GE

„პანდემიის შედეგად სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის რემედიაციის პროგრამები უნდა დაინერგოს“ – ქართველი დირექტორები და მასწავლებლები

საქართველოს სკოლებში გამოკითხული დირექტორების და მასწავლებლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კოვიდ პანდემიის შედეგად სწავლაში ჩამორჩენილი მოზარდებისთვის რემედიაციის პროგრამები უნდა დაინერგოს, თუმცა ამის ხარჯზე სასწავლო წლის ხანგრძლივობის გაზრდა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. (რემედიაცია მიზნობრივი აქტივობების საშუალებით არსებული პრობლემის შემცირებას ან სრულად გადაჭრას ნიშნავს ავტ.)

კვლევა „რემედიაციის პროგრამები: პასუხი ზოგად განათლებაში პანდემიით განპირობებულ გამოწვევებს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა  მანანა რატიანმა და მაია არავიაშვილმა ჩაატარეს. მათი თქმით, ონლაინ გამოკითხვის ჩასატარებლად, ონლაინ ანკეტა 2 083 სკოლაში გაიგზავნა და საქართველოს ყველა რეგიონიდან კვლევაში მონაწილეობა 7 784-მა რესპონდენტმა მიიღო

„საქართველოში პანდემიამ გავლენა მოახდინა საგანმანათლებლო სივრცეზე. რამდენად და როგორ დააზარალა ზოგადი განათლება, ცალკე კვლევის საკითხია, თუმცა ცალსახაა, რომ ამ ეტაპზე არსებობს გამოწვევები, მათ შორის მოსწავლეების სწავლაში ჩამორჩენა. მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო საჭიროებების  დადგენა და სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შემხვედრი ნაბიჯების დაგეგმვა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, შეგვესწავლა რემედიაციის პროგრამების საჭიროება საქართველოს საჯარო სკოლებში. კვლევის მეთოდად შევარჩიეთ ონლაინ გამოკითხვა, კვლევის ინსტრუმენტად კი – ონლაინ ანკეტა, რომელიც გაიგზავნა 2 083 სკოლაში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 7 784 რესპონდენტმა და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის შედეგების ამსახველ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მოსწავლეების განათლებაზე ხელმისაწვდომობა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა. საქართველოშიც მოსწავლეები, რიგ შემთხვევებში, საგაკვეთილო პროცესს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ესწრებოდნენ, იქნებოდა ეს ინტერნეტზე წვდომა თუ ტექნიკური (კომპიუტერი, ტელეფონი) საშუალების არქონა. თუმცა კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში (78%) მოსწავლეების სასწავლო პროცესზე დასწრება 75-100% დატვირთვით მაინც იყო შესაძლებელი.

გამოკითხული დირექტორები და მასწავლებლები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პანდემიით განპირობებული ჩამორჩენის გამო რემედიაციის პროგრამების შემუშავებას და დანერგვას.

კითხვაზე – რა იქნებოდა გამოსადეგი/ძალიან გამოსადეგი მოსწავლეების სწავლაში ჩამორჩენის პრობლემის მოსაგვარებლად? – ყველაზე ხშირად დასახელდა ,,დახმარება კლასების მიხედვით იმ მოსწავლეთა ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქვთ სწავლაში ჩამორჩენა“ (6683 რესპონდენტი)

რემედიაციის პროგრამების განხორციელების შემთხვევაში ოპტიმალურ საშუალებებად  დირექტორებმა და მასწავლებლებმა ყველაზე ხშირად კურიკულუმის ცვლილება დაასახელეს (3638 რესპონდენტი), ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საზაფხულო პროგრამები (3058 რესპონდენტი) და ექსტრაკულიკულარული აქტივობები (2328 რესპონდენტი). ნაკლებად მიზანშეწონილად მიაჩნიათ სასწავლო წლის ხანგრძლივობის გაზრდა (5509 რესპონდენტი)

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავტორებმა შემდეგი ტენდენციები გამოკვეთეს:

მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესზე მოსწავლეების დასწრების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, დირექტორებს და მასწავლებლებს რემედიაციის პროგრამების დანერგვა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ;

რემედიაციის პროგრამის შემუშავების და დანერგვის შემთხვევაში, ყველაზე მიზანშეწონილად მიაჩნიათ კლასების მიხედვით იმ მოსწავლეთა ჯგუფების დახმარება, რომლებსაც აქვთ სწავლაში ჩამორჩენა;

დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის მიუღებელია მოსწავლეების სწავლაში ჩამორჩენის პრობლემის მოგვარება სასწავლო წლის გახანგრძლივებით;

რემედიაციის პროგრამების საუკეთესო საშუალებებად დასახელდა კურიკულუმის ცვლილება და ამ ტიპის დახმარების შიგნით ჩაშენება, ასევე საზაფხულო პროგრამები და ექსტრაკურიკულარული აქტივობები.

რაც შეეხება რემედიაციის პროგრამების დანერგვაში მონაწილე მხარეს, ყველაზე მაღალი სანდოობით, ამ შემთხვევაში, მასწავლებლები სარგებლობენ.

რესპონდენტების აზრით, პედაგოგებთან ერთად, სასურველია, პროგრამების შექმნის და დანერგვის პროცესში ჩაერთონ ექსპერტები, ოჯახის წევრები და წარმატებული თანატოლები, რომლებიც დაეხმარებიან მოსწავლეებს სწავლაში პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენის დაძლევაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური