GE

„მივმართავთ უფრო რადიკალურ ზომებს“ – რას ითხოვს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი

სამედიცინო უნივერსიტეტის ათეულობით სტუდენტმა EDU.ARIS.GE – ს ერთი შინაარსის წერილი გამოუგზავნა, სადაც სტუდენტებს უნივერსიტეტისგან კონკრეტული მოთხოვნა აქვთ და ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ.

“მოგესალმებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. სურვილი გვაქვს მოგიყვეთ ერთ-ერთ პრობლემაზე უამრავიდან რომელიც ამ უნივერსიტეტში არის, კონკრეტულად კი, შემოდგომის სემესტრის გამოცდებზე.

მოგეხსენებათ, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში და ვინაიდან, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, პრაქტიკებზე სიარულის უფლება ჰქონდათ მხოლოდ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, სხვა დეკანატებს მოუწიათ სხვა ფაკულტეტებისთვის გამოცდებისა და პრაქტიკული მეცადინეობების გადატანა, (სტომატოლოგიის, ჯანდაცვის, ფარმაციის, რეაბილიტაციის ფაკულტეტებისთვის), რადგანაც პრაქტიკების გარეშე გამოცდაზე არ დაიშვებოდა სტუდენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციისგან და ლექტორატისგანაც ყველა გვპირდებოდა მოცემული შემოდგომის გამოცდების წარმართვას დისტანციურ რეჟიმში, აღმოვჩნდით მოტყუებულნი. სემესტრის დაწყებამდე 2 დღით ადრე გავიგეთ, რომ გამოცდები ჩატარდებოდა აუდიტორიებში, მიმდინარე სემესტრის პარალელურად, ამაზე სტუდენტებს გაგვიჩნდა პროტესტი, ვინაიდან შეიქმნა არათანასწორი გარემო. სტუდენტების ნაწილმა, ვინც მოასწრო პრაქტიკულების გავლა კონკრეტული გამოცდების ჩაბარება შეძლო დისტანციურ რეჟიმში, იმ ნაწილმა კი, ვინც ვერ მოასწრო უწევს კონტაქტურად, რაც თავის მხრივ არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს სტუდენტებს, ეს კი სრულიად მიუღებელია.

ამას ემატება ადმინისტრაციის მხრიდან ტყუილი დაპირებები. ამ ყველაფერს მოჰყვა პროტესტი, იყო შეხვედრა ადმინისტრაციასთან, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. ამ ეტაპზე გაკეთდა პეტიცია შეგროვდა ხელმოწერები, რომ განცხადება წარედგინოს რექტორს განსახილავად და გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად.

უნივერსიტეტი უნდა იყოს მორგებული სტუდენტებზე და არა პირიქით და უთანასწორობის განცდას არ უნდა გვიტოვებდეს. ასევე, რექტორი არ უნდა იყენებდეს ბრძანებებსა და კანონს ინდივიდუალური მიზნების განსახორციელებლად, რაც ამ შემთხვევაში მოხდა, როცა შემოდგომის სემესტრის საგნები რომელშიც დარჩენილი იყო გამოცდები, დათქმის საფუძველზე გადმოიტანა გაზაფხულის სემესტრში, თუმცა სტუდენტებთან შეუთანხმებლად. ეს ყოველივე მიუღებელია და ამიტომ ვაგრძელებთ პროტესტს, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მივმართავთ უფრო რადიკალურ ზომებს”, – წერენ სტუდენტები წერილში.

რა ფორმატით განაახლებენ სწავლას 15 მარტიდან უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსიტეტების გადაწყვეტილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური