პედაგოგები მასწავლებლის წიგნებს ითხოვენ, „საგანმანათლებლო რესურსები“ კი ამბობს, რომ ასეთი პრობლემა არ არსებობს
ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების (ნაწილების) ელექტრონული ვერსიები, როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლისთვის არსებობს და ხელმისაწვდომია, თუმცა მასწავლებლები მატერიალურ წიგნებს ითხოვენ და წერენ, რომ გაკვეთილზე სახელმძღვანელოს მოსწავლისგან თხოულობენ.
“ნეტავ, ვის მოუვიდა აზრად, რომ ახალი წიგნებით სწავლება წიგნების გარეშეც კარგად შეიძლება? ძალიან არაკომფორტულია სახელმძღვანელოს გარეშე გაკვეთილის ჩატარება! მათემატიკაში, სავარჯიშოების შესრულებისას, წიგნის გარეშე როგორ უნდა ვიმუშაოთ?! როგორ მოვიქცეთ?! მოსწავლეებს ავაცალოთ წიგნები? ფურცლებზე ამოვბეჭდოთ წიგნები, ტელეფონში ვათვალიეროთ და ვეძებოთ როდის რომელი სავარჯიშო დაგვჭირდება? ინტერნეტი თუ არ გვაქვს, ფოტოები გადავუღოთ წიგნის ელ. ვერსიას? უი, ყველაზე უკეთესია, რომ სავარჯიშოები დავიზეპიროთ და წიგნი აღარ დაგვჭირდეს?! ყველა ხერხი ვცადე და მაინც მიჭირს წიგნის გარეშე მათემატიკის გაკვეთილზე ნორმალურად მუშაობა.
იქნებ, შეიწუხოთ თავი და მასწავლებლებისთვის დროულად გაიმეტოთ სახელმძღვანელოები! თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ მეორე კვირაა სწავლა დავიწყეთ!”, – ეს სიტყვები მათემატიკის მასწავლებელს, ნანა დაბრუნდაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან 4 დღის წინ დაწერა.
EDU.ARIS.GE მას გადამოწმების მიზნით დღეს, 25 სექტემბერს დაუკავშირდა და ვკითხეთ, შეიცვალა თუ არა რამე ამ დღეების განმავლობაში, ხომ არ მიიღო სახელმძღვანელო.
“არა, სამწუხაროდ, ჯერ ისევ წიგნების გარეშე ვართ და არც ის ვიცით, სად ან როგორ უნდა შევიძინოთ, არც იყიდება სადმე და არც ის ვიცით, მოგვცემენ თუ არა.
როგორც ვიცი, სკოლამ გადაგზავნა მოთხოვნა. დაზუსტება თავადაც შეგიძლიათ რომელიმე სკოლის დირექციასთან, თუმცა ფაქტია, წიგნები ჯერ არ გვაქვს და არც ის ვიცით, მოგვცემენ თუ გასაყიდად გამოიტანენ… წიგნების არქონა ძალიან გვიშლის ხელს სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვაში”, – გვითხრა პედაგოგმა.
ჩვენი რესპონდენტი ამ ვითარებაში მარტო არ არის, საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ სხვა მასწავლებლებიც, მათ შორის სხვა სკოლებიდან:
– “ტელეფონი და კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის”.
– “ყველა მასეთ დღეში ვართ. ბავშვებისგან წიგნს რომ ვითხოვ, ათას ბოდიშს ვიხდი, მასწავლებელი და უწიგნოდ?”
– “სხვა რესურსების მიუხედავად, წიგნის გარეშე მართლა რთული ყოფილა მუშაობა”.
– “მართლაც ძალიან რთული და არაკომფორტულია სახელმძღვანელოს გარეშე მუშაობა”.
– “სხვათა შორის, დაგვპირდნენ ყველა მასწავლებელი წიგნს მიიღებსო”.
– “პირველი კლასის მასწავლებლებიც სახელმძღვანელოების გარეშე ვართ… არსად იყიდება, თორემ სიამოვნებით შევიძენდი ქართულსაც, მათემატიკასაც და ბუნებასაც… ძალიან რთულია სახელმძღვანელოების გარეშე მუშაობა…”.
დღესვე EDU.ARIS.GE განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც “საგანმანათლებლო რესურსებში” გადაგვამისამართეს.
უწყებაში სრულიად საპირისპირო პასუხი გაგვცეს და გვითხრეს, რომ “მასწავლებლის წიგნებთან დაკავშირებით ასეთი პრობლემა საერთოდ არ დგას”.
“ასეთი პრობლემა რომ არ არსებობს? თქვენ რა პრობლემასაც ასახელებთ, ასეთი, შესაძლოა, ერთეული შემთვევები იყოს და სკოლა როდესაც მიმართავს შესაბამისი საჭიროების რაოდენობით რესურსცენტრს, რესურსცენტრი ჩვენგან გამოითხოვს იმ საჭირო რაოდენობას, რაც უნდა მიეწოდოს სკოლას, მათ შორის როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს, სწორედ ამ წესის დაცვით. ამის შემდეგ “საგანმანათლებლო რესურსები” დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჭიროების მიხედვით სახელმძღვანელოებს ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ყველა სკოლაშია სახელმძღვანელოები მიწოდებული, არანაირი ასეთი გლობალური პრობლემა არ არსებობს და სკოლას შეუძლია დაგვიკავშირდეს რესურსცენტრის მეშვეობით”, – განმარტეს განათლების სამინისტროს შპს-ში.
ასევე იხილეთ:
-
„სასკოლო წიგნების შეძენა გრძელ რიგში, ამ ქაოსში გვიწევს“ – კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენ სკოლაში შეძლებს მასწავლებელი ფუნქციური დანამატის მიღებას – ცვლილებები ანაზღაურების შესახებ ბრძანებას შეეხო
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი სქემა ამოქმედებას იწყებს – უფროსმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად 22 სექტემბერი არ უნდა გამოტოვოს
by ARIS.GE-განათლება