პედაგოგების ნაწილს კომპიუტერული პროგრამების არასაკმარის ცოდნა აქვს -„იმდენად გამიჭირდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო“
კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა მოსწავლეებთან ერთად რთული გამოწვევა აღმოჩნდა მასწავლებლებისთვის. პედაგოგებს, რომელთა ნაწილსაც ტექნოლოგიების ფლობის კუთხით ელემენტარული სწავლებაც კი არ აქვს გავლილი, საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ელექტრონულ რეჟიმში უხდებათ, რაც ბევრი მათგანისთვის საწყის ეტაპზე საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა.
მასწავლებლების მხრიდან ტექნოლოგიების ფლობა პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. პედაგოგებისთვის, რომლებიც განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში ცხოვრობენ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შეუძლიათ, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა რიგ სირთულესთან იყო დაკავშირებული, ხოლო რეგიონში მცხოვრები პედაგოგები, რომელთაც ნაკლები ტექნოლოგიური შესაძლებლობა აქვთ, უფრო დიდ პრობლემებს შეეჯახნენ. მსოფლიო თანხმდება, რომ ეფექტური დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად მასწავლებლები პროფესიონალურ მომზადებას საჭიროებენ და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს კიდევ უფრო დიდი სირთულეს წარმოადგენს.
რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალური მონაცემების იმის შესახებ, თუ რამდენ პედაგოგს აქვს გავლილი სპეციალური სწავლება ან ტრენინგ კურსები კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის კუთხით, არ არსებობს. EDU.ARIS.GE-მ სამინისტროს წარმომადგენლებისგან ასევე მოითხოვა ინფორმაცია იმ პედაგოგთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, ამ დრომდე ვერ ახერხებენ ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას, თუმცა ამ დრომდე ეს ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდებული არ არის.
ცნობილია, რომ ქართველი მასწავლებლების ნახევარზე მეტი 41-დან 60 წლამდე და მეტი ასაკისაა. მათ უდიდეს ნაწილს კი, ტექნოლოგიების კუთხით სპეციალური სწავლება გავლილი არ აქვს. ტექნოლოგიების ეპოქაში პედაგოგები თავად ახერხებენ ელემენტარული კომპიუტერული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, თუმცა არსებობს პრობლემებიც და ამის შესახებ ჩვენთან რამდენიმე ასაკოვანმა პედაგოგმა ისაუბრა, მათ საკუთარი სახელისა და გვარის საჯაროდ გაჟღერება არ ისურვეს.
„ვარ 61 წლის უფროსი მასწავლებელი, საგნის და პროფესიული უნარების გამოცდები წლების წინ, წარმატებით ჩავაბარე. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. მართალია, სოციალურ ქსელშიც ვარ დარეგისტრირებული და ელ-ფოსტითაც ვსარგებლობდი ხოლმე, მაგრამ კომპიუტერთან აქტიური შეხება არ მქონია და არც რაიმე სასწავლო კურსი მაქვს გავლილი. საწყის ეტაპზე იმდენად გამიჭირდა ადაპტაცია, რომ ჯანრთელობის პრობლემებიც კი შემექმნა ნერვიულობისგან, ჰიპერტენზია დამეწყო. აღმოჩნდა, რომ ელემენტარულ უნარ-ჩვევებს არ ვფლობ, მაგალითად როგორიცაა საქაღალდის, ფაილის შექმნა, ფაილის ატვირთვა, გადაგზავნა და ა.შ. თითქოს ხომ მარტივია, მაგრამ როდესაც შეხება არ გქონია, ძალიან რთულია. ჩემი შვილი მეხმარება, მარტო ვერაფერს გავაკეთებდი. Teams-ის პროგრამასაც კი დამოუკიდებლად ვერ გადმოვიწერდი კომპიუტერში, შვილი რომ არ დამხმარებოდა. ერთხელ, ჩემი შვილი სახლში არ იყო, კომპიუტერი ჩართული დამიტოვა, მაგრამ ინტერნეტი გაითიშა, ვერაფერი გავუგე და გაკვეთილიც ჩამეშალა. ახლა ასე თუ ისე შევეჩვიე და უკვე მშვენივრად ვსაუბრობთ მე და ჩემი მოსწავლეები, დავალებებსაც ვუგზავნი, მაგრამ შვილის დახმარება მაინც ხშირად მჭირდება“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ისტორიის პედაგოგი.
კიდევ ერთი მასწავლებელი ტექნიკური კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს და მიაჩნია, რომ პედაგოგებს სპეციალური გადამზადება უნდა ჩაუტარდეს.
„ვარ 55 წლის, დაწყებითი კლასების პედაგოგი. კომპიუტერთან შეხება აქამდეც მქონდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი მივხვდი, რომ თურმე რამდენი რამ არ მცოდნია. მესმის, არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია, მაგრამ ერთბაშად და ყოველგვარი მომზადების გარეშე ისეთ პროგრამაში მოგთხოვეს მუშაობა, ყველა დაიბნა მასწავლებელიც და ბავშვიც, თუ ადამიანი ელემენტარულ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს არ ფლობს, არაა მარტივი Teams-ში მუშაობის აწყობა. სანამ ჯგუფები დალადგებოდა, ძალიან სტრესის მომტანი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დირექციის დახმარებით, პირველი ეტაპი რეგისტრაცია და ჯგუფების შექმნა წარმატებით დასრულდა, თუმცა არც მერე იყო მარტივი. მაგალითად, გირეკავს მშობელი გეკითხება რაღაც ტექნიკურ საკითხს, მაგრამ არ იცი რა უპასუხო, რადგან ვერ ერკვევი, ესეც ძალიან ცუდი მომენტი იყო. თუმცა შემდეგ უკვე გაჩნდა სხვადასხვა რესურსი, ვებინარები და ინსტრუქციები და ასე თუ ისე, ავაწყვეთ საგაკვეთილო პროცესი. ვფიქრობ, შემდეგ, რომ დაწყნარდება სიტუაცია, აუცილებელია რომ ამ კუთხით მასწავლებლებმა გარკვეული გადამზადება გავიაროთ და ტექნოლოგიები უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში. ერთი პრობლემა ისაა, რომ კარგად არ იცი კომპიუტერი და მეორე, რომ შეიძლება საერთოდ არ გქონდეს ეს ტექნიკა სახლში. მე ვიცი პედაგოგი, ხანდაზმულია, არ ჰქონდა კომპიუტერი სახლში და ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ შვილმა ტელეფონი მიუტანა და გარკვეულწილად მოუგვარდა პრობლემა. ამ კუთხით ნამდვილად ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი მომავალში“, – ამბობს კიდევ ერთი პედაგოგი.
„განათლების საერთაშორისო აკადემია IAE-ს“ დამფუძნებელი მარი გეთიაშვილი, რომელსაც სხვადასხვა ტრენინგისა და სემინარების ფარგლებში ბევრ პედაგოგთან აქვს შეხება, აცხადებს, რომ დისტანციური მუშაობისას გამოიკვეთა, რომ პედაგოგების ნაწილს კომპიუტერული პროგრამების არასაკმარის ცოდნა აქვს.
„მასწავლებლების და მოსწავლეების დისტანციური მუშაობისას ნამდვილად გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რაც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დაკავშირებულია კომპიუტერული უნარ-ჩვევების არასაკმარის ცოდნასთან. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ არაერთი პედაგოგი ძალიან სწრაფად ადაპტირდა. იმ მასწავლებელთაგან, ვისაც თავიდან საკმაოდ უჭირდა სხვადასხვა პროგრამაში მუშაობა და სწავლება, ეცნობოდნენ მასალებს, უყურებდნენ ვიდეო ინსტრუქციებს და ცდილობდნენ ამ რეჟიმისთვის მარტივად აეწყოთ ფეხი. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, მასწავლებლებს სჭირდებათ ტრენინგები პროგრამებში სამუშაოდ, რათა რაც შეიძლება ინტენსიურად დანერგონ სასწავლო პროცესში. პანდემიის ამ დიდი გამოწვევის შემდეგ, ვფიქრობ, მასწავლებლებს თავად გაუჩნდებათ უფრო დიდი სურვილი სიღრმისეულად შეისწავლონ ის პროგრამები, რომელიც მათ სწავლების პროცესში სჭირდებათ. სწავლის ნაწილობრივად გაციფრულება ეს არის საკმაოდ დიდი რესურსის და ენერგიის დაზოგვა, რასაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დადებითი ეფექტი აქვს, ვიდრე უარყოფითი“, – ამბობს მარი გეთიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ტექნოლოგიების კუთხით არსებულ პრობლემებზე და სასწავლო პროცესში მისი დანერგვის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში და ამტკიცებენ, რომ პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ ეს არის, თუმცა პროექტი ამ ეტაპზე სკოლების მხოლოდ მცირე ნაწილს ეხება. რაც შეეხება დისტანციური სწავლების კუთხით პედაგოგების დახმარებას, სოციალურ ქსელში შექმნილია სხვადასხვა ჯგუფი, საგნების მიხედვით იმართება ვებინარები. რეგიონების მიხედვით კი „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტები, დაინტერსებულ პირებს ონლაინ კონსულტაციებით უზრუნველყოფენ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება