GE

ნინი მერაბიშვილი,178-ე საჯარო სკოლა – ილიაუნის კიბერლაბორატორიის საგანმანათლებლო პროექტი „უნილაბი სკოლაში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფარგლებში, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მიერ საგანმანათლებლო პროექტი „უნილაბი სკოლაში“ განხორციელდა. პროექტი განკუთვნილი იყო მე-8-მე-12- კლასელებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღია ლექციების ფორმატით გაცნობოდნენ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოეპოვებინათ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაევლოთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

  • Front-end და დიზაინის საწყისები
  • Unity 3D
  • C#

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯები სრულად დაფარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ყოველკვირეულად გაგაცნობთ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც წარმატებით გაიარეს კურსები, „უნილაბი სკოლაში“-ს ფარგლებში.

ნინი მერაბიშვილი,
თბილისის 178-ე საჯარო სკოლის, XI კლასელი.

– როდის და რატომ დაინტერესდით ტექნოლოგებითა და მომავლის პროფესიებით?
სოციალურ ქსელებში ყოველთვის ვადევნებდი თვალს სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს, ვნახულობდი ლამაზ დიზაინებს და სურათებს ბლოგებისთვის. ძალიან მიყვარს მულტფილმები და სულ მინდოდა ანიმაციების შექმნა მესწავლა, სამგანზომილებიანი ვიზუალი გამეკეთებინა, ან ლამაზი საიტი ამეწყო. ვხედავდი, რომ ეს სფერო უფრო და უფრო განვითარებადი და მრავალფეროვანი იყო და გადავწყვიტე მეც შემესწავლა.

– რა გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით?
პირველად 11 წლის ვიყავი, როდესაც სოციალურ ქსელში შევიტყვე ტექნოპარკის კურსის შესახებ, სადაც 123D დიზაინს ასწავლიდნენ და მაშინვე დავრეგისტრირდი. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიების სფეროში და როცა რაპუნცელის ლამაზი ყელსაბამი დავბეჭდე 3D პრინტერზე, მივხვდი, რომ ციფრულ სფეროში აუცილებლად უნდა განვვითარებულიყავი. სხვათაშორის, ის ყელსაბამი კიდევ მაქვს. შემდეგ, IT აკადემიაში გავიარე მარტივი ანიმაციების კურსი, სადაც ფოტოშოპში ანიმაციების გაკეთება ვისწავლე. ჯეოლაბში გრაფიკული დიზაინის შესწავლამ კი უფრო დამაახლოვა ციფრულ სამყაროსთან და ახლა პროგრამირების სწავლის და დახვეწილი საიტების აწყობის ჯერი დადგა.

– საიდან და როგორ შეიტყვეთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის საკვირაო სკოლის შესახებ?
ილიაუნის კიბერლაბორატორიის შესახებ სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია.

– რა ისწავლეთ კურსის ფარგლებში?
კურსის ფარგლებში შევისწავლე HTML და CSS, შემდეგ-XD. პირველად, როცა სურათისა და ტექსტის გამოყენებით მარტივი ვიზუალი ავაწყვე, უბედნიერესი ვიყავი და მეტი მოტივაცია მომეცა სწავლის გაგრძელებისთვის. შემდეგ, UI/UX დიზაინი ვისწავლე და გავეცანი, როგორი სტრატეგია უნდა შევიმუშავო, რომ საიტი ლამაზი, თანამედროვე და თან ხალხისთვის მარტივად გამოსაყენებელი იყოს.

– რამდენად სასარგებლო იყო მიღებული ცოდნა?
მართალია, დიდი ხანი მქონდა სურვილი ამეწყო საიტი, თუმცა კურსის დაწყებამდე წარმოდგენა არ მქონდა, როგორ გამეკეთებინა ეს. ახლა, მიღებული ცოდნით უკვე შემიძლია საიტის აწყობა და მაქვს მეტი მოტივაცია, რომ პროგრამირების ენებიც ვისწავლო და ეს სფერო ჩემს პროფესიად ვაქციო. ამასთან ერთად, ვგეგმავ XD შეკვეთების აღებასაც.

– რაზეა თქვენი ფინალური პროექტი?
მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა. მართლა ხომ საოცრებაა ახალი ადგილების ნახვა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება. ამ ბოლო პერიოდში კი ბევრი სფერო ონლაინ ვითარდება. ვფიქრობ, წარმატებისთვის აუცილებელია საქმეზე ორიენტირებული და ძლიერი გუნდი. მისი სიძლიერისთვის კი აუცილებელია გუნდის შეკრულობა. ამიტომ, გადავწყვიტე შემექმნა კომპანია “Travelcation”, რომლის ფარგლებშიც მოვაწყობ სხვადასხვა ტურს საქართველოში, შემდეგ შეიძლება მის ფარგლებს გარეთაც და სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებს, მარკეტერებს, დიზაინერებს, ფოტოგრაფებს, ან უბრალოდ, ციფრულ სფეროში დამწყებებს შეეძლებათ იმოგზაურონ ჩემი ტურებით, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და განავითარონ თავიანთი თავი. ვფიქრობ, მოვაწყო საინტერესო და კრეატიული ტურები, სადაც მოგზაურობასთან ერთად მათ სხვადასხვა აქტივობას შევთავაზებ, რომელიც მიზანმიმართული იქნება ჩემი მოგზაურების ერთმანეთთან დაახლოებისა და ბევრი, ახალი იდეებისკენ. ამისთვის კი დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი და ამავე დროს მარტივი საიტი დამჭირდება. ამიტომ, ფინალურ პროექტად “Travelcation”-ის საიტს ვაკეთებ.

– რაში აპირებთ მიღებული ცოდნის მომავალში გამოყენებას?
ვაპირებ მიღებული ცოდნის საფუძველზე პროგრამირების ენებიც ვისწავლო, მივიღო შეკვეთები და ეს სფერო ჩემს პროფესიად ვაქციო. მიღებული ცოდნა გამომადგება კიდევ ახლის სწავლაში ციფრულ სფეროში.

– რას ურჩევთ თანატოლებს – რატომ არის მსგავსი ცოდნა მნიშვნელოვანი 21- საუკუნეში?
სოციალური ქსელებით უამრავი ადამიანი იღებს ინფორმაციას. კომპანიის სერვისით სარგებლობისთვის მის საიტს იყენებენ. ამიტომ ყველა კომპანიას სჭირდება თავისი ლოგო, სტილი, ფბ. თუ ინსტაგრამ გვერდის მართვა, საიტი და უფრო და უფრო ხედავენ მსგავსი პროდუქტის საჭიროებას. უამრავი სფერო თანდათან ციფრულდება და მნიშვნელოვანია ფეხი აუწყო მას, მიიღო ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში ნახავ და გაივლი სხვადასხვა კურსებს და განვითარდები ამ მხრივ, არ დაგავიწყდეს, რომ აუცილებელია შენი თავის, შენი შესაძლებლობების ხალხისთვის გაცნობა. მნიშვნელოვანია, საინტერესოდ წარადგინო შენი თავი, რომ მოთხოვნად კადრად იქცე.

  • გირჩევ, შექმნა შეთავაზების პაკეტი, სადაც ჩამოწერ რისი გაკეთება შეგიძლია კომპანიისთვის და თან დაურთავ ფასებს, შეიძლება ეს იყოს ლოგოს შექმნა, საიტის აწყობა და ა.შ. ან უფრო უკეთესი, შექმენი ყოველთვიური პაკეტი, სადაც ჩამოწერ შენს სერვისებს. მაგ. თუ გრაფიკული დიზანის მხრივ ვითარდები, შესთავაზე ყოველთვიურად ფეისბუქისა და ინსტაგრამისთვის პოსტების გაკეთება, ბანერების აწყობა და ა.შ.
  • ნახე ახალი კომპანიები სოციალურ ქსელებში, ან ისინი, ვისაც სჭირდება შენი პროდუქტი, გაუგზავნე მათ მეილზე შენი შეთავაზების პაკეტი, ერთი ორი სიტყვით მოუყევი შენს თავზე და დაურთე შენი პორთფოლიო.
  • არ მოგერიდოს კომპანიებისთვის შეთავაზების გაკეთება, თუ არ დაგთანხმდებიან, არც მაგის შეგეშინდეს, რადგან ყოველი გაბედული მცდელობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება შენი წარმატებისკენ…
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური