„ვინმეს გინახავთ მსჯელობა იმაზე, რატომ მოდიან წლიდან წლამდე უნივერსიტეტებში უფრო ნაკლებად მომზადებული სტუდენტები?“
დღეს, 8 აპრილს, განათლების რეფორმის “დანაშაულებებზე” წერილობით საუბრობს ნიკო სილაგაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილი კოორდინატორი, რომელიც მიიჩნევს, რომ იმ ნაბიჯებით, რომელიც როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით ახლა იდგმება, განათლების ხარისხი ვერ გაუმჯობესდება.
ამის დასტურად პროფესორი მნიშვნელოვან კითხვებსაც სვამს, რომლის ადრესატი განათლების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებები არიან.
EDU.ARIS.GE სპეციალისტის პოზიციას გიზიარებთ:
დანაშაული 1: პრიორიტეტების აღრევა – რაც კეთდება, კეთდება ისე, რომ არავინ ფიქრობს ბავშვზე/აბიტურიენტზე.
ნებისმიერ ქვეყანაში, განათლების რეფორმის ხარისხის შეფასების მთავარი კრიტერიუმია – რამდენად აძლევს რეფორმირებული სისტემა მეტ არჩევანს მოსწავლეს საკუთარი მისწრაფებების მიხედვით სწავლის გასაგრძელებლად (ყველამ იცის, რომ როცა ადამიანი იმ სფეროში მოღვაწეობს, რომლის მიმართაც შინაგანი მისწრაფება აქვს, პროფესიულ დახელოვნებასაც უფრო იოლად აღწევს);
არა მგონია, ვინმემ იკადროს და თქვას, რომ “საგრანტო სისტემის მოშლა” (რითაც სახელმწიფო აბიტურიენტებს და მათ ოჯახებს კერძო უნივერსიტეტებში სწავლების საფასურის გადახდაში ეხიდებოდა) და პრინციპი “ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი” (რომელსაც უნივერსიტეტის/ფაკულტეტის/პროფესიის შერჩევისას გეოგრაფიულ-ლოკაციური სირთულეები შემოაქვს), რაიმეთი ხელს უწყობს არჩევანის თავისუფლების გაზრდას.
მავანი იტყვის, რომ კი ბატონო, ეს არის პრობლემა, მაგრამ “შრომითი ბაზარი ითხოვს ამას”, “გვჭირდება “რესურსების ოპტიმიზაცია”, “არსებულ სასწავლებლებში სწავლის ხარისხი არის დაბალი”.
ასეთი ლაპარაკი დემაგოგიაც რომ არ იყოს (არადა დემაგოგიაა), მაინც არასწორია, ვინაიდან განათლების რეფორმაში ბავშვის (და არა ვინმე სხვისი, თუნდაც მშობლის, ან დამსაქმებლის) საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს წამყვანი/”ათვლის წერტილი” (არა მგონია, ვინმემ იკადროს და ხმამაღლა თქვას, რომ ეს ასე არ არის).
პირადად მე ვიცნობ რამდენიმე აბიტურიენტს, რომლებსაც წლის დასაწყისში მკაფიოდ ჰქონდათ გაცნობიერებული, სად და რატომ აბარებდნენ (რაც ცხადია, ბრწყინვალე იმპულსი იქნებოდა უმაღლესში ხარისხიანი განათლების მისაღებად), ახლა კი თავადაც და მათი ოჯახებიც საშინლად დაბნეულები არიან – ახალი “საგრანტო სისტემასა” და “ფაკულტეტების დისტრიბუციის მოდელის პირობებში, სადაც დაგეგმილი ჰქონდათ, იქ აღარ უხერხდებათ ჩაბარება.
დანაშაული 3 – რეფორმა ტარდება არაადამიანურად – მისი ტემპები სხვა არაფერია, თუ არა მოსახლეობის აბუჩად აგდება.
ყველამ იცის საქართველოში, ტრადიციულად, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ უმაღლესში ჩაბარებას. აბუტურიენტობის წელი პრაქტიკულად ყველა ოჯახისთვის ფორს-მაჟორულია – ბავშვები სხვანაირად არიან მობილიზებული, მშობლები კი წელზე ფეხს იდგამენ, რათა ბავშვებს ცხოვრების გზის არჩევაში ხელი რაიმე გარემოებამ არ შეუშალოს.
რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი უსინდისობა, როცა ადამიანებს/ოჯახებს სექტემბერში დაწყობილ გეგმებს შუა წელიწადს ურევ და ამით მინიმუმ აბნევ, მაქსიმუმ კი მძიმე მდგომარეობაში აგდებ:
– რა საჭირო იყო ასეთი სიჩქარე?
– არ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი წელს დაანონსებულიყო და მხოლოდ მომავალ წელს, ან ორი წლის შემდეგ განხორციელებულიყო?
ეს, ალბათ, ასეც მოხდებოდა, ხალხი რომ ვინმეს ადარდებდეს, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოში ადამიანი და ოჯახი მხოლოდ მაშინ არის პრიორიტეტი, როცა “ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების” ტიპის დოკუმენტი თავის წინამორბედ ვერსიას ლექსიკო-სტატისტიკური ანალიზის ფორმატში დარდება – როცა ვიღაცები იმას ითვლიან, ოჯახი ნაციონალების მიერ მიღებულ დოკუმენტში რამდენჯერ იყო ნახსენები და დღეს რამდენჯერ იხსენიება.
დანაშაული 3 – განათლების რეფორმა ტარდება “საგანმანათლებლო განზომილების” გამოტოვებით – შინაარსებზე არავინ საუბრობს, ადმინისტრაციულ-ტექნოკრატიულ დეტალებზე ლაპარაკი კი უკვე ყველა ზღვარს გადასცდა, თანაც ისეთი ხალხის მხრიდან, რომლებიც მართალია, გაკვეთლსა და ლექციას ვერ ჩაატარებენ, მაგრამ “მართვაში” და “მმართველობითი მოდელების” კლასიფიცირებაში ბადალი არ ჰყავთ.
რეფორმის ფარგლებში ვინმეს გინახავთ მსჯელობა იმაზე, თუ:
– რა აკლია ჩვენს უნივერსიტეტებში აკრედიტირებულ პროგრამებს იმისთვის, რომ მაღალ სტანდარტებს შესწვდეს;
– რატომ არის უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესი ზედაპირული და მეორე/მესამეხარსიხოვან დეტალებზე ორიენტირებული;
– რატომ ვერ იწერება საქართველოში მაღალი დონის სამეცნიერო ნაშრომები? რატომ ვერ არიან ჩვენი მეცნიერები ჩართული მსოფლიო დონის მეცნიერების ფერხულში? (თუ არა ისინი, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს);
– რატომ უარესდება წლიდან წლამდე დაცული დისერტაციების ხარისხი?
– რატომ არის სახელმწიფო უნივერსიტეტებში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსები კორუფციის, ნეპოტიზმისა და პატრონ-კლიენტური ურთიერთობების სივრცე?
– რატომ მოდიან წლიდან წლამდე უნივერსიტეტებში უფრო ნაკლებად მომზადებული სტუდენტები?
ასეთ საკითხებზე მსჯელობა მართლა რომ ყოფილიყო, ცხადია, ყველა მიხვდებოდა, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები არ წყდება: მე-12 კლასის გაუქმებით, საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების რაოდენობის შემცირებით, ინტერნაციონალიზაციის პროცესის გართულებით, ფაკულტეტების ქალაქებად დისტრიბუციის მოდელებით, პროფესიული განათლების პრიმიტიული/ხელოვნული პროპაგანდით და სხვა მსგავსი ზედაპირული ურთიერთდაუკავშირებელი აქტივობებით.
ასევე იხილეთ:
-
სად და როგორ ჩავრიცხოთ თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2026 წლის აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო (ვიდეოინსტრუქცია)
by ARIS.GE-განათლება
-
„მასწავლებლებს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის ინფორმაციისა და ანგარიშების გადაგზავნა ბრალდებათ“ – ზოგადი და უმაღლესი განათლება ოკუპირებულ რეგიონებში
by ARIS.GE-განათლება
-
აბიტურიენტის ცნობარი 2026
by საცნობარო