ორიოდ სიტყვა ქართული ენის ტესტების ფორმატის შეცვლაზედა თქმული…
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც 2022 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დახვდებათ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებს უკავშირდება.
ცვლილებების ჩამონათვალი და ტესტის ნიმუში 2022 წლის ქართულისა და გეოგრაფიის ეროვნული გამოცდისთვის
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი ეკატერინე შარაშიძე, ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
განათლების დონე საქართველოში რომ დაბალია, ამას ყველა კვლევა ადასტურებს და ხშირად ამ კრიტიკის ისრები მასწავლებლებისკენაა მიმართული. კარგი, ვეთანხმები (ნაწილობრივ მაინც), მაგრამ ერთს ვიკითხავ, განათლების პოლიტიკა თანმიმდევრულია?
რამდენიმე დღის წინ შეიცვალა ეროვნული გამოცდების ფორმატი, ქართულ ენაში იმდენად გამარტივებულია საგამოცდო ტესტი, რომ თავისუფლად გვიჩნდება ასოციაციები იმ საბავშვო ჟურნალზე, ყდას რომ აწერია: „აბა, გააფერადე“!
უმაღლესი განათლების მსურველთა ტესტი არ სცილდება დაწყებითისა და საბაზო დონის დავალებებს, იმ და ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულებისას მოზარდს სხვადასხვა უნარი უნდა განვუვითაროთ. ვიცი, მეტყვიან, სკოლაში იმუშავეთ ამ საკითხზე და საგამოცდო ცენტრის ტესტის ფორმატი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი სწავლა/სწავლების ხარისხისაო, მაგრამ რეალობა სხვას გვეუბნება. ნებისმიერი მასწავლებლის სწავლების ორიენტირი მაინც გამოცდებია, უფრო მეტიც, მოსწავლეებიც და მშობლებიც ამ ცვლილებებს „მზირენი“ არიან. თეორიულად ბევრი რამ მტკიცდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ პრაქტიკაა ნებისმიერი თეორიის განმსაზღვრელი?!
ჯერ ისედაც რა გვქონდა და ახლა სულ დავწევთ განათლების ხარისხის დონეს. შეიძლება, ეს ყველაფერი ეკონომიკურ პრობლემებსაც უკავშირდებოდეს, რადგან ნაკლები თემების რაოდენობა ნაკლები რაოდენობის გამსწორებელთა ფარდია. შესაბამისად, ნაკლებს გადაიხდის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (არ იფიქროთ, ამას ჩასაფრებულის პოზიციიდან ვამბობდე), ეს ხომ შეთანხმებული იქნებოდა ყველა დონზე (უნდა ყოფილიყო)? მე მესმის ესეც, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.
ყველასთვის ცნობილია, რომ დროში გაჩერება უკვე ჩამორჩენაა, მაგრამ ახლა ამ ჩამორჩენას თუ უკუსვლა (გამარტივებაც) ემატება?
აღარ არის დრო შეცდომების დაშვებისა, აღარ გვაქვს უფლება მომავალი თაობის განვითარების საფუძველზე ეკონომიკას „ვუყუროთ თვალებში“, აღარ არის დრო ასეთი „ჰუმანისტური“ გადატვირთვებისა, აღარ!
ვერ ვიქნები ის „მამალი“, მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ეს ღმერთმა იცისო…
ახლა გათენების დრო კი არა, განათლების ზაფხულის შუადღის მზე უნდა ანათებდეს! არა?!
კიდევ ერთხელ ხომ არ გადაგვეხედა ყველაფრისათვის?! „
უფრო დეტალურად და ემოციური ამოთქმების გარეშე კი ასე ვფიქრობ:
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების ეპიზოდის ღრმა ანალიზი ახალ ტესტებში ვერ მოხერხდება, და არც მოითხოვება. თუ გადავხედავთ 2021 წლის ფორმატს, ვნახავთ, რომ ეპიზოდი სამი მოცემულობის მიხედვით განიხილებოდა. მოსწავლეს (აპლიკანტს) მოეთხოვებოდა პერსონაჟის მხატვრული სახის, მთავარი სათქმელისა (ან მორალურ-ეთიკური პრობლემის) და მწერლის სტილისა თუ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე საუბარი. პერსონაჟების მხატვრული სახე კიდევ ცალკე განხილვის თემად უნდა ვაქციოთ, როდესაც XXI საუკუნის მოსწავლეებს პერსონაჟების დახასიათება ყველაზე მეტად მოსწონთ. ეს ის ნაწილია თემისა, სასარგებლო და საინტერესო რომ იკვეთება. ბოლოს და ბოლოს ლიტერატურა ხომ ადამიანთმცოდნეობაცაა?!
აღარ ვსაუბრობ უკვე, რომ თითოეული მოცემულობის მიხედვით დაწერილ ანალიზს ემატებოდა სხვადასხვა ტიპის მაგალითი, რომლებიც სხვადასხვა ტექსტიდან (მხატვრული, არამხატვრული, ფილმები…) უნდა მოეყვანა. მოკლედ, ლიტერატურული ტექსტის ანალიზი მეტად სრულფასოვნად იყო წარმოდგენილი და მასში ყველა უნარი იზომებოდა.
რაც შეეხება 2022 წლის ფორმატით დასაწერ ესეს, იგი მოცულობით გაიზარდა, დაემატა უკვე მხატვრული ტექსტის იმ კუთხით ანალიზი, რომელიც მოცემულობაში იქნება ჩამოყალიბებული და იზომება 1-ელი და მე-3 კრიტერიუმებით (გრამატიკულ ასპექტებს არ ვგულისხმობ). ვგონებ, ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზს ბევრი დააკლდა.
ცალკე კრიტერიუმით იზომება პრობლემის აქტუალობა. წესით, არგუმენტირებული ესეს მთავარი არსიც ეს იყო, მაგრამ, რადგან ცალკე კრიტერიუმით არ ფასდებოდა, მოსწავლეების გარკვეული ნაწილი თავს არიდებდნენ ამის წერას (ესეც ძალიან პირობითია, ზოგი წერდა, ზოგი არა) და ვერავინ დადებს თავს იმაზე, რომ პრობლემის აქტუალობას ახლა უცილობლად დაწერენ.
ჩემი კოლეგებისაგან ხშირია ასეთი შეფასებაც, რომ ახლანდელ ესეში შაბლონებს აღარ გამოიყენებენ, მოსწავლე უფრო იაზროვნებს და უკეთ წარმოჩნდება კრიტიკული აზროვნება. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქაც მარტივად მოიძებნება შაბლონი, ხოლო მაღალი სააზროვნო უნარების გარეშე, ვერც წინა ფორმატით დაწერდი და ვერც ახლა. მხოლოდ ერთი კია, ამ პრინციპით ძალიან ბევრი მასწავლებელი (ბევრი თუ არა, ნაწილი მაინც) საბაზო დონეზე ასწავლის ესეების წერას. ტექსტის სწავლების შემდეგ „ვიღებთ“ პრობლემას, ამ პრობლემას ვაანალიზებინებთ, ხოლო მაგალითისთვის ნასწავლი ტექსტიდან მოგვყავს ფრაგმენტები. მე გამარტივებულად მომეჩვენა. ჩემს მოსწავლეებთან დღეს უკვე „დავტესტე“ ეს ტესტი და კიდევ განმიმტკიცდა წარმოდგენა, რომ ლიტერატული ტექსტის ანალიზს ბევრი დააკლდა, ეს კი როგორ აისახება, ახლო მომავლში ვნახავთ, მაგრამ გვაქვს ახლა ამის დრო?
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ცვლილებების ჩამონათვალი და ტესტის ნიმუში 2022 წლის ქართულისა და გეოგრაფიის ეროვნული გამოცდისთვის
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება