პედაგოგების ვაქცინაციის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, უპირატესობა მე-4 კლასამდე პერსონალს მიენიჭება
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ პრემიერ გიორგი გახარიას ხელმოწერით ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტში დეტალურადაა ასახული თუ როგორი წესითა და პრინციპით არის დაგეგმილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია. ეროვნული გეგმის თანახმად, სკოლების და ბაღების პერსონალის ვაქცინაცია გეგმის მე-2 ფაზაში მოხდება და ის ნებაყოფლობითი იქნება.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მყარი მტკიცებულებების არარსებობის გამო, COVID-19-ის ასაცრელ ჯგუფებში არ განიხილებიან ორსულები და ბავშვები 16-წლამდე.
„ესენციურ სერვისების ფუნქციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უსაფრთხოებისა და განათლების პროცესის წარმართვისთვის. ჯანდაცვის სისტემაზე პერსონალის დაავადებით გამოწვეული ტვირთის მოხსნა შესაძლებელი იქნება Iა ფაზაში ჩატარებული აცრებით. სხვა ესენციურ სერვისების ოპერირებაში ჩართული პერსონალის მოცვა მოხდება II და III ფაზებში.
ესენციურ სერვისებს განეკუთვნება:
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხაზის პერსონალი (მ.შ. სანგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ;თავდაცვის სამინისტრო (ჯარი) ;შორეული გადაზიდვის ოპერატორები (მძღოლები, საზღვაო /საჰაერო/ სარგინიგზო გადაზიდვებში ჩართული პირები); აფთიაქების წინა ხაზის პერსონალი;
ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი (ბაგა-ბაღები) და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები და მომსახურე პერსონალი (საჭიროების შემთხვევაში პრიორიტეტიზაცია მე-4 კლასამდე და შემდგომ მაღალი კლასის პერსონალი);
საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები (მძღოლი, მემანქანე, კონდუქტორი, კონტროლიორი); ტაქსის და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები III ფაზაშიჩატარდება სხვა მომატებული რისკის მქონე ჯგუფების ვაქცინაცია (პატიმრები/ მსჯავრდებულები, იმავე მიდგომით როგორც მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფები მათ შორის ქრ. მდგომარეობის მქონე, და მათთან უშუალო შეხებაში მყოფი პირები; მაღაროელები)“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, მოხდება მხოლოდ პრიორიტეტული ჯგუფების (ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბინადარნი და მომსახურე პერსონალი და 75 ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის) აცრა.
ვაქცინაცია, მათ შორის, სამედიცინო პერსონალისთვის,იქნება ნებაყოფლობითი. ეროვნული გეგმის ავტორები აღნიშნავენ, რომ აცრის წინ, პირს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელზე და პირისგან მიღებული უნდა იყოს ინფორმირებული თანხმობა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიმღებლობასთან ვაქცინაციის დაწყების და მიმდინარეობის პროცესში, სადღეისოდ არსებული მტკიცებულება მიუთითებს რომ COVID-19 ვაქცინისადმი მიმღებლობა ვარირებს 55% (რუსეთი) და 99% (ჩინეთი) შორის, ხოლო საქართველოში ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად მოსახლეობის 56% თანახმაა ვაქცინაციაზე თუ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და რეკომენდებული.
გეგმაში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ეპიდემიის გამო, მთავრობა იძულებული გახდა დაეწესებინა გარკვეული ამკრძალავი ღონისძიებები და გააფართოვა მიზნობრივი შეზღუდვები. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პანდემიის მართვის აღნიშნული მიდგომა, ამ დროისათვის, ყველაზე ეფექტურია, თუმცა ტვირთად აწევს ქვეყნის ეკონომიკას, აფერხებს განათლების სექტორის ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას და აბრკოლებს ქვეყნის შემდგომ განვითარებას.
დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19 დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა 5 834 / 100 000 მოსახლეზე შეადგინა, ხოლო დაინფიცირებული მოსახლეობის შეფასებითი მაჩვენებელი 15%-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 89%-ია, ხოლო ლეტალობა 1%. COVID-19 შემოდგომის პერიოდში გახდა ქვეყანაში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი, ხოლო მთლიანი 2020 წლისთვის ის იქნება სიკვდილიანობის მეოთხე წამყვანი მიზეზი.
საქართველოში ეპიდემიის პერიოდში, COVID-19 ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
„კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში პედაგოგებიც ჩაერთვებიან“ – განათლების მინისტრის მოადგილე
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება