GE

28 მარტი, 2025

CIU-ს პროფესიული პროგრამის სასწავლო კურსები 22-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა

27 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორიაში, CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამების კურსდამთავრებულთათვის სახელმწიფო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი.

შეხვედრა გახსნა CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორმა, თეა ოსეფაშვილმა, რომელმაც აუდიტორიას ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ღონისძიებაზე სტუმრებსა და კურსდამთავრებულებს მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი ნანი დალაქიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, პროფესიული უნარების სააგენტოს ზრდასრულთა განათლების მიმართულების მენეჯერი ანა შენგელია და დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს დასაქმების პროგრამების სამსახურის უფროსი ანა ბენდელიანი.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია. მათ სახელმწიფო სერტიფიკატები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გადასცა და სამომავლო წარმატებები უსურვა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ პროგრამის განმახორციელებლები და მხარდამჭერები.

აღსანიშნავია, რომ CIU-ს პროფესიული პროგრამის სასწავლო კურსები წარმატებით დაასრულა 22-მა მსმენელმა: 12 კურსდამთავრებული – მევენახეობის სპეციალისტი (მე-3 დონე); 10 კურსდამთავრებული – მეღვინე-ტექნიკოსი (მე-4 დონე).

პროგრამების თეორიული და პრაქტიკული ნაწილის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და დარგის სპეციალისტებმა, მათ შორისაა: ოლანი გოცირიძე, ლაშა ბოდაველი, ვაჟა ოზაშვილი, მაია მირველაშვილი, ლონდა მამასახლისაშვილი და თემურ კაპანაძე.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისთვის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კამპუსის ტური გაიმართა. ასევე, კურსდამთავრებულებმა სომელიე-დეგუსტატორებთან ერთად საჩვენებელი ღვინის დეგუსტაცია მოაწყვეს.

ცნობისთვის, პროფესიული განათლების ცენტრი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2023 წელს, რექტორ კახაბერ კორძაიას წარდგინებითა და კანცლერ ვახტანგ წივწივაძის ბრძანებით დაარსდა, ცენტრის დირექტორად კი დაინიშნა გამოცდილი მენეჯერი და განათლების ექსპერტი თეა ოსეფაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში შემუშავდა და განხორციელდა სამი სასერტიფიკატო, მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა, რომლებიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2024 წელს აკრედიტირდა. პროგრამების დაფინანსება იმავე წლის ოქტომბერში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ განხორციელდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ახალი პროგრამების დანერგვას და განვითარებას, შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური