GE

„მოვითხოვთ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას“ – განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, დარჩნენ სკოლაში ის პრაქტიკოსი პედაგოგები, ვინც საკუთარ საგანში კომპეტენციის დაადასტურება ვერც 2021 წლის ზაფხულის გამოცდებზე შეძლო.

როგორც 12 ნოემბერს, EDU.ARIS.GE-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ განუცხადა, აქციის წევრთა მოთხოვნებს დღეს მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრაც დაემატება.

„ჩვენ მოვითხოვთ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას. განათლების მინისტრი მის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უნდა ესაუბრებოდეს. თუ ამას არ გააკეთებს, შემდეგ, ალბათ, მისი გადადგომის საკითხსაც დავაყენებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩხენკელის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის გადადგომას უკვე ვითხოვთ. მოთხოვნა სამინისტროში ორი კვირის წინ გადაიგზავნა“, – უთხრა ფერაძემ EDU.ARIS.GE-ს.

პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც საგანი ვერ ჩააბარეს და სკოლა იანვრიდან უნდა დატოვონ, აქციას სამთავრობო უწყებებთან პერმანენტულად მართავენ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით კი, 2021 წლის ზაფხულში, საგნის გამოცდაზე გასული 5 340 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა მასწავლებელმა და მოქმედი კანონის თანახმად, სკოლა მათ ადგილას ვაკანსიას 2022 წლის იანვარში გამოაცხადებს.

ასევე იხილეთ:

რატომ იმსახურებთ სკოლაში დარჩენას? – რა არგუმენტები აქვთ საკუთარი საგნის გამოცდაში ე.წ ჩაჭრილ პრაქტიკოს მასწავლებლებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური