GE

„არცერთი დეტალი მოსწავლეებთან შეთანხმების გარეშე“ – ბოლო ზარის კარგად ორგანიზებული ღონისძიება ასეთი უნდა იყოს

„მოსწავლეებს მოვუწოდებ, გაუფრთხილდენ, როგორც საკუთარ, ისე ჩვენს ჯანმრთელობას და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ გადამეტებული სიჩქარით მოძრაობა არის საშიში! ამიტომ, ამ მეტად დასამახსოვრებელ დღეს, ნუ გარისკავთ და ნუ ჩააგდებთ თქვენი და თქვენი მეგობრების სიცოცხლეს საფრთხეში!“, – დამრიგებლის ეს თხოვნა ყველა იმ მეთორმეტე კლასის მოსწავლეს და მის თანამგზავრს ეხება, ვინც სკოლის ბოლო ზარში მონაწილეობის მისაღებად სწორედ ახლა ემზადება.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვლილი ბოლო ზარის ტრადიცია ძველ სახეს იბრუნებს და წელს მოსწავლეები სკოლასთან გამოთხოვების ბედნიერ დღეს განსაკუთრებული ჟრიამულით ელიან. სპეციალურად ამ დღისთვის, მოსწავლეები თეთრ პერანგებსა და წინსაფრებს აქტიურად არჩევენ, მშობლებიც განსაკუთრებულ მზადებაში არიან. დამრიგებლები კი ცდილობენ, ეს დღე კურსდამთავრებულთათვის საუკეთესო მოგონებად აქციონ, თავიდან აიცილონ სხვადასხვა საფრთხეები და როგორც თავად გვიხსნიან, ეს არცთუ იოლი საქმეა.

EDU.ARIS.GE – ს კლასის დამრიგებლობის 10 წლიანი გამოცდილების მქონე ინგლისური ენის სპეციალისტი, სურამის #4 საჯარო სკოლის პედაგოგი, თიკო მეტრეველი ესაუბრა, რომელმაც ყველა ის დეტალი გაგვანდო, რაც ბოლო ზარის ღონისძიების ორგანიზებას უკავშირდება და კოლეგებს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, პრაქტიკული რჩევებიც მისცა.

– თიკო, პირველ რიგში, გვითხარით, ვის ენიჭება ბოლო ზარის ღონისძიების ჩატარების პასუხისმგებლობა და ვინ უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული?

– მოგეხსენებათ, ყველა ცდილობს, ბოლო ზარის დღე განსაკუთრებული იყოს XII კლასის მოსწავლეებისთვის. ამიტომ, მთელი სასკოლო საზოგადოება ჩართულია სამზადისში.
კლასის დამრიგებელს ენიჭება მთავარი პასუხისმგებლობა, რომ ორგანიზება გაუწიოს ბოლო ზარის ღონისძიებას, თუმცა დეტალებს (თარიღს, დროს, ღონისძიების ფორმატს), წინასწარ ათანხმებს დირექციასთან. რაც შეეხება სამზადისს, არასაგაკვეთილო დროს ვიკრიბებით დამრიგებელი და მოსწავლეები სკოლის სააქტო დარბაზში და იქ ვმუშაობთ დღის პროგრამაზე. სკოლის კურიოზებიდან ვარჩევთ ყველაზე სახალისოს, ასევე, მოსწავლეები ამზადებენ მასწავლებლების პაროდიებს და საგაკვეთილო პროცესის ინსცენირებებს. ვფიქრობთ და ვამზადებთ სხვადასხვა მუსიკალურ ნომერს ცეკვისა და სიმღერის ელემენტებით. დასაგეგმია ხოლმე ვიდეო თუ ფოტო-კოლაჟების მომზადების საკითხებიც.

– თიკო, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის რომ განმარტოთ, რომელ საათზე ირეკება ბოლო ზარი და სავალდებულოა, მოსწავლე დილიდანვე გამოცხადდეს სკოლაში? როგორია დღის განრიგი?

– დიახ, აუცილებელია, მოსწავლე დილიდანვე გამოცხადდეს სკოლაში. მათ იქ გაფორმებული საკლასო ოთახი ელოდებათ. როგორც წესი, ფოტო/ვიდეო ოპერატორიც მოდის და მოსწავლეები იღებენ სამახსოვრო ფოტოებს, როგორც სკოლის ეზოში, ასევე საკლასო ოთახში. ეწყობა ფლეშმობი სკოლის ეზოში, სადაც მთელი სასკოლო საზოგადოება უერთდება კურსდამთავრებულთა სიხარულს და თეთრ პერანგებზე სურვილებსა თუ მილოცვებს აწერენ. დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რომელ საათზეა დაგეგმილი ღონისძიება, ბოლო ზარი ირეკება და მოსწავლეები, დირექცია, მასწავლებლები, და მშობლები სააქტო დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც სასიამოვნო ემოციებით დახუნძლული ბოლო ზარის ღონისძიება ელით.

ღონისძიების შემდეგ კურსდამთავრებულები ემშვიდობებიან საყვარელ სკოლას, მასწავლებლებს და წინასწარ დაგეგმილ ლამაზ ადგილას (მცხეთაში, ბორჯომში ან რაბათში) მიდიან მსუბუქი ავტომანქანებით. საღამოს დაგეგმილი აქვთ გამოსაშვები საღამო და სკოლის დამთავრებას იქ აღნიშნავენ.

– გაგვიზიარეთ ღონისძიების დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი წესები თვენი კოლეგა დამრიგებლებისთვის

დირექციასთან შეთანხმება – არ დააგვიანოთ ღონისძიებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა და დირექციასთან დეტალების შეთანხმება;

მშობლები – არ გაწყვიტოთ კავშირი მშობლებთან დაგეგმვის და მომზადების პროცესში, რადგან მშობლების ჩართულობა ამ დღესაც აუცილებელია, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევები არ მოხდეს;

მოსწავლეები – არცერთი დეტალი მოსწავლეებთან შეთანხმების გარეშე! დისკომფორტი არ უნდა შეექმნას არცერთ მოსწავლეს;

პროგრამის შინაარსი – დამრიგებელი კარგად უნდა იცნობდეს ღონისძიების პროგრამას და თეატრალური წარმოდგენების დადგმისას, არ დაუშვას დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ხუმრობები ბოლო ზარის ღონისძიებაზე, ეს დაუშვებელია!;

ტრანსპორტირება და სტუმრები – თუ ბოლო ზარის ღონისძიების გაგრძელებას დღის მეორე ნახევარშიც გეგმავთ და დაქირავებული გყავთ კერძო ავტომობილი, არ დაუშვათ, რომ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი იყოს გამოუცდელი, ყურადღება მიაქციეთ ღონისძიების სტუმრებს, ვინ არის მოსული და ხომ არ არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუნდაც მცირედი კონფლიქტისთვის.

მაქსიმალურად შეეცადეთ და არ დაუშვათ გზებზე მსუბუქი ავტომანქანების გადამეტებული სიჩქარით მოძრაობა, იყავით მობილიზებული და ყურადღებიანი. ჩემი მაგალითი რომ გითხრათ, მე მშობელთა კრებაზე, წინასწარ გავაფრთხილე მშობლები, რომ მძღოლი უნდა იყოს არანაკლებ 25 წლისა და სიჩქარე უნდა იყოს არაუმეტეს 90 კმ/საათი ავტომაგისტრალზე და დასახლებულ პუნქტში არაუმეტეს 60 კმ/საათი. განვუმარტე, რომ რესურსცენტრის და დირექციის რეკომენდაციაა და გაგებით მოეკიდონ.

– რომ შევაჯამოთ, როგორი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული ბოლო ზარი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს?

– კარგად ორგანიზებული ბოლო ზარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს  დროში წინასწარ გაწერილი -მოსწავლემ, მშობელმა, მასწავლებელმა, სტუმრებმა უნდა იცოდნენ ღონისძიების მსვლელობა და ზუსტი დრო, რა დროს რა ხდება; გამორჩეული დიზაინის და ფორმატის -თეთრი პერანგები და წინსაფრები ქმნის ბოლო ზარის გამორჩეულ დიზაინს, თუმცა მოსწავლეს არ უნდა მოვთხოვოთ, რომ აუცილებლად ეცვათ თეთრი სამოსი, ეს მათი არჩევანია; დაუვიწყარი ემოციებით აღსავსე – ეს დღე მაშინ იქნება გამორჩეული თუ შევქმნით დაუვიწყარ მოგონებებს; მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ორიენტირებული – მთავარია, მოსწავლე იყოს უსაფრთხოდ!

– მიმართეთ კოლეგებს

– ამ ერთი დღით თქვენც მოსწავლე უნდა იყოთ, მათი განცდები და ემოციები ხომ გადამდებია. გაიზიარეთ მათი სიხარულიც, ცრემლებიც და სკოლასთან განშორების არცთუ ისე შეუმჩნეველი სევდა. დაე, ეს დღე მათ მეხსიერებაში ყველაზე ლამაზ მოგონებად დარჩეს სასკოლო ცხოვრებიდან.

ასევე იხილეთ:

როცა ბოლო ზარი ახლოვდება – რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური