GE

მშობლის როლი მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში

რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის როლი მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში, სწავლებასა და მათ პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესში? რამდენად თანაბარია სკოლის და ოჯახის როლი სასურველი სააღმზრდელო შედეგების მისაღწევად? იზრდება თუ არა ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში სწავლის მოტივაცია, აკადემიური მიღწევები და გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი? რა ფორმითაა შესაძლებელი ეს თანამშრომლობა განხორციელდეს? რა ხელისშემშლელ ფაქტორებზე შეიძლება საუბარი, როდესაც საზოგადოებამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, ეს კომუნიკაცია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ჯეროვანი ჩართულობა მშობლებისგან არ ჩანს, ან – ყოველთვის მეორე საფეხურზეა.

როგორც აღმოჩნდა, ამ ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება, ხშირ შემთხვევაში, მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობებია, როდესაც მშობელი ოჯახის რჩენის საშუალებების ძებნითაა დაკავებული და მხედველობიდან ეპარება როგორც შვილის პრობლემები, ასევე, ნაკლები დრო რჩება პედაგოგებთან კონტაქტისთვის. მიზეზებს შორის დაგვისახელეს მშობელთა მხრიდან ნაკლები ინტერესი და ინდიფერენტულობაც.

ჩვენი რესპონდენტები თანხმდებიან, რომ მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება არა მარტო მოსწავლეზე, არამედ თავად მშობელზე, პედაგოგზე და ზოგადად, სკოლაზე. სწორედ ამიტომ, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ერთ-ერთი აქტუალური თემა სწორედ მშობელთა ჩართულობის საკითხი, მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემებზე მუშაობა და ამ პრობლემების მოგვარებაა.

ხათუნა გულიაშვილი, მშობელი, რომლის შვილი თელავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს, აცხადებს, რომ ბავშვის მოქალაქედ ჩამოყალიბების რთულ გზაზე სკოლამ და მშობელმა ერთად უნდა იარონ, სხვაგვარად მიზანი სრულყოფილად არ მიიღწევა:

„იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგებისა და მშობლების კომუნიკაცია ხშირია, მშობელმა ზუსტად იცის, რა დახმარება სჭირდება მის შვილს, რა სირთულეები აქვს, რა მეთოდები გამონახოს მის დასახმარებლად. თავის მხრივ სკოლას, მშობელთან ინტენსიური კავშირით, ბევრად უადვილდება მოსწავლესთან მუშაობა, მისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება და სასკოლო ცხოვრების სრულყოფა“, – ამბობს ხათუნა.

კითხვაზე, როდესაც სასწავლო პროცესის მონაწილე ყველა მხარემ იცის, რომ ამ სახის ურთიერთთანამშრომლობა მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის თუ მათ პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია და მაინც, კონკრეტულ შედეგებამდე ვერ მივდივართ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი გვპასუხობს, რომ „კომუნიკაციის ხელისშემშლელი გარემოება მძიმე სოციალური პირობებია, როდესაც მშობელს შვილისთვის ნაკლები დრო რჩება.

მაია კვარაცხელია კი ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობს და ისიც გვიდასტურებს, რომ სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართვა აუცილებელია არა მარტო სწავლის, არამედ ყოფა-ქცევის თვალსაზრისითაც:

„ჩემი პირადი აზრია, რომ ოჯახი მეტად აყალიბებს ბავშვს, ვიდრე -სკოლა, თუმცა, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ურთიერთთანამშრომლობა საჭიროა. ჩემი გამოცდილებით, მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული შვილის ყოველდღიურობაში, ხშირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს კლასის ხელმძღვანელთან. ამ ყველაფერს კი, პირველ რიგში, ხელს უშლის ორივე მხრიდან უპასუხისმგებლობა“.

მანანა ზუბიტაშვილი, სპეციალობით მათემატიკოსია და რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ამბობს, რომ სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართვა სწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის არის გადამწყვეტი.

„მშობელი, რომელიც სისტემატურად კითხულობს ამბავს მისი შვილის აკადემიური მოსწრების, თუ ქცევის შესახებ და, ყოველი კვირის დასასრულს ინფორმირებულია კლასის დამრიგებლის მიერ მისი შვილის წარმატების თუ წარუმატებლობასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეს ექმნება მოლოდინი, რომ მშობელი გაახაროს და ამისათვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს“, – აცხადებს EDU.ARIS.GE -სთან მანანა ზუბიტაშვილი.

ურთიერთთანამშრომლობის სურვილი კარგია, მაგრამ რა კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზება შეუძლია სკოლას მშობლისთვის, რაც მოსწავლეთა მოტივაციას აამაღლებდა და მათ აკადემიურ მოსწრებაზეც დადებითად იმოქმედებდა?

ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი კონკრეტული აქტივობა, შესაძლოა, იყოს მშობლის დასწრება ამა თუ იმ გაკვეთილზე:

„ასეთ დროს, ე.წ „ურჩი“ მოსწავლეებიც ცდილობენ ხოლმე, რომ თანაკლასელის მშობლის თვალშიც კი უკეთესად წარმოჩინდნენ. ოჯახის და სკოლის როლის ერთად გაზრდა სასურველ სააღმზრდელო შედეგებს მოგვცემს. მაგალითად, თუ სკოლიდან დაბრუნებულ მოსწავლეს ყოველდღიურ რუტინად ექცევა დავალებების შესრულება; თუ მოსწავლეს ოჯახის ერთ-ერთი წევრი რეგულარულად შეახსენებს, რომ უკეთესია, დროზე შეასრულოს გაკვეთილები და დამატებითი დრო გამოიყენოს სპორტისთვის, ან სხვადასხვა წრეზე სიარულისთვის და ბავშვი ასეთ რეჟიმს მიეჩვევა, სასურველ სააღმზრდელო შედეგებამდე მივალთ. რა თქმა უნდა, ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, სწავლის მოტივაცია და აკადემიური მიღწევები იზრდება და გაკვეთილებზე დასწრების ხარისხიც უმჯობესდება“, – დასძენს პედაგოგი.

კითხვაზე, რა ფორმით არის შესაძლებელი მშობლის და პედაგოგის ურთიერთობა ის გვპასუხობს, რომ ეს შეიძლება, იყოს ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრა, გაკვეთილებზე დასწრება, კრებაზე სიარული, მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა და ჩართულობა, გასვლითი ღონისძიებები, ექსკურსიები და სხვა.

თუმცა, რა უშლის ხელს, რომ მშობელთა ჩართულობა სკოლებში აქტიური, რეალური და შედეგზე ორიენტირებული იყოს, მანანა ზუბიტაშვილი აცხადებს, რომ ეს მიზეზი მშობლების ინდიფერენტულობასაც უკავშირდება.

პედაგოგის თქმით, მათ ნაწილს არც შვილის აკადემიური მოსწრება, არც სწავლის პროცესი და არც არასასკოლო აქტივობებში ჩართვა აინტერესებს: „კლასის ხელმძღვანელი კომუნიკაციის დამყარებას ყველა მშობელთან ცდილობს, თუმცა, შემხვედრ ნაბიჯებს მშობელთა 50 პროცენტი დგამს და შეთავაზებულ აქტივობებში ერთვება“.

ასევე იხილეთ:

როგორ ესმით „კარგი/ცუდი პედაგოგი“ საქართველოში

მოამზადა ნატო მეგუთნიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური