GE

მხარდაჭერა არწარდგენილ დირექტორს – 150-ე საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება განათლების მინისტრს მიმართავს

სსიპ – ქალაქ თბილისის N150 საჯარო სკოლამ დღეს, 14 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სკოლის ამჟამად მოქმედ დირექტორს, ირაკლი მექვევრიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ირაკლი მექვევრიშვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით აღარ წარადგინა და სამეურვეო საბჭოსთვის წარსადგენად სკოლას სხვა რამდენიმე კანდიდატი გაეგზავნა.

სასკოლო საზოგადოება განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და სამინისტროს მიმართავს, რომ მათი პოზიცია გაითვალისწინონ:

“ჩვენ გვყავს დირექტორი, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითია თავისი პროფესიული და პიროვნული თვისებებით, როგორც უნიკალური სასკოლო კულტურის შემქმნელი საგანმანათლებლო ლიდერი.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირკალი მექვევრიშვილს. მივიჩნევთ, რომ იგი აბსოლუტურად იმსახურებს, გააგრძელოს სკოლის დირექტორის საქმიანობა მეორე ვადით საკუთარი საუკეთესო გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვართ, მისი თაოსნობით ჩვენი სასკოლო საზოგადოება კიდევ უფრო გაძლიერდება და ღირსეულ წარმატებებს მიაღწევს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გიორგი ამილახვარი, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ სასკოლო საზოგადოების პოზიცია და მოგვცეთ საშუალება, გავაგრძელოთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების პროცესი ჩვენს ასწლოვან სკოლაში ჩვენი განსაკუთრებულად ღირსეული ლიდერის ხელმძღვანელობით”, – ვკითხულობთ სკოლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენილი კანდიდატების ექვსნიშნა კოდები და სკოლების სია 13 ივნისს გამოაქვეყნა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური