GE

 „მოსმენა მარტივია, მაგრამ თემა ურთულესი“ – უცხო ენის გამოცდაზე აბიტურიენტთა 6%–მდე არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები2017 გრძელდება. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში დღეს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას ინგლისურ და რუსულ ენებში აბარებენ. პირველ სესიაზე 94%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა.

როგორც თბილისსა და სხვა ქალაქებში გამოცდიდან გამოსული პირველი აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, არც რუსული და არც ინგლისურის დავალებები რთული არ ყოფილა.

„რუსული ენა დავწერე, რთული ნამდვილად არ ყოფილა. ვფიქრობ, თავი  დავალებებს კარგად გავართვი. ერთადერთ, ხარვეზად რაც შეიძლება ჩავთვალოთ ის არის, რომ მოსმენის დავალება რაც ოყო, ხმა ხარვეზით ისმოდა, მომენტებში წყდებოდა. სხვა ყველაფრი წესრიგში იყო. რაც შეხება თემას, შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი – „კარგ რჩევას მხოლოდ მშობლები იძლევიან თუ სხვებიც“. აქედან გამომდინარე ჩვენ მაგალითები უნდა მოგვეყვანა“, – გვითხარა ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებმაც ინგლისური გამოცდა ჩააბარეს ამბობენ, რომ მოსმენის დავალება მარტივი იყო, აბიტურიენტების ნაწილს “true” და “false”, ნაწილს კი თემა საერთოდ არ დაუწერია.

ამასთან, აბიტურიენტების თქმით, ინგლისური და რუსული ენის გამოცდის თემები ერთმანეთს ემთხვევა.

„რთული ნამდვილად არ ყოფილა, მოსასმენი ტექსტიც საკმაოდ მარტივი იყო, ერთადერთი შედარებით რთული სიტყვების ჩასმა და “true” და “false” იყო. თემას რაც შეეხება ძალიან მარტივი იყო – „ზოგიერთის აზრით, მშობელი იძლევა საუკეთესო რჩევასო“ და უნდა დაგვეწერა ვეთანხმებოდით, თუ არა. ვფიქობ, ამ გამოცდაში ყველაზე კარგი შედეგები იქნება“, – გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა

გორში, ინგლისურის გამოცდის პირველ სესიაზე 542 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან 20 არ მივიდა. საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები დავალებების სირთულეზე საუბრობენ და აღმოჩნდა, რომ მათ უმეტესობას თემა არ დაუწერია.

,,თემა არ დამიწერია, ძალიან რთული აღმოჩნდა, არ ველოდი. მოსასმენი დავალებებიც რთულია. მოსასმენია სულ ხუთი მცირე ზომის დიალოგი. ტესტი ვფიქრობ B2 დონეს შეესაბამება, იმიტომ რომ გამიჭირდა. მართალია გამოცდიდან ერთი ტექსტი ამოღებული იყო და ბარიერიც 10 ქულით დაწეული, მაინც მეშინია ამ გამოცდის შედეგის“, – ამბობს თემურ სამხარაძე.

„მშობლებს შეუძლიათ ყველაზე კარგი რჩევა მოგცეთ“ – ეს იყო თემა, თუმცა ძალიან გამიჭირდა ვერ დავწერე და გამოვედი. ტექსტი ლეონარდო და ვინჩიზე იყო. რაც შეეხება მოსასმენ დავალებას, ესეც გამიჭირდა რადგან სულ ორჯერ მოგვასმენინეს და ორი კითხვისთვის უნდა გაგვეცა პასუხი,“, – ამბობს კობა მახარაშვილი.

„არ იყო რთული, საშუალო დონის გამოცდაა. კითხვებს პასუხები რომელი ტექსტიდანაც უნდა გაგვეცა ერთ გოგოზე იყო, რომელსაც აქვს ნობელის პრემია მიღებული და ყვებოდა თავის ისტორიას თუ როგორ მიაღწია ამდენს. მოსასმენი დავალებები, როგორც მახსოვს მომღერალზე და კულტურაზე იყო. დავალების მოსმენის შემდეგ ორი კითხვისთვის უნდა გაგვეცა პასუხი“, -ამბობს გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ანანო მაყაშვილი.

„თემა ვერ დავწერე, მაგრამ მოსასმენი დავალებები გამიადვილდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ სექტორში ხმამაღლა მხოლოდ ორჯერ მოგვასმენინეს, ვფიქრობ, რომ კითხვებს პასუხები სწორად გავეცი.  მოცემული იყო დიალოგები და უნდა გაგვერკვია, სად იყო საუბარი ქუჩაში, სახლში თუ სკოლაში.  საერთო ჯამში გამოცდა ადვილი არ არის“, –  ამბობს ჯარჯი რევაზიშვილი

აბიტურიენტები ქუთაისშიც თემის სირთულეზე ჩივიან:

„იმდენად რთული იყო, რომ ალბათ აბიტურიენტების 80 %-ს თემა არ დაუწერია. დროც არასაკმარისი გვქონდა და ამ გამოცდის მერე უკვე იმედი დავკარგე, რომ ჩავაბარებ.  მართალია ბევრი შემოსახაზიც იყო, მაგრამ მთავარი ქულები თემაშია, რომელიც 100-130 სიტყვისგან უნდა შეგვედგინა და  ის არ დამიწერა. 20-წუთით ადრე გამოვედი გამოცდიდან და დრო ძლივს მეყო, თემის გარეშე. ისინი ვინც თემას წერენ წარმომიდგენია რა დღეში არიან. მოსასმენი მასალაც ძალიან რთულია და დასაწერი თემაც. როგორც ამბობენ, შარშან გაცილებით მარტივი ტესტები იყო. იმის გამო რომ ინგლისური გართულდა, წელს ბევრმა ჩასაბარებელ საგნად რუსული აირჩია“, – განაცხადა ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა EDU.ARIS.GE– სთან.

ინგლისურის, რუსულისა და ფრანგული ენების გამოცდების მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. ხვალ აბიტურიენტები ისევ უცხო ენის გამოცდას ჩააბარებენ, მათ შორის გერმანულ ენას.

„რას ემსახურება ასეთი უზუსტობები?“ – ფილოლოგები ქართულის გამოცდის ტესტებს აკრიტიკებენ

გამოკითხვა: გართულდა თუ არა 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენა და ლიტერატურა?

მოამზადეს: ნიკა გაბლიშვილმა, გვანცა ღვედაშვილმა და თეონა გიორგაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური