GE

„NAEC შექმნის სერტიფიცრების მექანიზმს, ანუ გამოცდას” – რა სიახლე ელით პროფესიულ განათლებაში ჩართულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა და სააგენტოს ხელმძღვანელს, თამარ ქიტიაშვილს, ამ საფეხურზე არსებული გამოწვევების შესახებ დამატებითი კითხვებითაც მიმართა. კომიტეტის წევრის, ბაია კვიციანის კითხვა პროფესიულ განათლებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის დაბალი მაჩვენებლების მიზეზებსაც შეეხო, რის საპასუხოდაც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნულის მიზეზი დაასახელა და ამასთან, პრობლემის გადაჭრის ახალი გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა.

„2017 წლიდან შესაძლებელია, რომ სტუდენტებმა ქართული ენა პროგრამაში ჩაშენებული მოდულით შეისწავლონ. ისინი გამოცდას აბარებენ თავის ეთნიკურ ენაზე, გადიან ტესტირებას და შემდგომ უკვე სწავლობენ ამ პროგრამას. მაგრამ ისინი ვერ იწყებენ სწავლას ძირითად ჯგუფებთან ერთად და უწევთ, რომ დაელოდონ შემდეგი ჩარიცხვის კოჰორტას (იმისათვის, რომ ჯგუფი შეიქმნას ავტ.), რაც ძალიან არაკომფორტული და დიდი ბარიერია, ვკარგავთ ამ სტუდენტებს. ხშირ შემთხვევაში, ისინი სკოლიდან მოდიან და მერე ფაქტობრივად, 3-6 თვე უბრალოდ ელოდებიან და შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ ეს პროგრამა მომდევნო წელს კოლეჯმა საერთოდ აღარ გამოაცხადოს”, – განაცხადა თამარ ქითიაშვილმა.

ის ასევე, შეეხო არსებულ მოდულებზე სწავლის ხარისხის საკითხს, სახელმწიფოს მონაწილეობის ახალ შესაძლებლობას და აღნიშნა, რომ „ეს მოდული არ არის ხარისხით უზრუნველყოფილი, კოლეჯს თავად შეუძლია ნებისმიერი მოდული თავად შექმნას და ასწავლოს”.

„ის რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არის ერთიანი სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროგრამა, რომელიც არის თავსებადი ასე ვთქვათ, ტაქსონომიასთან. ამ პროგრამაზე დაფუძნებით გვექნება შექმნილი მოდულები, რომელიც A1, A2, B1, B2 დონის გახლავთ და ეს მოდული იქნება ხარისხით უზრუნველყოფილი. ანუ იმ პროვაიდერს (პროფესიულ კოლეჯს ავტ.), რომელსაც ექნება სურვილი, რომ ეს პროგრამა განახორციელოს, მოუწევს ხარისხის ცენტრში სპეციალური პროცედურის გავლა და მისი განხორციელების უფლების მოპოვება”.

თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროგრამა პილოტირებას წელს გაივლის და მისი  განხორციელების პროცესში სხვა უწყებებიც ჩაერთვებიან.

„ჩვენი პრეროგატივა არის პროგრამის შექმნა და კოლეჯების მხარდაჭერა ამ პროგრამის დანერგვაში. NAEC (შეფასებისა და გამოცდების ცენტრი) შექმნის სერტიფიცირების მექანიზმს, ანუ გამოცდას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ჩვენთან თანამშრომლობით, შექმნის ამ პროგრამის უფლების მოპოვების მექანიზმს და განხორციელების უფლება ექნება მხოლოდ ფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებას, კანონის შესაბამისი ჩანაწერის საფუძველზე, ამ პროგრამას ნებისმიერი ტრენინგ ცენტრი ვერ განახორციელებს, იქნება ფორმალური განათლების მიზნებისთვის. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს პროგრამა ან ცალკე მდგომად იყოს განხორციელებული ან ძირითადი პროგრამის პარალელურად. თუ შემდეგ დონეებზე ვისაუბრებთ, ჩვენს ინტერესებში, რასაკვირველია, შედის დონებიის მიხედვით სწავლება, მოქნილი შესაძლებლობის შექმნა, მაგრამ ეს არ არის პროგრამა მხოლოდ პროფესიული განათლებისთვის, სკოლასაც შეუძლია გამოიყენოს და უნივერსიტეტსაც და მათ მიერ ადგილობრივი თემის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის იყოს შეთავაზებული”, – აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

მისი თქმით, პირს, რომელიც ამ პროგრამის გავლას გადაწყვეტს, არ ექნება აქამდე არსებული ვალდებულება: ამ შემთხვევაში არ ვუყენებთ პირობას მსწავლელს, რომ მან აუცილებლად პროფესიულ განათლებაში უნდა ჩააბაროს, რაც ამ წუთას არის პირობა. (ჯერ ჩააბაროს, შემდგომ ისწავლოს ქართული ენა). ეს პროგრამა იქნება შეთავაზებული მათ შორის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოველგვარი პირობის გარეშე, როგორც ცალკე მდგომი პროგრამა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური