„მოტივირებული ვიყავი, რომ მესწავლა“ – როგორია საქართველოში 15 წლის მოსწავლეთა გამოცდილება დისტანციური სწავლებისას
2022 წელს საქართველოში გამოკითხული 15 წლის მოსწავლეების პასუხების თანახმად, დისტანციური სწავლებისას საქართველოში გამოკითხული მოსწავლეთა 31% თავს მარტოსულად გრძნობდა, თუმცა 65%-ს დამოუკიდებლად სწავლა სიამოვნებდა. ამის შესახებ ცნობილი ხდება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022 პირველადი ანგარიშიდან.
მართალია, PISA 2022-ის შედეგები ვარაუდობს, რომ ზოგადად, მოსწავლეების გამოცდილება დისტანციური სწავლების შესახებ არ იყო დადებითი, მაგრამ ამის მიუხედავად, საკითხზე როგორი იყო მოსწავლეების გამოცდილება დისტანციური სწავლების შესახებ? – საქართველოში ჩატარებული გამოკითხვიდან მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ჩვენთან მოსწავლეები არაერთი მიმართულებით არიან კმაყოფილნი.
მაგალითად, გამოკითხულთა 66% მიუთითებს, რომ რომ სასურველ დროს მასწავლებელთან დაკავშირება შეეძლო, ასევე, მოსწავლეთა 68% საქართველოში აღნიშნავდა, რომ, მისი მასწავლებლები კარგად იყვნენ მომზადებული დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად. საქართველოში ჩატარებული გამოკითხვით აღმოჩნდა ისიც, რომ ქართველი მოსწავლეები სწავლისადმი მოტივაციაშიც სჯობნიდნენ სხვა ქვეყნის მოსწავლეებს.
იხილეთ საქართველოს შედეგები (ლურჯი ველი) და მისი შედარება სხვა ქვეყნებთან:
პანდემიის დროს საქართველოში სასწავლო და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის თემაზე PISA 2022-ში ასეთი ჩანაწერი გვხვდება:
“საქართველოში, პანდემიის დროს ყოველდღიურად მოსწავლეებისთვის დამოუკიდებლად სასწავლო მასალის გაგზავნა მოსწავლეთა 31%-თან აღინიშნა, საშინაო დავალებების გაგზავნა – 50%-თან. მოსწავლეთა 33%-მა განაცხადა, რომ სასწავლო მასალა იტვირთებოდა სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში ან სკოლის სასწავლო პლატფორმაზე (33%), ხოლო მოსწავლეთა 40%-ის აზრით, მასწავლებელი ყოველდღიურად ახდენდა მათ შემოწმებას. მოსწავლეთა 47%-მა მიუთითა, რომ სკოლები ყოველდღიურად ატარებდნენ ონლაინ გაკვეთილებს ვიდეო კომუნიკაციის პროგრამებით, ხოლო მოსწავლეთა 46%-ს ყოველდღე თხოვდნენ შესრულებული სასკოლო დავალებების წარდგენას. მოსწავლეთა 38%-მა უპასუხა, რომ აძლევდნენ სასარგებლო რჩევებს დამოუკიდებლად სწავლასთან დაკავშირებით და 29%-ის პასუხების მიხედვით, ყოველდღიურად ეკითხებოდნენ თუ როგორ გრძნობდნენ თავს”, – წერია ანგარიშში.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით 2000 წლიდან (სამ წელიწადში ერთხელ) ტარდება. შეფასება შემუშავებულია ერთობლივად, შეთანხმებულია თითოეულ მონაწილე ქვეყანა/ეკონომიკასთან და ტარდება ეროვნული ცენტრების მიერ. საქართველოში შეფასებას სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. საქართველო PISA-ში 2009 წელს ჩაერთო, მომდევნო შეფასებები ჩატარდა 2015, 2018 და 2022 წლებში.
PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს წარმოადგენს. საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 267 სკოლის 6,583-მა მოსწავლემ, სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირების პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% მე-10 კლასში ირიცხებოდა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება