GE

მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი კერძო სკოლიდან საჯაროში გადადიან – მიზეზები და გამოსავალი

2020-2021 პანდემიურ სასწავლო წელს კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში 4 164 მოსწავლე გადავიდა. 1 945 მოსწავლე – ზაფხულში. ეს მონაცემები EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მოაწოდა.

აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაა, არავინ დავობს. ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება და დისტანციური ფორმატის გამო კერძო სკოლებზე მოთხოვნის შემცირება, ამ ორ ფაქტორს ასახელებს საქართველოს სკოლების ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ავთო აბდუშელიშვილი. 

„ეკონომიკური ფაქტორი არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი, რამაც განაპირობა კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დენადობა. ზოგმა სამსახური დაკარგა, ზოგის ბიზნესი აღარ არის შემოსავლიანი. არის შემთხვევები, როცა ბავშვები გადადიან კერძოდან  საჯარო სკოლაში, მშობლებს დიდი ვალი რჩებათ გასასტუმრებელი და ახალი ვალის აღება მათთვის რთულია. მეორე ფაქტორს მე არ ვემხრობი, მაგრამ ხშირად ვაწყდები და საზოგადოებაშიც არსებობს მოსაზრება, რომ დისტანციური სწავლების ფორმატში, ბავშვი კერძო სკოლაში ისწავლის თუ საჯაროში განსხვავება დიდი არ არის“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან ავთო აბდუშელიშვილი, რომელსაც ასევე ვკითხეთ, განიხილება თუ არა ერთ-ერთ მიზეზად ის,  რომ დისტანციურმა ფორმატმა კერძო სექტორში სწავლების ხარისხი მშობლებისთვის ნაწილობრივ გამოაჩინა?

„არ ვუშვებ და არც ვიზიარებ მსჯელობას, რომ მშობლებმა უარყოფითი მხარეები დაინახეს და ახლა აღმოაჩინეს, რომ თავიანთ სკოლები სერვისს ვერ სთავაზობენ. ინდივიდუალური ერთი-ორი შემთხვევა შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ის, რომ კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლაში მასობრივად გადინების პრობლემა ეს იყო, ნამდვილად არ არის. ძალიან არასწორი შედარებაა, როცა სკოლას შეაფასებ დისტანციური და ფიზიკური სწავლების ფორმატში, ეს ორი კომპონენტი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება“, – დასძენს ავთო აბდუშელიშვილი.

კერძო სექტორიდან საჯაროში მოსწავლეთა გადინება მასწავლებლებზე მოთხოვნის შემცირებასაც იწვევს. „ემისის“ მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს კერძო სკოლის 279 პედაგოგზე მეტი საჯარო სკოლაში გადავიდა.

„როდესაც კერძო სკოლებში ბავშვების რაოდენობა მცირდება, საათებისა და დასაქმებულების რაოდენობაც ავტომატურად მცირდება. ზოგ სკოლას საათები, ნაწილს კლასები შეუმცირდა, ამიტომ პედაგოგებს საჯარო სექტორში მოუწიათ გადასვლა, არაფერია ამაში განსაკუთრებული. თუ გაიზრდება კერძო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა, მას გაუჩნდება კადრის დამატების საჭიროება. ეს არის ჯაჭვი, რომელიც ბუნებრივად აისახება ყველაფერზე“, – გვიხსნის აბდუშელიშვილი და გამოსავალს ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაში ხედავს.

„კერძო სკოლებისთვის საყოველთაო გამოსავალია, რომ ყველამ ერთობლივად შევძლოთ ეკონომიკური გამოჯანსაღება, გაჩნდეს მეტი ფულადი რესურსი, ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება კერძო სექტორთან ითანამშრომლონ. არ მივეკუთნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც მუდმივად საუბრობენ სუბსიდირებაზე. იმაზე საუბარს, რომ რაღაც დავასუბსიდიროთ, სჯობს მეტი მატერიალური დოვლათი შევქმნათ. თუ შევძლებთ ყველა ერთად, კერძო და საჯარო სკოლები ფიზიკურ გარემოში დაბრუნებას, ეს სკეპტიციზმის საფუძველს აღარ მისცემს მშობლების ნაწილს, რომლებიც ამბობენ, რომ დისტანციურ ფორმატში სწავლების დროს, სად ისწავლის ჩემი შვილი, კერძოში თუ საჯაროში, დიდი მნიშვნელობა არ აქვსო. ვაქცინაცია, პანდემიის დროულად წელში გატეხვა და ჩვეულ რიტმში დაბრუნება – ეს არის გამოსავალი“, – აღნიშნავს საქართველოს სკოლების ადმინისტრატორთა ასოციაციის აღმსრულებელი დირექტორი.

კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეთა რიცხოვნობას ყოველწლიურად ითვლის სტატისტიკის ეროვნული სამსახური.  საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა მზარდია და 2020-2021 წელს 609 ათასს მიაღწია (+16.2 ათასი) . მიუხედავად ამისა, კერძო სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი 5%-ით მაინც შემცირდა. წინა წელთან შედარებით, 2020-2021 სასწავლო წელს კერძო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 2 800-ით ნაკლებია. საჯარო სკოლის მოსწავლეთა რიცხვი კი 2020-2021 სასწავლო წელს 19 ათასით გაიზარდა.

მშობლებს კერძო სკოლებში გადასახადის გადახდა რომ გაუჭირდათ, ეს განათლების სამინისტროშიც კარგად იციან. ცოტა ხნის წინ, მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორს მოუწოდა, შეღავათი გაუწიონ მოსწავლეებს და გადასახადი შეუმცირონ. რამდენად აქვთ სახელმწიფოს მოსთხოვოს კერძო ბიზნეს შემოსავლების შემცირება, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ამ ტენდენციის შეცვლის გზად მხოლოდ პანდემიის დამარცხება და ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება რჩება.

ასევე იხილეთ:

COVID-19-ის პანდემიის გავლენის შედეგად, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა -5%-ით შემცირდა, საჯაროში-გაიზარდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური