ნათელა მაღლაკელიძე: არ შეიძლება, ერთი მეთოდით ასწავლო წერა-კითხვა ინგლისურად, ქართულად და რუსულად!
„ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ. რაც შეეხება ისეთ რთულ საკითხს, როგორიც წერითი მეტყველებაა, აქ საერთოდ კატასტროფაა“, – ამბობს ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, პედაგოგიური მეცნიერების დოქტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი ნათელა მაღლაკელიძე და იმ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაზე გვიყვება, რასაც ქართული ენის ცოდნის კუთხით სტუდენტებთან ხანგრძლივი მუშაობისა და დაკვირვების შედეგად ამჩნევს.
ინტერვიუს მიზანი იმის გამორკვევა იყო, თუ როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში ქართული ენა და ადამიანების დამოკიდებულება ენის მიმართ და ამისათვის ისეთ რესპონდენტს მივმართეთ, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ენის კვლევასა და სწავლებას მიუძღვნა, რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს და შესაბამისად, ჩვენს კითხვებზე კომპეტენტური პასუხის გაცემის შესაძლებლობაც. თუმცა, პროფესორის მიერ აღწერილმა სავალალო სურათმა ინტერვიუს საწყის თემასა და კითხვას რამდენადმე დაგვაშორა.
„ამასწინათ, ჩემს სტუდენტებს მოვუყევი 1978 წლის 14 აპრილის შესახებ და ის, რომ სტუდენტებმა მოითხოვეს ქართული ენის სახელმწიფო ენის რანგში დაბრუნება, რაც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. წარმოიდგინეთ, რომ არც ერთმა სტუდენტმა არ იცოდა რა მოხდა 14 აპრილს. ბევრს ისიც ჰგონია, რომ დედა ენის ბაღში ძეგლი დედა ენის წიგნს დაუდგეს. არა ბატონო, ის ძეგლი იმ ახალგაზრდებს დაუდგეს, რომელთაც, ფაქტობრივად, თავი გაწირეს”, – გვიყვება იგი და ამბობს, რომ ქართული ენის მნიშვნელობის გააზრება ახალგაზრდებს კი არა, განათლების სფეროს მესვეურებსაც კი უჭირთ, რომელთა გადაწყვეტილებაა ის, რომ სკოლებში ქართული ენის შესწავლას არასათანადო დრო და ყურადღება ეთმობა და შედეგიც, ახალგაზრდების მეტყველებისა თუ წერითი კულტურის გაუარესების თვალსაზრისით, სახეზეა.
ნათელა მაღლაკელიძე: მშობლიური ენის ცოდნის თვალსაზრისით, ყოველ წელს, სულ უფრო და უფრო დაბალი დონის ნაკადი მოდის. ხანდახან ისეთ სურათს წავაწყდები ხოლმე ჩვენს პირველკურსელებთან, რომ უკვე აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო მდგომარეობის გამოსასწორებლად. თეორიულ კურსზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ თუ თეორიულ ცოდნას რაღაც დონეზე მაინც არ ფლობ, პრაქტიკულად სწორ მეტყველებას ვერ შეძლებ.
როგორ იცვლება ენა და რამდენად დრამატულია ეს ცვლილებები? რა ტიპის გავლენა შეინიშნება, გაღარიბდა თუ არა ახალგაზრდების სასაუბრო ენა?
ენის გაღარიბების მთავარი მიზეზი წიგნიერების დაბალი დონეა. ჩვენი ახალგაზრდები ნაკლებს კითხულობენ და ეს მათ მეტყველებაზე აისახება – ძალიან მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ. რაც შეეხება ისეთ რთულ საკითხს, როგორიც წერითი მეტყველებაა, აქ საერთოდ კატასტროფაა. უმეტესობას ელემენტარული წერითი უნარ-ჩვევები არ გააჩნია, პუნქტუაციაზე რომ არაფერი ვთქვათ. რომელ სასვენ ნიშანს სად წერენ და რატომ წერენ, თავადაც არ იციან. ამასაც ბევრი კითხვა სჭირდება.
ამ ინტერვიუმდე სტუდენტებთან, აუდიტორიაში, გამოკითხვაც ჩავატარე. მათ ვკითხე რა არის იმის მიზეზი, რომ ახალგაზრდები, საუბრისას, ამდენ შეცდომას უშვებენ. სხვადასხვა პასუხი მივიღე. ერთ-ერთი იყო ასეთი – თინეიჯერებს სურთ იყვნენ გამორჩეულები, „კაი ტიპები“ და ცდილობენ მეტყველებით თავიანთ „კაი ტიპობას“ ხაზი გაუსვანო. მე და ჩემმა მაგისტრებმა ახალგაზრდების ჟარგონები რამდენიმე წლის განმავლობაში ვიკვლიეთ. ჟარგონი ყოველთვის იყო და იქნება. თუმცა, იგი იმდენად დიდ საფრთხეს არ უქმნის ენას, როგორც ამდენი ბარბარიზმი, რაც ასე უპრობლემოდ შემოდის და მკვიდრდება. ჩვენს ახალგაზრდობაში ბარბარიზმების გამოყენება სირცხვილად ითვლებოდა. წიგნიერი ადამიანი „სპიჩკას“ და „სტოლს“ არასოდეს იტყოდა. დღეს კი ბარბარიზმების გამოყენებას თავს აღარ არიდებენ, კარგ ტონადაც კი მიიჩნევა – ამით თავიანთ „გამოსულობას“ უსვამენ ხაზს და სწორედ ესაა განსხვავება. მათ შორის, ოფიციალურ ღონისძიებებზეც კი ისეთი ტერმინების ცვენაა, რომელთა შესატყვისებიც ქართულ ენაში მრავლად მოიძებნება. მაგალითად, „ლოკაცია“ რომ არ გამოვიყენოთ და „ადგილმდებარეობა“ ვთქვათ, რამე წახდება?
ენა რომ ვითარდება და მდიდრდება ნასესხები ლექსიკური ერთეულებით, ამაზე არავინ დავობს. კულტურული ენები ნასესხები სიტყვებით ყოველთვის მდიდრდებიან, კულტურულ ენად კი ითვლება ენა, რომელსაც დიდი ხნის ლიტერატურული ტრადიციები და საკუთარი დამწერლობა აქვს. თარგმანის გზით ქართულშიც უამრავი უცხო სიტყვა შემოვიდა და დამკვიდრდა. ისიც კი არ ვიცით, რომ ისინი შემოსული სიტყვებია. მაგალითად, დღეს არავინ იტყვის, რომ მოსწავლემ დაარღვია ქართული ენის ნორმები, თუ გამოიყენა სიტყვები: ოჯახი, ოთახი, ფანჯარა, იატაკი, ხანჯალი და ა.შ. ყველა ეს სიტყვა ნასესხებია. სიტყვათა სესხება ენის გამდიდრების ერთ-ერთი წყაროა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელაღებით შემოვიტანოთ ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა, რომლის თარგმნაც გვეზარება.
რა არის ის ძირითადი შეცდომები, რაც ახალგაზრდების ლექსიკაში დამკვიდრდა და რამაც მათი წერითი კულტურა შეცვალა?
სოციალურმა ქსელებმა ენის ნორმების დაცვა მთლად დაგვავიწყა. რატომღაც ახალი ტენდენციაა სიტყვების შეერთება და ერთად დაწერა – „მერერა“, „არცკი“ და ა.შ. ასევე, კითხვითი წინადადების ზმნაში ხმოვნებს აგრძელებენ. მაგალითად, კითხვითი წინადადების – „ეს წიგნი გაქვს?“ ნაცვლად წერენ „გაააქვს ეს წიგნი“. ანუ, რადგან საუბრისას, ინტონაციურად, მახვილი ა-ზე მოდის, წერისასაც იგივე გადააქვთ და კითხვის ნიშნის ნაცვლად სამ ა-ს წერენ. ქართულ ტექსტებს ლათინური შრიფტით რომ წერენ, ეს ყველაზე დიდი დანაშაულია. როცა ასეთი დამწერლობა გაქვს – ორიგინალური, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ლათინური შრიფტი რატომ უნდა გამოიყენო? მითუმეტეს, ლათინურის 24 ასო ქართულს ვერანაირად ვერ გადმოსცემს. ეს ყველაფერი მაინც ნაკლები კითხვის ბრალია. ვინც წიგნს კითხულობს, ასეთი შეცდომები არ მოსდის.
საქმე ის გახლავთ, რომ მშობლიური ენის შესწავლას დროს საერთოდ აღარ ვუთმობთ. სკოლებში ენის კურსი თითქმის აღარ ისწავლება. ეს ყველაფერი 2005 წლის რეფორმიდან დაიწყო, როცა ქართული ენის სწავლება, ფაქტობრივად, გაუქმდა. მანამდე, საშუალოდ, 7 საათიანი კვირეული დატვირთვა გვქონდა ხოლმე. აქედან 5 საათი ლიტერატურაზე მოდიოდა, 2 საათი კი ენის სწავლებაზე. ენის ორი საათი გაქრა. მაშინდელ რეფორმის ავტორებთან მქონდა ამაზე საუბარი და პირდაპირ მითხრეს – რა საჭიროა მშობლიური ენის ცალკე კურსად სწავლება, ეგ ხომ ბავშვმა ისედაც იცისო. მაშინდელმა მინისტრმა კი დაგვამშვიდა – სამაგიეროდ ენა ლიტერატურასთან იქნება ინტეგრირებულიო. კი ბატონო, გარკვეულ შემთხვევაში ინტეგრაცია მართლაც კარგია, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ენის შესწავლაზე საერთოდ უარი ვთქვით. ლიტერატურის საათების შემცირება წარმოუდგენელია, რადგან ლიტერატურაში მასწავლებელს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ჩემი სტუდენტებიც ხშირად მეუბნებიან, რომ სკოლაში ენის გაკვეთილი არ უტარდებოდათ. შედეგად ეს მივიღეთ.
როგორია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების როლი ამ პროცესში?
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები კიდევ ცალკე პრობლემაა. იქ, ძირითადად, არასპეციალისტები მუშაობენ. ვის ხელშია ჩვენი ბავშვების მეტყველება, უკითხავს ვინმეს? ვინ არიან პედაგოგებად დასაქმებულები, განსაკუთრებით კი კერძო ბაღებში? ბაღების უმეტესობაში ინგლისურს ასწავლიან და ამისთვის მოწვეული პედაგოგიც კი ჰყავთ. უცხო ენის სწავლა ძალიან კარგია, მაგრამ გააჩნია რა ეტაპზე. როდესაც ბავშვს ჯერ მშობლიური ენაზე არ აქვს მეტყველება ჩამოყალიბებული, ინგლისურს ვასწავლით? გვიკითხავს უკითხავენ თუ არა მასწავლებლები ბავშვებს ქართულ ტექსტებს? ან საუბრობენ თუ არა მერე ამ ტექსტების შესახებ? პატარ-პატარა ლექსებს თუ აზეპირებინებენ, თუნდაც იმის გამო, რომ სწორი მეტყველების უნარ-ჩვევა მისცენ სკოლაში შესვლამდე? ბგერათწარმოთქმაში ავარჯიშებენ? სურათის, გარემოს, ბუნების აღწერაზე მუშაობენ? მეტყველების კულტურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან მშობლიურ ენაზე მეტყველების განვითარება, პირველ რიგში, აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. მშობლიური ენა ხომ პირველი ენაა, აზროვნების ენა. როცა ბავშვს ჯერ აზროვნების ენა არ აქვს განვითარებული, ჩვენ მეორე და მესამე ენას ვასწავლით?
არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა 10-12 წლის ბავშვებს, რომელთაც უცხოეთში არც კი უცხოვრიათ, ქართულ ენაზე პატარა ამბის მოყოლა არ შეუძლიათ. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ ასაკის ბავშვები, 24 საათის განმავლობაში, ციფრულ ტექნოლოგიებს არიან მიჯაჭვულები. მათ ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი აღარ აქვთ. ფაქტობრივად, საკომუნიკაციო ენაც აღარ სჭირდებათ ერთ-ერთზე არიან დარჩენილები ე.წ. გაჯეტებთან.
შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსაზრება, რომ თანამედროვე მოსწავლეებს, სტუდენტებს უფრო თავისუფლად, მრავალფეროვნად და საინტერესოდ შეუძლიათ საკუთარი ნააზრევის გადმოცემა?
პირველკურსელებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. ისინი ჩვენგან განსხვავებულად აზროვნებენ და ამას მივესალმები. თუმცა, ამას ყველაზე ვერ ვიტყვით. განსხვავებული და თავისუფალი აზროვნება კი აქვთ, მაგრამ ის ენობრივი ყალიბი, რომელშიც თავიანთი ნააზრევი უნდა ჩამოასხან, არ აქვთ გამართული. ესაა უმთავრესი პრობლემა, თორემ ძალიან თავისუფლად აზროვნებენ და ასაბუთებენ თავიანთ აზრს. ერთიანი ეროვნული გამოცდები რომ არა, ჩვენ ეს დონეც არ გვექნებოდა, რადგან მოსამზადებლად რეპეტიტორთან მიდიან და მის სკოლას გადიან.
გარდა ლიტერატურის კითხვისა, რა საშუალებებით არის შესაძლებელი ლექსიკის გამდიდრება და რამდენად ეფექტურია იგი ახალგაზრდების მაგალითზე?
იმ ეტაპზე, სანამ ბავშვი სკოლაში წავა, რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატარებინოთ ციფრულ ტექნოლოგიებთან, მეტი წავუკითხოთ, ვესაუბროთ წაკითხულის შესახებ, მოვისმინოთ მათი აზრები და რაც შეიძლება მეტი ვალაპარაკოთ. მეტყველებას მეტყველებით სწავლობენ. თუ ბავშვებთან არ ვილაპარაკეთ, არ ვალაპარაკეთ და მხოლოდ „პეპა გოჭი“ ვაყურებინეთ ინგლისურად, მათ მეტყველებას ვერაფერს ვუშველით.
რაც შეეხება მოსწავლეებისა და სტუდენტების ასაკს, რა თქმა უნდა, კლასში ბავშვებს მეტყველების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. რამდენად აქვთ ამის შესაძლებლობა დღეს, ვერ გეტყვით, რადგან იმდენადაა გადატვირთული სასწავლო პროგრამა, იმდენი ახალი საგანი და იმდენნაირი კომპლექსური დავალებაა, რომ მეტყველებაზე სამუშაოდ დრო აღარ რჩება, სამწუხაროდ. მასწავლებელმა უნდა მიაქციოს მოსწავლის მეტყველებას ყურადღება, საკუთარი მეტყველება უნდა გაუხადოს დაკვირვების ობიექტად და მიუთითოს როგორ თქვა და როგორ უნდა ეთქვა. ზოგადად კი, ვინც კითხვის ფასი იცის, მათ ეს პრობლემა არ აქვთ. ვინც არ კითხულობს, იმას არც ის ადარდებს მძიმეს სწორად დაწერს თუ არა.
რას უნდა აკეთებდეს და რას აკეთებს სახელმწიფო ენის დასაცავად საკანონმდებლო დონეზე თუ ქმედითი, პრაქტიკული ნაბიჯებით?
პირველ რიგში, თავად უნდა მეტყველებდნენ გამართულად. ქართული ენის სწავლებას სკოლებში და სკოლამდელ დაწესებულებებში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. დარგის სპეციალისტი და ხელმძღვანელი რომ ხარ, სკოლებში მეტი უნდა გააკეთო, სასწავლო გეგმიდან ქართული ენის საათები კი არ უნდა ამოიღო. ერთი პერიოდი ჩვენს წიგნებს უბრალოდ „ქართული“ ეწერა, რომელშიც ენაც შედიოდა და ლიტერატურაც. ენობრივი მასალის ინტეგრირება მისაღებია, მაგრამ გააჩნია რა დოზით და როდის. როდესაც ტექსტის გამომსახველობით მხარეზე მუშაობ, იქ ინტეგრირება აუცილებელია, მაგრამ როცა გრამატიკის ამა თუ იმ საკითხს ასწავლი, იქ ძალიან ძნელია. ჩვენი მართლწერის ძირითადი საფუძველი მართლწარმოთქმაა – როგორც იწერება, ისე იკითხება. თუმცა, გვაქვს მთელი რიგი შემთხვევები, რომელთაც მოსწავლეს გრამატიკის ცოდნის გარეშე ვერ გააგებინებ. თუ გრამატიკას არ აუხსნი, ისე ვერ გაიგებს რატომ სჭირდება სამი ა სიტყვას „დააარსა“.
ჩემი, როგორც დარგის სპეციალისტის გულისტკივილია ის, რომ რატომღაც ენის სწავლების უნიფიცირებას ახდენენ. არ შეიძლება ინგლისური, გერმანული ენების სწავლების მეთოდიკა ქართული ენის სწავლებისას გამოიყენო, რადგან მშობლიური ენა აზროვნების ენაა და განსხვავებული მეთოდიკით ისწავლება. არ შეიძლება, ერთი მეთოდით ასწავლო წერა-კითხვა ინგლისურად, ქართულად და რუსულად, რადგან ქართული ფონეტიკური დამწერლობის ენაა, ინგლისურში ოდესღაც ემთხვეოდა მართლწერა და მართლწარმოთქმა ერთმანეთს, მაგრამ მერე სიტყვის გრაფიკული სახე მის მართლწარმოთქმას დასცილდა, რუსულ მართლწერას კი მთლიანად გრამატიკა უდევს საფუძვლად. ასე რომ, არ შეიძლება ამ ენების სწავლებისას ერთი მეთოდი გამოვიყენოთ.
ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს განათლების სამინისტრომ, რომლისთვისაც, ქართული ენა დიდად საინტერესო აღარ არის. რეფორმების ერთ-ერთი ავტორი სამინისტროდან, რომელიც ახლა იმ თანამდებობაზე აღარ არის, პირდაპირ მეუბნებოდა – ხომ გაიგეთ რა წერია ამ ტექსტში და რა მნიშვნელობა აქვს მძიმე დაიწერება თუ არაო?! განათლების სამინისტროს მუშაკებისგან არაერთხელ მომისმენია „ქართული ხომ ისედაც ვიცით“. აი, ასეთი დამოკიდებულება იყო. ვარლამ თოფურია წერდა, რომ ყველაზე მთავარი ენის მიმართ აბუჩად ამგდები დამოკიდებულებაა, არაფრად მიგვაჩნია ჩვენი ენაო და სწორედ ასეა, მეტს ვერაფერს დავამატებ.
ასევე იხილეთ:
„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება