GE

მოსწავლეთა საბანკეტო წვეულება – ღონისძიების ორგანიზატორი მნიშვნელოვან დეტალებს ასახელებს

სულ მალე მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ბოლო ზარი დაირეკება. ამ საზეიმო დღის შემდეგ, მათ გამოსაშვები ღონისძიება -საბანკეტო წვეულება ელით.

როგორ წესი, საქართველოში მოსწავლეებისთვის ამ ტიპის ღონისძიებები რესტორნებსა და საბანკეტო დარბაზებში ტარდება. წვეულების მნიშვნელოვან სტუმრებს შორის არიან მშობლები, მასწავლებლები და სკოლის წარმომადგენლები. ორგანიზების პროცესში კი ყველა თანაბრად არის ჩართული.

„არცერთი დეტალი მოსწავლეებთან შეთანხმების გარეშე“ – ბოლო ზარის კარგად ორგანიზებული ღონისძიება ასეთი უნდა იყოს

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ბანკეტის მოწყობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიცია აქვს, ეს დღე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის მართლაც გამორჩეულია და სწორედ ამიტომ, EDU.ARIS.GE შეეცდება, ამ ღონისძიების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. ღონისძიებების ორგანიზატორი, მარი გერეხელია გვესაუბრება, როგორ უნდა დაიგეგმოს სწორად საბანკეტო წვეულება, რა აქტივობებით შეგიძლიათ ამ ტიპის ღონისძიების გახალისება და გიამბობთ იმ დეტალების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, რომ ღონისძიებამ მშვიდად ჩაიაროს.

– მარი, თავდაპირველად გვითხარით, ვინ უნდა იყოს ჩართული კლასის საბანკეტო ღონისძიების ორგანიზების პროცესში და რატომ?

– უნდა ვთქვა, რომ საბანკეტო ღონისძიების ორგანიზება სულაც არ არის მარტივი საქმე და აუცილებლად მოითხოვს ყველა იმ ადამიანის მაქსიმალურ ჩართულობას, რომლებიც წვეულების სტუმართა სიაში არიან. თუ დამრიგებელი შეძლებს, რომ ყველა სტუმართან ჰქონდეს საერთო კომუნიკაცია, თუნდაც დისტანციური, ეს ნამდვილად იქნება კარგი და უცილებელიც. ეს თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და ხელს შეუწყობს, რომ დაცული იყოს ღონისძიების მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება. (ვფიქრობ, უმჯობესია, დამრიგებელმა 3-4 საორგანიზაციო შეხვედრა მაინც ჩაატაროს).

– როგორც წესი, მოსწავლეები სკოლის დასრულებას რესტორანში, დახურული ღონისძიებების ფორმატში აღნიშნავენ. ხომ არ შეიცვალა ეს ტენდენცია, დღეს სად ამჯობინებენ ბანკეტის გადახდას?

– რამდენიმე წელია, ტენდენცია შეცვლილია. თუ ათიოდე წლის წინ და უფრო ადრეც, ბანკეტებს ძირითადად რესტორნებში ან საბანკეტო დარბაზში მართავდნენ, დღეს ეს ტრადიცია ორგანიზების კუთხით გაცილებით დაიხვეწა. მიმართავენ სხვადასხვა “ივენთ” კომპანიებს, რომლებიც აწყობენ ამ ტიპის წვეულებებს და მოსწავლეებს თავად ურჩევენ ჩატარების ლოკაციასაც. რასაკვირველია, ეს უფრო ძვირადღირებული მომსახურებაა. შედარებით ბიუჯეტურია ბანკეტის ქალაქგარეთ გადახდა, კერძო სახლის დაქირავება, სადაც იქნება ეზო, აუზი და დეკორაციული გაფორმებისთვის უფრო მეტი სივრცითი  თავისუფლება. ასეთ გარემოში ფოტოებიც ბევრად მრავალფეროვანი და  ფერადია, ვიდრე მაგალითად, რესტორანში. ამასთან, გაცილებით უფრო კომფორტულია და მოსწავლეებთან ერთად  სტუმრებიც თავისუფლად გრძნობენ თავს. როგორც წესი, დროც მეტი აქვთ, დილამდე არ იშლებიან და ეს ძალიან მოსწონთ.

– რა არის ის აუცილებელი ფაქტორები, რომლებიც ამ ტიპის ღონისძიების ორგანიზებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია?

– როცა ღონისძიებას აორგანიზებ, ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო ფაქტორიც მნიშვნელოვანია, არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი. ლოკაცია, სტუმართა სია, მენიუ, აქტივობები, მუსიკალური გაფორმება, ღონისძიების დიზაინი და სტილი, ფოტო-ვიდეო გადაღება… ყველაფერი გასათვალისწინებელია, რათა ყველაფერმა ისე ჩაიაროს, როგორც მოსწავლეებს წარმოუდგენიათ. ასევე, აქვე მინდა დავამატო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოკაცია მყუდრო და უსაფრთხო ადგილას იყოს, ცენტრალურ გზასთან ახლოს და წინასწარ იყოს შესწავლილი, რამდენად ახლოსაა აფთიაქი, მაღაზია, საავადმყოფო,…რასაკვირველია, ცუდის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ყველა დეტალი გასათვალისწინებელია.

  • განსახორციელებელი აქტივობების გეგმა. დამრიგებელს შეუძლია, მოსწავლეებთან ერთად, წინასწარ დაგეგმოს სხვადასხვა აქტივობები. მაგალითად, გასართობი თამაშები, მაგრამ ისინი არ უნდა ჰგავდეს სასკოლო აქტივობებს და თუ საჭირო გახდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენოს. თუ მოსწავლეები გასართობი თამაშების გარეშეც ერთობიან, უმჯობესია, არ ჩაერიოს და გასართობი თამაშები გამოიყენოს მაშინ, თუ იგრძნობს, რომ სტუმრები პასიურობენ.
  • მუსიკალური გაფორმება და აკომპანემენტი. არ არის აუცილებელი, დაიქირაოთ მუსიკოსი ან მუსიკალური ჯგუფი. მუსიკის პედაგოგთან ერთად, დამრიგებელსაც შეუძლია, რომ ამ საღამოსთვის სახალისო რეპერტუარი შეარჩიოს. მით უფრო, თუ კლასში მოიძებნება მოსწავლე კარგი სმენითა და ხმით, რატომაც არა! შეგიძლიათ, გამოიყენოს მისი ნიჭი და შესაძლებლობები, რომ ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდეს.
  • ფოტო – ვიდეო გადაღება. ეს დღე აუცილებლად უნდა დარჩეს ყველა სტუმრის მეხსიერებაში. აქაც გეტყვით, რომ ფოტოგრაფის სწორი შერჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც წესი, ამ ტიპის ღონისძიებისთვის განსხვავებული სპეციფიკით მუშაობენ ღონისძიების გამშუქებელი ფოტოგრაფები და უმჯობესია, მათ მიმართოთ და წინასწარ სთხოვოთ საკუთარი კატალოგის ჩვენებაც.
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალები. ბანკეტის დღეს სიჩქარის გადაჭარბებას, ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოქმნილ დაპირისპირებებს, ჩხუბს, კონფლიქტს არ უნდა ჰქონდეს ადგილი. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, ყურადღებით გადაიხედოს სტუმრების სია და საბანკეტო სუფრაზე მხოლოდ მსუბუქი ალკოჰოლური სასმელი იყოს.

– და ბოლოს, თქვენი გამოცდილებით, რამდენად დიდი ხარჯია მშობლისთვის ბანკეტი, დაახლოებით რა თანხა სჭირდება ერთ მოსწავლეს, რომ ამ წვეულებაზე წასვლა შეძლოს?

– ყველა დეტალი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული. მინიმალური თანხა მოკრძალებული ბანკეტისთვის მშობლებს 1 500 ლარი მაინც სჭირდებათ და ეს მაშინ, თუ ამცირებენ სამოსის ბიუჯეტს. ზოგადად, ხარჯები ინდივიდუალურია და გაცილებით მეტიც შეიძლება დასჭირდეთ.

ასევე იხილეთ:

როცა ბოლო ზარი ახლოვდება – რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური