GE

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სკოლადამთავრებულ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ცვლილება შევიდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში”.

ცვლილების მიხედვით, იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღეს და რუსულ ენაზე სურთ მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და სამოქალაქო განათლების გამოცდის ჩაბარება, აღნიშნულის შესახებ შესაბამისი განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის პირველ მაისამდე უნდა მიმართონ.

აღნიშნული პროცედურის დეტალებზე EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა:

ვის უნდა მიმართონ იმ აბიტურიენტებმა, რომლებსაც განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ მიღებული და გამოცების ჩაბარება რუსულ ენაზე სურთ?

– მათ, ჩვენ უნდა მოგვმართონ, პირველ მაისამდე, განაცხადით. შეუძლიათ გამოგზავნონ განაცხადი “ინფლოუთის”(ელექტრონული ქსელი) საშუალებით, ან საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, თუ ზუგდიდში გადმოვლენ ან ნებისმიერი სკოლიდან. ყველა სკოლას აქვს კავშირი რესურსცენტრთან. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სკოლას მიაწვდის აბიტურიენტი განაცხადს და სკოლა გადაგზავნის რესურსცენტრში თუ პირდაპირ რესურცენტში მიიტანს აპლიკანტი განაცხადს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთან გადმოიგზავნება. განაცხადი უნდა გააკეთოს პირველ მაისამდე და უნდა ეწეროს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწავლობდა და იქ დაასრულა სკოლა. ასევე ისიც, რომ სურს გამოცდა რუსულ ენაზე ჩააბაროს.

ატესტატიც უნდა ჰქონდეს?

– ატესტატი ამ შემთხვევაში არ ექნება, რადგან ატესტატს დაახლოებით ივნისში გასცემენ. რა თქმა უნდა, წარმატებით უნდა ჰქონდეს სკოლა დასრულებული. ასეთი აბიტურიენტები გვყავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც იმ მომენტში ვერ წარადგენენ ატესტატს. ჩვენ ვთხოვთ, ატესტატის წარდგენას პირველ აგვისტომდე ან 20 ივლისამდე. ანუ ზაფხულში გამოცდების დასრულების შემდგომ უნდა წარადგინონ ატესტატი და თუ წარადგენენ გავითვალისწინებთ ჩარიცხვაში, კონკურსში და ა.შ. თუ ვერ წარადგენენ შესაბამისად ამოვიღებთ სიიდან.

მას შემდეგ რაც თქვენ ელექტრონულად მიიღებთ ამ ცნობას, რაიმე ინფორმაცია მისდით აპლიკანტებს, ანუ ეროვნულ გამოცდებზე ჩვეულებრივარ რეგისტრირდებიან თუ როგორ ხდება?

– გამოცდაზე ჩვეულებრივად რეგისტრირდება და შემდგომ უნდა მოგვმართოს წერილობით, რომ სურს ჩააბაროს სხვა ენაზე. აღნიშნული განცხადებით აპლიკანტებმა პირველ მაისამდე უნდა მოგვმართონ, ივლისისი ბოლომდე აგვისტომდე უნდა წარადგინონ ატესტატი. ატესტატის წარდგენა ნიშნავს, რომ აფხაზეთის შემთხვევაში უნდა მიმართონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, ისინი დაუმოწმებენ ატესტატს და მოგვაწვდიან, ანუ ამისთვის აქვთ დაახლოებით სამი თვე და შემდგომ მიიღებენ საერთო კონკურსში მონაწილეობას.

ატესტატი სად უნდა წარადგინონ?

– ატესტატიც ჩვენთან უნდა წარადგინონ. ეს ეხება მათაც ვინც 2011 წლამდე დაამთავრა სწავლა, რომლის შესახებაც არ გვაქვს ჩვენ მონაცემები. თუ არის საქართველოში გაცემული ატესტატი პირდაპირ უნდა წარადგინონ ჩვენთან ეს ატესტატი. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელმაც სხვა ქვეყანაში დაამთავარა სკოლა ატესტატს წარადგენს აკრედიტაციის სამსახურში, სადაც გაივლის აღიარების პროცედურას, რომ ეს ატესტატი შეესაბამება სკოლის დამამთავრებელ საბუთს და შემდგომ წარმოგვიდგენს ამ ატესტატს და აკრედიტაციის სამსახურის ცნობას.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ისინი აფხაზეთის განათლების სამინისტროში წარდაგენენ 11 კლასის დასრულების ატესტატს და იქ ხდება შემდგომ ამ ატესტატის აღიარება და გვაწვდიან უკვე ცნობას, რომ სკოლა დაასრულეს წარმატებით და ეს გათანაბრებულია საქართველოს ჩვეულებრივ ატესტატთან.

გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ჯამში დაახლოებით რამდენი აპლიკანტი შეიძლება იყოს ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში დაასრულა სწავლა?

– ვინც აფხაზურად აბარებს ზოგადი უნარების ტესტს ან მსგავსს, არის თითო-ოროლა აპლიკანტი. გალიდან რამდენიმე ასეული აპლიკანტი აბარებს. თუმცა აფხაზურ ენაზე ვინც აბარებს გამოცდას და იქიდან არის, ეს ერთეულებია.

EDU.ARIS.GE აქვე შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო საგნების რუსულ ენაზე ჩაბარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლება მიღებული აბიტურიენტების გარდა სხვა აპლიკანტებს აღარ შეეძლებათ.

“აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან. ცვლილების თანახმად, გამონაკლისი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ კვლავ შეეძლებათ გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბარონ რუსულ ენაზე”, – აღნიშნულია მაია მიმინოშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრისვე ცნობით, სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილება არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას. ეს გამოცდა ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია დღეს, 30 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური