GE

მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების გარეშე, უნივერსიტეტი ავტორიზაციასაც ვერ გაივლის – პრემიერ-მინისტრის დადგენილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დადგენილებით, დამტკიცდა „უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესი და პირობები“.

როგორც დადგენილებაშია განმარტებული, წესი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურას.

“ამ წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, შეიძლება, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.

“იურიდიულ პირს უფლება არ აქვს, წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის დადგენილებაში.

რაც შეეხება კონცეფციის წარდგენის პრინციპს და მის განხილვას, საქართველოს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების მიზნით, დაინტერესებული პირი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარუდგენს კონცეფციას.

დადგენილია, რომ დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარდგენილი კონცეფცია უნდა მოიცავდეს:

– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიასა და დასაბუთებას მისი დაფუძნების მიზანშეწონილობის შესახებ;

– ინფორმაციას იურიდიული პირის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ;

– ინფორმაციას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი ძირითადი პერსონალის) შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს იურიდიული პირი, ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში;

– ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსების შესახებ.

სამინისტრო აფასებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ კონცეფციას და იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი კონცეფციის საქართველოს მთავრობისათვის მოსაწონებლად წარდგენის შესახებ ან უარს ამბობს მის წარდგენაზე.

გადაწყვეტილების მიღებს პროცესი

1. საქართველოს მთავრობა ამ წესის შესაბამისად წარდგენილი კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

2. თუ საქართველოს მთავრობისთვის მოსაწონებლად წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან/და სასპორტო მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას, იმისათვის, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განკარგულების პროექტი შეთანხმებულად ჩაითვალოს, ხოლო შეთანხმების პროცედურა დასრულებულად, ასევე სავალდებულოა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დადებითი პოზიცია.

3. კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს.

დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული, წესი მხოლოდ ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების დროს იქნება გამოყენებული, თუ უკვე არსებულ უნივერსიტეტებზეც გავრცელდება.

ასევე იხილეთ:

„თსუ-ის პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური