„მოხდეს სკოლის დამთავრებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების გაუმჯობესება“ – IDFI-ს რეკომენდაციები 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ
„სკოლამდელი და საშუალო განათლების საჭიროებების იდენტიფიცირება და ამ საფეხურებზე დაფინანსების გაზრდა“ ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწავლის საფუძველზე მომზადებულ დოკუმენტში ჩაწერა.
„2023 წლის ბიუჯეტის პროექტი: პასუხი ქვეყნის გამოწვევებზე“ ანგარიშში მოყვანილია განათლების სექტორის სხვადასხვა საფეხურებზე არსებული და აქამდეც ცნობილი გამოწვევები.
„ქვეყნის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური ზრდისთვის მიდგომების და, საზოგადოდ, პოლიტიკის გაბედული გადააზრებაა. 2023 წ. ბიუჯეტის პროექტი გაცილებით უკეთ შეიძლება პასუხობდეს ქვეყნის უმთავრეს ინფრასტრუქტურულ და განათლების გამოწვევებს, რაც საერთაშორისო გამოცდილებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივია“, – ვკითხულობთ IDFI-ს მიერ მომზადებულ მასალაში, რომლის პრეზენტაციაც 28 ოქტომბერს შედგა.
დოკუმენტის ავტორები კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს მაჩვენებლებს საქართველოს მაგალითზე, რომელი კვლევაც 15 წლის მოზარდებში ზომავს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ცოდნას და უნარებს:
PISA-ს საერთაშორისიო შეფასების შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს განათლების სისტემას მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდება იმისთვის, რომ ამ შეფასებაში ბოლოდან ეტაპობრივად ავიწიოთ მაღლა. PISA-ს შეფასების 2018 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს, რაც ძალიან დაბალი შედეგია და მიუთითებს ჩვენი განათლების სექტორში არსებული გამოწვევების სიმწვავეზე.
საქართველოში ყოველი 15 წლის მოსწავლეების 65% ფუნქციონალურად უწიგნური (რაც ნიშნავს, რომ შეიძლება პრობლემები ჰქონდეს ტექსტის გაგებასა და გაანალიზებაში), ევროკავშირში კი 20%.
განათლების სექტორის გამოწვევებში მოხვდა როგორც მასწავლებელთა ასაკი სკოლებში, ისე მათი ანაზღაურებაც, მაგრამ მთავარ გამოწვევად დასახელდა მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელთაც ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სასწავლო მასალებზე წვდომა არ გააჩნიათ.
სექტორის ზოგადი გამოწვევები მოიცავს: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდას და დაბალ ხელფასებს, დაბალი ხარისხის ტექნიკურ აღჭურვილობას და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციას. გარდა ამისა, სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და შვილებს ვერ აძლევს წვდომას შესაბამის ლიტერატურასა თუ სასწავლო მასალებზე.
რაც შეეხება სკოლამდელ განათლებაში არსებულ გამოწვევებს, IDFI იშველიებს მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის 2022წ. ანგარიშს და წერს, რომ არსებითი პროგრესის მიუხედავად, ბავშვთა განვითარების შედეგები მნიშვნელოვნად დაბალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე.
„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება ადამიანური განვითარების სექტორებში, რამაც გამოიწვია ბავშვის განვითარების შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. მიუხედავად ამ პროგრესისა, კვლავ არის გამოწვევები. ე.წ. სთანთინგი (Stunting), რაც ცუდი კვებით, ინფექციებით და არაადეკვატური ფსიქოემოციური სტიმულირებით გამოწვეული განვითარების შეფერხებაა, ბავშვების დაახლოებით 6%-ში შეინიშნება. 2-7 წლის ბავშვების თითქმის 40% აქვს სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია, რაც გავლენას ახდენს მათ გონებრივ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე. ხუთ წლამდე ქართველი ბავშვების თითქმის ნახევარს სახლში სამზე ნაკლები საბავშვო წიგნი აქვს; თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი არ დადის საბავშვო ბაღში, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში პრაქტიკულად ყველა ბავშვი დადის“, – წერია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწავლის ანგარიშში.
რეკომენდაციები განათლების მიმართულებით:
პროდუქტიული დარგების საბიუჯეტო დაფინანსება: განათლება
- მოხდეს სკოლამდელი და საშუალო განათლების საჭიროებების იდენტიფიცირება, რისი ნაწილიც ასახულია მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის 2022წ. ანგარიშში, და შესაბამისად გაიზარდოს დაფინანსება;
- დაიწყოს PISA-ს შედეგების გაუმჯობესებისთვის კვლევებზე დაფუძნებულ ძირეული რეფორმა, მათ შორის მოხდეს სკოლის დამთავრებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების გაუმჯობესება იმგვარად, რომ ამან პოზიტიურად იმოქმედოს მოსწავლეების მოტივაციაზე, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლის არჩევანზე და შესაბამისად სწავლის ხარისხზე. დღეს სკოლადამთავრებულ მოსწავლეთა მხოლოდ 6% მიმართავს პროფესიულ სასწავლებლებს, ხოლო 81% უმაღლეს სასწავლებლებში მიდის, თუმცა მაღალია ალბათობა იმის, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირი ვერ იპოვის სამუშაოს;
- მოხდეს პროფესიული განათლების გადაწყობა იმ დაშვებით, რომ ახლო მომავალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მძლავრი ტალღა წამოვა. საერთაშორისო გამოცდილებით, ის ქვეყნები, რომლებიც ასე მოიქცნენ, უკეთ მომზადებული ხვდებოდნენ ინვესტიციების ნაკადებს.
ასევე იხილეთ:
„გაიზარდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირდაპირი დაფინანსების შესაძლებლობები“
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება