მისაღები გამოცდები 2016 ნაწილობრივ ელექტრონულად ჩატარდება – დეტალები აპრობაციის შესახებ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოფიციალურად ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და უმაღლესში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 წელს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, თუმცა დატალების გამოქვეყნებას მაია მიმინოშვილის უწყება დეკემბრის თვეში, აპრობაციის პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს.
,,პირველ ეტაპზე გამოცდების ჩატარება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა დეტალები დეკემბერში, აპრობაციის დასრულების შემდეგ დაზუსტდება. შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონული ფორმით მიწოდებას ითვალისწინებს ანუ გამოცდებზე აპლიკანტი დავალებებს მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, წინა წლების მსგავსად პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს”,- ეს არის ის ინფორმაცია, რასაც ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ელექტრონული ფორმატის გამოცდებათ დაკავშირებით ამ ეტაპზე ავრცელებს. Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აპრობაციის პროცესისგან, ჩვენს კითხვებს გამოცდების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უპასუხა:
– ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტული დეტალები აპრობაციის შემდეგ დაზუსტდება, რომ გვითხრათ, კონკრეტულად რის აპრობაციას გაივლიან დარეგისტრირებული აბიტურიენტები და რა დაზუსტდება ამ პროცესით?
– აპრობაცია ემსახურება ტექნიკური მხარის შემოწმებას და არა რომელიმე საგნის დავალებების ან აბიტურიენტების გამოცდას. შესაბამისად, გამოიცდება სწორედ ახალი ფორმატით გათვალისწინებული ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტი. შეირჩევა ერთი საგამოცდო ცენტრი რომელიმე საგამოცდო ქალაქში, მოეწყობა საგამოცდო სექტორები და ჩატარდება პროცესის სრული იმიტაცია. მონაწილეები ერთ რომელიმე საგანში გაივლიან გამოცდას.
– აბიტურიენტისათვის ეს ნაწილი, შინაარსობრივი კუთხით, ცხადია არაფერს ცვლის, შესაბამისად, არანაირად არ აფერხებს მათ გამოცდებისათვის მომზადების პროცესში.
– რომელ საგანში ჩატარდება ელექტრონული გამოცდის აპრობაცია?
– როდესაც გადაწყდება, რომელ საგანსა და რომელ ქალაქში ჩატარდება აპრობაცია, გაცნობებთ.
– რას შეამოწმებს აპრობაცია?
– აპრობაციის მიზანია იმ ტექნიკურ უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების პილოტირება, რომლითაც ჩატარდება ეს გამოცდა. დაზუსტდება ყველა ტექნიკური დეტალი, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული სექტორების მოწყობისას, ტესტის მიწოდებისას, ელექტრონული მიწოდების ადმინისტრირებისას.
– რას ელის გამოცდების ეროვნული ცენტრი აპრობაციით, ანუ რა კუთხით გამოიცდება აბიტურიენტი? (სისწრაფე, დრო..?)
– როგორც ზემოთ აღინიშნა, პროცესი არც აბიტურიენტის გამოცდას ითვალისწინებს. ტესტური დავალებები იქნება ისეთივე სახის, შესაბამისად, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება ტესტირების დრო, თუმცა, თუ აღმოჩნდა, რომ ელექტრონულად მიწოდებულ ტესტზე მუშაობისას აბიტურიენტს განსაზღვრულზე ცოტა მეტი დრო სჭირდება, ეს გარემოება გათვალისწინებული იქნება.
აპრობაციის ერთ-ერთი შედეგი კი (გარდა უკვე აღნიშნულისა) იქნება ისიც, რომ ზუსტად განისაზღვრება არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი რისკ-ფაქტორი ასეთი სახის გამოცდის ჩატარებისას და დაზუსტდება ოპერატიული რეაგირებისა და ვითარების მყისიერად გამოსწორების კონკრეტული გზები, რაც, პირველ რიგში, აბიტურიენტის ინტერესების სრულ დაცვას უზრუნველყოფს.
– გამოქვეყნდება თუ არა აპრობაციის შედეგები და რა ფორმით?
– როგორც აღინიშნა, აპრობაცია არ ითვალისწინებს რომელიმე საგნის ტესტური დავალებების გამოცდას, შესაბამისად, ტესტირების შედეგების გამოქვეყნება არ არის ამ აქტივობის მიზანი, რაც შეეხება აპრობაციის შემდეგ დაზუსტებულ დეტალებს, ცხადია, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების ელექტრონული ფორმატით ჩატარების შესახებ პირველად Aris.ge-განათლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
2016 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე – ნაეკი ელექტრონულ საგამოცდო ფორმატზე გადასვლას გეგმავს
ეკა არის© წივწივაძე
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი