მშობლის დაბარება სკოლაში – იძულებითი ურთიერთობის ფორმა
USAID – ის დასკვნამ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის შესახებ მასწავლებლების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. შედეგად, სოციალურ ქსელში არა ერთი მსგავსი შინაარსის კომენტარი გაკეთდა:
“სატელეფონო ხარჯებს ვინ გადაიხდის? მასწავლებელს აქვს იმდენი ხელფასი, რომ თითოეულ მშობელთან დარეკოს?”
“რა სისულელეა. ჯერ მასწავლებლის ჯიბეში ჩაიხედონ, აქვს შესაბამისი ანაზღაურება?”
USAID – ის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სკოლებისა და მშობლების ურთიერთობა ნეგატიურ კონტექსტში მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, მოხდეს მშობლების წახალისება; მაგალითად, შვილის შესაქებად მასწავლებელი მოსწავლის ოჯახს ტელეფონით ან ელ. ფოსტით უნდა დაუკავშირდეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ლომიტაშვილი სკოლისა და მშობლების ურთიერთობის პრობლემას ორმხრივ ჭრილში განიხილავს.
„მშობლებთან ტელეფონზე დარეკვა სტერეოტიპების გაღრმავებას შეუწყობს ხელს, ასე უფრო თვალსაჩინო გახდება ვინ “ზარმაცია” და ვინ “კარგი” მოსწავლე. ჩვენი რეალობა ასეთია: მშობლების ჩართულობა დაწყებით კლასებში მაღალია, მეხუთე კლასიდან იკლებს და მაღალ კლასებში თითქმის აღარ მოდიან. მასწავლებელი ძალით ხომ ვერ მოიყვანს მშობელს სკოლაში? სისტემა უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ წლის დასაწყისში სკოლამ ჩაატაროს ღია კარის დღე, ადმინისტრაციამ გააცნოს მშობლებს შინაგანაწესი. მასწავლებლებმა პრეზენტაციის სახით წარუდგინონ თავიანთი მეთოდოლოგია, მოლიდინები. ღია კარის დღეზე ცოტა მშობელიც რომ მოვიდეს, ხმა აუცილებლად გავრცელდება, რომ სკოლა მუშაობს მშობლებთან. მათაც გაუჩნდებათ ხშირად მოსვლის სურვილი“,- განუცხადა EDU.ARIS.GE–ს პედაგოგმა თამარ ლომიტაშვილმა.
სკოლასთან ურთიერთობის პოზიტიური მაგალითების გახსენება მშობლებს უჭირთ. მათი ვიზიტი სკოლაში სავალდებულოს ფორმატს არ სცილდება.
ნატა ფაილოძე, მშობელი: „ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჩემი შვილის მასწავლებლებს არასოდეს დაურეკავთ ჩემთვის კარგი ამბის სათქმელად. პირიქით, ყოველთვის, როცა სკოლიდან რეკავდნენ, ვიცოდი რომ რაღაც არ იყო კარგად. მშობელთა კრებაზეც ერთმანეთის თვალწინ ხდებოდა ბავშვების ამბების განხილვა და ძირითადად უარყოფით ინფორმაციას ვიღებდით“.
ფატი მამიაშვილი, მშობელი: „მე ვფიქრობ, რომ შეცდომა მშობელთან კომუნიკაციის ფორმაშივეა, რომელსაც ჯერ-ჯერობით ერთადერთი სახელი აქვს და ამას ქვია მშობლის სკოლაში დაბარება. დაბარება და არა მოწვევა ან ურთიერთობა. მშობლების თაობები ვართ მიჩვეული, რომ სკოლაში უნდა დაგვიბარონ. ეს დაბარება ხდება ორ შემთხვევაში, როცა ბავშვი ცუდად იქცევა და როცა არის სავალდებულო მშობელთა კრება. დანარჩენი, რომ მშობელთან არსებობდეს თანაბარი ორმხრივი კომუნიკაცია, ეს არ არის ჩვენს მენტალიტეტში. ეს ვიცით ფილმებიდან. ზღაპარია, რომ ვინმემ წერილი მოგწეროს ან კრებაზეც მადლობა გითხრას. პირიქით, ყურადღება გამახვილებულია მინუსებზე და თუ დასვამ შეკითხვას კარგი მოსწავლის შესახებ, გეტყვიან – თქვენ შვილს არაფერი ჭირდება. იმის იქით თუ ბავშვი წყნარად არის და კარგად სწავლობს, მასწავლებელს არაფერი მოეთხოვება და არც ევალებათ ალბათ”.
მასწავლებლის ანაზღაურება საათობრივი დატვირთვით განისაზღვრება. სახელმწიფო მას ხელფასს ჩატარებული გაკვეთილისთვის უხდის. სხვა ყველაფერი, რასაც აკეთებს ან მისგან საზოგადოება ელის თუ ითხოვს, პედაგოგის კეთილი ნებაა.
„რაკი სამინისტრო მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებას აბამს ხელფასს, ეს ნიშნავს, რომ ის სხვა არაფერს სთხოვს მასწავლებელს. შესაბამისად, სანამ ღირებულებითად და კულტურულად არ შეიცვლება სკოლის და მასწავლებლის დამოკიდებულება, მშობლებთან კომუნიკაციის პრობლემა იარსებებს. სკოლა და მასწავლებლები მშობლებში დიდ რესურსს ვერ ხედავენ, ამიტომ თავს არ იწუხებენ. მაგრამ შემდეგ, როდესაც ცუდი შედეგი დგება, ყველაფერს აბრალებენ მშობელს. რომელიც თურმე ან დაიტერესებული არ არის, ან არ სცალია, ან საქართველოში არ არის და ა.შ.
„სასკოლო კულტურა და მასწავლებელი არ არის ორიენტირებული, სასწავლოს პროცესში მშობლის აქტიურად ჩასართავად გამოძებნოს ფორმები და მექანიზმები. ან თვითონვე უზრუნველყოს აქტივობები, რაც მშობელთა აქტივობას გაზრდის. შეხვედრები სემინარები – კომუნიკაციის ასეთი ფორმების გამოყენება სკოლის სტრატეგიებში არ არის. როგორც მოსწავლეა ინდივიდუალური, ისე მშობლები არიან ინდივიდუალურები და სკოლებს უჭირთ დიფერენცირებული მიდგომების ამუშავება. მხოლოდ და მხოლოდ, თუ რაღაც კატასტროფა ხდება, მაშინ უკავშირდებიან მშობელს და ბუნებრივია, მშობელი როცა სასკოლო ზარს იღებს არის შეშინებული და დამფრთხალი: – რა მოხდა? რამე ჩაიდინა? რამე ხომ არ დაემართა? ანუ სკოლასთან მიმართებაში მშობელს პოზიტიური მოლოდინები არ გააჩნია“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განათლების მკვლევარმა შალვა ტაბატაძემ.
სკოლისა და მოსწავლეთა მშობლების ეფექტური თანამშრომლობის მაგალითები საქართველოში იშვიათად მოიძებნება. საერთაშორისო გამოცდილება კი აჩვენებს:
“როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოცდებისა და ტესტების უკეთესი შედეგები. ამავე დროს უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში”,- ნათქვამია G-PRIED-ის კვლევაში.
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება