PISA 2022-ის საქართველოს შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022 წლის ციკლის შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 5 დეკემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
ანგარიში ეფუძნება მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022 წლის ციკლის მონაცემებს. პირველადი ანგარიშის მიზანია საზოგადოებას გააცნოს PISA 2022 წლის ციკლში საქართველოს 15 წლის ასაკის მოსწავლეების შედეგები კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სფეროებში. მონაცემები გაანალიზებულია სკოლის ტიპის, მოსწავლის სქესის, სკოლის ადგილმდებარეობისა და ტესტის ენის მიხედვით. ამავე ანგარიშში მოცემულია თუ რა გავლენას ახდენს 15 წლის მოსწავლის სოციალურ – ეკონომიკური სტატუსი სწავლის შედეგებზე და რას ფიქრობენ მოსწავლეები სამომავლო კარიერულ არჩევანზე. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა კოვიდპანდემიის (COVID 19) გავლენას ზოგადად PISA 2022-ში მონაწილე ქვეყნების/ეკონომიკების და მათ შორის, საქართველოს მოსწავლეთა მიღწევებზე.
როგორც NAEC-ი განმარტავს, საქართველოში OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის ციკლი ჩატარდა COVID-19 პანდემიის კრიზისული ფაზის დროს. კოვიდპანდემიამ მთელ მსოფლიოში დიდი ზიანი მიაყენა ბევრ სექტორს, განსაკუთრებით განათლებას. COVID-19 იყო განათლების მდგრადობის ერთგვარი ტესტი იმის გასაგებად, შეძლებდნენ თუ არა საგანმანათლებლო სისტემები, სკოლები და მოსწავლეები მთელ მსოფლიოში მოულოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას. PISA 2022 წლის მონაცემები გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხეს სხვადასხვა ქვეყანაში ამ გლობალურ გამოწვევას განათლების სისტემებმა, სკოლებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.
გამოცდების ცენტრი წერს: უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს კოვიდპანდემიასთან (Covid-19) მიმართებაში საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა – 2018 წლის შედეგებთან მიმართებაში 2022 წელს საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არც ერთ სფეროში (მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც შედეგები 2018 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა.
ძირითადი მიგნებები
ანგარიში 2022
NAEC-ის ცნობით, PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს. საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოსცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები.
“მიუხედავად ამ პერიოდში არსებული პანდემიური ფონისა, საქართველომ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებლის ჩვენება OECD-სა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით 98% (15 წლის მოსწავლეების 95%-ის დაფარვა). საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი – 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი – 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში”, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი და სკოლების სია – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის