მინისტრის მოადგილე: რამდენი მოსწავლე ვერ ერთვება ონლაინ სწავლებაში, ეს არის ციფრები, ამ წუთში არ იქნება საინტერესო
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე კითხვაზე საქართველოში რამდენ მოსწავლეს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე და არ აქვს ტექნიკური აღჭურვილობა ონლაინ გაკვეთილებში ჩასართავად, პასუხობს, რომ ეს ციფრები ამ ეტაპზე საინტერესო არ არის, რადგან სამინისტროს პროექტი “ტელესკოლა” საქართველოს ყველა რეგიონს ფარავს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” გადაცემაში „ევროპის დროით“ ისაუბრა.
„ეს არის ციფრები, ამ წუთში არ იქნება საინტერესო, იმიტომ, რომ პროექტს დაწყების პროცესში, როდესაც ვაანალიზებდით საჭიროებებს, თუ რა პროექტი ან ღონისძიება შეგვეთავაზებინა ჩვენი მოსწავლეებისთვის, სწორედ იყო ეს, რომ დისტანციურ სწავლებაში მოგვეაზრებინა როგორც ონლაინ სწავლება, ასევე სხვა ალტერნატიული შესაძლებლობები. ეს არის ტელესკოლა, ასევე ოფლაინ პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა პლატფორმაზე. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ როდესაც ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, მეორე არხმა ის სიხშირე, რომელიც აქამდე ჰქონდა დაწეული კონკრეტულ არხთან მიმართებაში, აწია და დღეს უკვე მაჩვენებელი გვეუბნება, რომ საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში „პირველი არხი განათლება” ფარავს უკვე მთელს ტერიტორიას“,- აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.
მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ სამინისტრო რესურსცენტრებისა და სკოლების ადმინისტრაციების დონეზე თვალს ადევნებს ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესს.
„ჩვენ ვუყურებთ და ვთანამშრომლობთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საჯარო სკოლებთან, ვაკვირდებით პროცესებს როგორ მიმდინარეობს დისტანციურ სწავლება. მასწავლებლების, ადმინისტრაციის და დამრიგებლების ჩართულობა როგორია, შესაბამისად ვცდილობთ, რომ ის მიზნები, რომლებიც დასახულია ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, კონკრეტულ კლასთან მიმართებაში და საფეხურთან მიმართებაში, სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც შესრულდეს. მასწავლებლებმა შეძლონ დისტანციური სწავლების პროცესში მაქსიმუმს თუ არა გარკვეული პროცენტით მიაღწიონ იმ შედეგს, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა სთავაზობს. პროცესში არის გარკვეული გამოწვევები, რაღაცას ვიღაც ვერ ახერხებს, სწორედ ამიტომაც, არსებობს გარკვეული ჯგუფები ტექნოლოგიებთან და უშუალოდ მასწავლებლებთან მიმართებაში. ასევე მანდატურის სამსახურში არსებობს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი და მასწავლებელს მოსწავლეს დ მშობელს შეუძლიათ დაუკავშირდნენ და მხარდაჭერა მიიღონ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, როგორც დისტანციურ სწავლებაში ვერჩართული მოსწავლეების რაოდენობა, ისე ის მონაცემები, რომელიც ამბობს, თუ რამდენი მოსწავლე ესწრება გაკვეთილს ყოველდღე ინტერაქტიულ რეჟიმში.
საზოგადოება პრემიერის დაანონსებული განათლების ამუშავების გეგმის პრეზენტაციის მოლოდინში
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება