგრამ როგორ ზრუნავს სახელმწიფო მათი ინტელექტუალური პოტენციალის მომავლის მოწყობისკენ? თუ მივუბრუნდებით გამოცდებს, ვფიქრობ, სამინისტრომ სწრაფად უნდა დააანონსოს ამ მხრივ სამომავლო პერსპექტივა და რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიმეოროს, რომ  შესაძლოა CAT -ის გამოცდების არსებული ფორმით დატოვება არ ვარგოდა, მაგრამ საერთოდ უგამოცდობა უარესია, ამიტომ მოზარდმა მკაფიოდ უნდა იცოდეს როდის, რას უნდა ელოდოს ბარიერების დაძლევის თვალსაზრისით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის სესიაზე.

სასკოლო გამოცდების ახალი მოდელი უკვე არსებობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თუმცა ტერმინი გამოცდა უკვე იგნორირებულია და პროექტს განმავითარებელი შეფასება ეწოდება. 2020 წელს, პირველ ეტაპზე 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელები ტესტებს ქართულ ენასა და მათემატიკაში ჩააბარებენ, მომდევნო წლებში ამ ჩამონათვალს მე-10 კლასი დაემატება. გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ამ შეფასებას ექნება ერთადერთი მიზანი, რომ აჩვენოს თუ არ შედეგები და მიღწევები აქვთ მოსწავლეებს, რომ სკოლას, მშობელს და თავად მოსწავლეს მომავალ განვითარებაში დაეხმაროს. განმავითარებელი შეფასება ეტაპობრივად ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს.

მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო

აკადემიური მიღწევების გარდა, საქართველოს სკოლებში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. 2019-მა წელმაც ვერ ჩაიარა ტრაგედიების გარეშე, რამაც ხელისუფლება ბავშვთა უფლებების დასაცავად კვლავ სისტემურ ცვლილებებზე აალაპარაკა. დაიგეგმა, რომ გარკვეული რეგულაციები, რაც აქამდე მხოლოდ საჯარო სკოლებისთვის იყო სავალდებულო, კერძო სკოლებზეც გავრცელდეს. მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში არსებული 2000-ზე მეტი სკოლიდან, მხოლოდ მხოლოდ 165 მათგანში ხორციელდება, თუმცა დაგეგმილია, რომ 2024 წლამდე ის ყველა სკოლაში დაინერგოს, თუ რა თქმა უნდა, მანამდე განათლების პოლიტიკის ცვლილება არ მოხდა. პროექტის ავტორების თქმით „ახალი სკოლის მოდელი“ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებას, კონკრეტული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე გეგმების შედგენას და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების უფრო დიდი დოზით ჩართვას გულისხმობს.

ეროვნული გამოცდები და ისევ ცვლილებების მოლოდინი

2019 წლის კიდევ ერთი რევოლუციური და ხმაურიანი გადაწყვეტილება ეროვნული გამოცდების მოდელის შეცვლა იყო, გამოცდების სავალდებულო საგნების ნუსხიდან გაქრა ზოგადი უნარები და მხოლოდ ორი მიმართულება ჰუმანიტარული და ტექნიკური ხაზი განისაზღვრა. სავალდებულო საგნები კი ასე ჩამოყალიბდა ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა ან ისტორია. აბიტურიენტები გამოცდებისთვის უკვე ემზადებიან და პირველი სემესტრიც უკვე დასრულებულია, თუმცა ცნობილი ხდება, რომ გამოცდების ახალი მოდელი სულაც არ ყოფილა მოსაწონი უმაღლესი სასწავლებლებისთვის და ისინი საჯაროდ მინისტრის ცვლილების შემდეგ ალაპარაკდნენ. უნივერსიტეტები ეროვნული გამოცდების ნუსხაში საბუნებისმეტყველო საგნების ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფიის დამატებას ითხოვენ და სამინისტროც თანახმაა განხილვების შემდეგ, ცვლილებები განახორციელოს, რომელიც დიდი ალბათობით 2020 წლის იანვარში უნდა მოხდეს.

განათლების პოლიტიკა და 2020 წლის ბიუჯეტი

განათლების სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს იმდენი განათლების მინისტრი ჰყავს გამოცვლილი, რომ ადამიანები მათი გვარ-სახელების დამახსოვრებას ვერ ასწრებენ, ახალ სახეებს, შესაბამისად, ყოველთვის ახალი გეგმები, პროგრამები და რეფორმის ახალი ტალღა მოსდევს. ამ კუთხით, ვერც 2019 წელი გამოდგა გამონაკლისი, თუმცა გადადგომამდე ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე რევოლუციური გადაწყვეტილების მიღება მოასწრო და ამჟამინდელი მინისტრიც აცხადებს, რომ რეფორმის ძირითადი მიმართულებების ცვლილებას არ გეგმავს.

განათლების სფეროზე საუბრისას 2019 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად მთავრობის წარმომადგენლები იმ საკანონდებლო ცვლილებებს ასახლებენ, რომლის თანახმადაც განათლების დაფინანსება 2022 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6% უნდა გახდეს და ყველა მომდევნო მთავრობა ვალდებული იქნება ეს პარამეტრები გაითვალისწინოს.

საატესტატო გამოცდების გაუქმების და ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილების გარდა, წელს პირველად სამინისტრომ შეძლო საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგების სკოლებიდან გასვლის მეთოდის შემუშავება. მართალია ეს მეთოდი სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, თუმცა 6000-მდე ადამიანი, ვინც სკოლიდან გასვლის სურვილი გამოთქვა, დიდი ალბათობით კმაყოფილი დარჩა. პროგრამის მეორე ეტაპზე სკოლებიდან გასვლის მსურველების რიცხვს კიდევ 1600 პედაგოგი დაემატა. საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგებმა სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით 2 წლის ჯამური ანაზღაურება და სამედიცინო დაზღვევა უნდა მიიღონ. ინიციატივის შედეგად საჯარო სკოლებში ათასობით ვაკანსია გაჩნდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოთავისუფლებული საათების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე არსებულ პედაგოგებზე განაწილდა, სისტემამ კი დაახლოებით 1500-მდე ახალი კადრი მიიღო.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მთავრობის დაპირების თანახმად, განათლების სფეროსთვის 2020 წელს 1,9 მლრდ ლარზე მეტია განსაზღვრული, გასულ წელს ეს ციფრი 1,4 მლრდ ლარზე მეტი იყო. განათლების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დაფინანსების ზრდა განათლების ხარისხზეც აისახოს.

2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი 150 ლარით გაიზარდა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით გაიზრდება – 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი; ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზეც 15.0 მლნ ლარამდე მიიმართება;

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 280.0 მლნ ლარზე მეტი; ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 5,0 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები, 5,0 მლნ ლარით– სპორტული ინფრასტრუქტურის ხარჯი, 10,2 მლნ ლარით – განათლების სფეროში სხვადასხვა დონორის საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული პროექტები, 5,0 მლნ ლარით – სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება.)

მიღწევები

განათლების სფეროში არსებული ბერი პრობლემის მიუხედავად, 2019 წელს მიღწევების გარეშეც არ ჩაუვლია, წარმატებები იყო როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების კუთხით. ქართველი მოსწავლეები და სტუდენტები წელსაც წარმატებით მონაწილეობდნენ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.

2019 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა.

ექსპერტები უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად საქართველოს განათლების ხარისხის ცენტრის  ENQA – „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ გაწევრიანებას ასახელებენ.

უმაღლესი განათლების სფეროში ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყანაში პირველად საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების დანერგვა, რომელსაც თსუ მომავალი წლიდან უკვე განახორციელებს, 2021 წლიდან კი მას ილიაუნი და ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდებიან.

მომავალ წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს კიდევ ერთი დაწესებულება -ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეემატება. დაწესებულების დაარსებას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ის სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით განსაკუთრებული უპირატესობით ისარგებლებს, მაგალითად არ დასჭირდება პროგრამების აკრედიტაცია.

„ქართულ მეცნიერებაზე და მის განვითარებაზე საუბრისას, მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად უაღრესად დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევით პროცესს. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ქართველ პროფესორებთან ერთად ჩაერთვებიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და ერთობლივი კვლევები განხორციელდება როგორც მედიცინის, ასევე სამედიცინო ფიზიკისა და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით,“ – განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, გასულ წელს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სტანდარტულ პროგრამებთან ერთად, ზრდასრულთა მოკლევადიანი გადამზადების კურსებიც დანერგა, სადაც მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს იღებენ. პროფესიული განათლება სამინისტროს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და მიზანია, რომ ის მაქსიმალურად დასაქმებაზე ორიენტირებული გახდეს.

მიღწევებში ასევე აღსანიშნავია განათლების კუთხით განხორციელებული ინფრასტრუქტრული სამუშოები, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების, სკოლების და პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა და ძველი შენობების რეაბილიტაცია, რაც მომდევნო წლებშიც აქტიურად უნდა გაგრძელდეს.

EDU.ARIS.GE 2020 წელსაც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას, პირველი შემოგთავაზებთ სიახლეებს და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინტერესებს გაითვალისწინებს. მთავარია ძველმა ახალმა მინისტრმა მინისტრის სტატუსი მყარად შეინარჩუნოს და არც მედიის კითხვებს აარიდოს თავი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური