როცა ბოლო ზარი ახლოვდება – რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად
ბოლო ზარი ახლოვდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმაც აქტიურად დაიწყეს თეთრი პერანგების შერჩევა, რომელზეც სულ მალე მოლოცვის ამსახველი გულთბილი და მხიარული წარწერები გაჩნდება.
თეთრ პერანგებზე მხატვრის მიერ შესრულებულ თემატურ ნახატებსაც ვხდებით, რაშიც მოსწავლეები გარკვეულ თანხას იხდიან და როგორც გავარკვიეთ, ეს საქმიანობა მაისის თვეში საკმაოდ შემოსავლიანც არის.
მაღალკლასელების დახმარების მიზნით, EDU.ARIS.GE -ს, ახალგაზრდა მხატვარი, თამარ ხეჩიკაშვილია ესაუბრა, რომელიც ბოლო ზარის პერანგებზეც მუშაობს. თამარი გეტყვით, როგორ შეარჩიოთ ნახატი, დაახლოებით რა თანხა დასჭირდებათ პერანგის მოხატვისთვის. გარდა ამისა, ის გაგიმხელთ ახალ ტენდენციებს და გეტყვით, რას იხატავენ ყველაზე ხშირად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.
– თამარ, პირველ რიგში, გვითხარით, ისევ პოპულარულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში პერანგების მოხატვა? ან რამდენად შემოსავლიანია ეს საქმიანობა პროფესიონალი მხატვრებისთვის?
– მოგეხსენებათ, ბოლო ზარის პერიოდი მხოლოდ მაისის თვეა, შესაბამისად, სწორედ ამ დროს იმატებს შეკვეთები. თითოეული ნახატის დახატვას დიდი შრომა სჭირდება და სწორედ ამიტომ, 20 ნახატი ის მაქსიმალური რაოდენობაა, რომლის დახატვასაც ვახერხებ ხოლმე. ზოგიერთი მოსწავლე, ხელით შესრულებული ნახატის ნაცვლად, ამობეჭდილ ნამუშევარს ირჩევს, რადგან შედარებით სწრაფი და იაფი საშუალებაა. გეტყვით იმასაც, რომ პერანგების მოხატვის ტენდენცია არ შეცვლილა და ხშირად, მოსწავლეებთან ერთად, კლასის დამრიგებლებსაც მოაქვთ თეთრი პერანგები, რომ მოვუხატოთ, ეს ტენდენცია შედარებით ახალია.
– რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, სანამ სასურველი ნახატის შერჩევას შეუდგება?
– ბოლო ზარის პერანგზე, ყველა მოსწავლეს საკუთარი ინდივიდუალურობის გადატანა სურს. ნახატებით ვიგებთ თუ რა უყვართ, რომელი პროფესიის დაუფლება სურთ, და ა.შ. მოსწავლეებს ვურჩევ, ისეთი ნახატები შეარჩიონ, რომლებიც მეტად გაულამაზებთ ბოლო ზარის დღეს და არ იქნება სტრესული ან ნეგატიური.
– როგორ შეარჩიოს ასეთი, პოზიტიური და არასტრესული ნახატი?
ამისთვის შეუძლია, რამდენიმე გზას მიმართოს.
1. გასული წლების ნამუშევრები. ინტერნეტში ბევრი საინტერესო ნახატი შეიძლება შეგხვდეთ. ძირითადად, მოსწავლეები ნამუშევრის იდეებს სწორედ გასული წლების ბოლო ზარელების პერანგებიდან იღებენ ხოლმე და შემდეგ, საკუთარი გემოცნებისა თუ სურვილების მიხედვით ვქმნით ახალ ესკიზს.
2. იდეების საძიებელი ინტერნეტ გვერდები. არის ისეთი შეკვეთები, რომელიც ხშირად მეორდება. ჩემი აზრით, იდეების მოძიების საუკეთესო გზაა აპლიკაცია „Pinterest“, სადაც ნებისმიერ ინტერესზე მორგებული ნამუშევრის არჩევაა შესაძლებელი.
3. საკუთარი წარმოსახვა. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს საკუთარი წარმოსახვით სურს ნახატის შექმნა. ის გვეტყვის რა უნდა და ჩვენც ერთად ვქმნით ესკიზს. რასაკვირველია, ეს უფრო შრომატევადია და კარგვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ საბოლოოდ, ინდივიდუალურ ნახატამდე მივდივართ, რომელიც სხვა ნამუშევრის იდენტური არ არის და გაცილებით ორიგინალურია.
– საშუალოდ რა უჯდება კურსდამთავრებულს პერანგის მოხატვა და რაზეა დამოკიდებული ფასი?
– ფასები დამოკიდებულია ნახატის ზომასა და სირთულეზე. ნახატის ფასები, დაახლოებით, 15 ლარიდან იწყება. ყველაზე მაღალფასიანი, რაც მე დამიხატავს 80 ლარად შეფასდა – დიდი ზომის ნახატი იყო. ვფიქრობ, რომ მხატვრისთვის, პირადად ჩემთვის, საკმაოდ “უხერხული” მომენტია საფასურის მოთხოვნა, რადგან ვიცი, მოსწავლებისათვის მაისი როგორი ხარჯიანი თვეა. ხშირ შემთხვევაში, შემკვეთს ვთავაზობ, რომ თავად დაასახელოს მისთვის მისაღები თანხა. როგორც ასეთი, რეგულირებული ფასი არ არსებობს და ყველგან სხვადასხვაა.
– რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან გოგოებისა და ბიჭების არჩევანი, ახალი ტენდენციები როგორია?
– როგორც ზემოთ ვახსენე, ნამუშევარში ყველა საკუთარი ინდივიდუალურობისა და შინაგანი სამყაროს გადმოტანას ცდილობს. გოგოების არჩეული ნამუშევრები მეტად ფერადია, ხოლო ბიჭები, ძირიდად სადა ან შავ-თეთრ ნამუშევრებს ირჩევენ. ვფიქრობ, ყველა ნახატით შეგვიძლია კურსდამთავრებულის ხასიათის ამოცნობა. ამ პერიოდშიც, ისევე როგორც ადრე, საკმაოდ აქტუალურია საყვარელი ფილმის ან ანიმაციის პერსონაჟების დახატვა, ასევე მომატებულია ჰობის, ან მომავალი პროფესიის მიმანიშნებელი ნამუშევრის შეკვეთები. იმატა ტენდენციამ იუმორის შემცველი ნახატების ხატვაზე.
– რას ეტყოდით კურსდამთავრებულებს, რომლებიც სასურველი ნახატის შერჩევას სწორედ ახლა ცდილობენ?
– შეეცადეთ, იყოთ პოზიტიურები და ამ დღისთვის შეარჩიოთ ისეთი ნახატი, რომელიც განსაკუთრებით მოგწონთ, გაქვთ მიზეზი თუ რატომ მოგწონთ. პერანგს, რომელიც ამ დღეს გაგილამაზებთ მთელი ცხოვრება შეინახავთ, ბოლო ზარის დღე მართლაც განსაკუთრებულია. ბედნიერებასა და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ კურსდამთავრებულსა და აბიტურიენტს.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მზეო შველიძე
- მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – განკარგულება by ARIS.GE-განათლება
- „საბაზო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმა ისეა შედგენილი, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი დაძლევა არ შეუძლია“ by ARIS.GE-განათლება
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება