GE

მინისტრი: საპატრულო პოლიციის ფუნქცია სკოლების მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება იქნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ფუნქცია სკოლების მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება იქნება.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საპატრულო პოლიცია ყველა სკოლას მოიცავს და ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით მსჯელობენ.

„მანდატურების სამსახური გადაიხედება და გაძლიერდება. მჭიდრო კავშირი დამყარდება მასსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის ფუნქციას, იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მოსწავლეები ასრულებენ გაკვეთილებს და სკოლიდან სახლში ბრუნდებიან. ჩვენი მიზანია, რომ უკლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო. ყველა სკოლას შეეხება ეს. ახლა მიდის მუშაობა როგორი მარშრუტი იქნება პატრულირების“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება.

„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს  განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, მე შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები. მათ შორის: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,  იუსტიციის სამინისტროს, კულტურის, სპროტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ახალგაზრდების თემატიკით არიან დაკავებულები, რათა მოხდეს ჩამოყალიბება იმ სტრატეგიისა, რომ მსგავსი  ტრაგედია აღარ განმეორდეს“, –  განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საკითხზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის ჩართულობა დროებითი მოვლენა იქნება.

“ეს წაიღებს დიდ რესურსს. ეს არის დროებითი. უნდა გვესმოდეს, ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება მანდატურების გაძლიერება. აქ მთავარი ამოცანა არის, რომ მანდატურების სამსახური იყოს ეფექტური. სამწუხაროდ, მოხდა რაღაც დროით მანდატურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბმის გაწყვეტა. საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად მობილიზებულია და მაქსიმალურ შესაძლებელ რესურსს მოახმარს ამ საკითხს”, – განმარტა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თხოვნა განათლების მინისტრს – გავააქტიუროთ საუბრები ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ დასკვნები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური