მოსწავლის ქცევის კოდექსი
სკოლის მოსწავლის ქცევის კოდექსი 6 წელია არ განახლებულა. 2015 წლისთვის დაანონსებული მასწავლებლის, სკოლის დირექტორისა და მოსწავლის განახლებული ქცევის კოდექსის თაობაზე სიახლე არ არის. საჯარო სკოლების შინაგანაწესიც დღემდე სწორედ 2010 წლის კოდექსზე დაყრდნობით მზადდება. ერთადერთი, რაც დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს მიღებული კოდექსის შემდეგ ზოგადად მასწავლებლის ქცევის მიმართულებით საკანონმდებლო კუთხით შეიქმნა, მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესია. თუმცა, მიუხედავად ამისა, სკოლებში, როგორც კოდექსის დარღვევის, ისე დირექტორის, მასწავლებლის ან მოსწავლის მხრიდან დისციპლინური წესის გადაცდომის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, მკითხველის ყურადღება დღეს არსებულ კოდქსებზე მიაქციოს.
მოსწავლის ქცევის კოდექსი
მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
მოსწავლის ქცევის წესები
მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება
1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.
მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება
მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს
1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
ა) თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;
გ) სანთებელა ან ასანთი;
დ) ალკოჰოლური საშუალებები;
ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი) ნარკოტიკული საშუალებები;
კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის
მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი
სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება