„პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“
„მასწავლებლები ერთმანეთის მხარდასაჭერად” პროექტი ამ სახელწოდებით პედაგოგების მიერ ახლად შექმნილმა „საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანებამ’’ წამოიწყო, რომლის მიზანიც აქტიური მასწავლებლების შემოკრების გზით პედაგოგთა საზოგადოების გაძლიერება და სისტემაში მიმდინარე პროცესებში მათი როლის მნიშვნელობის გაზრდაა.
საკუთარი თავის კოლეგებისა და საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად და თანამოაზრეების აღმოსაჩენად ორგანიზაციამ პირველი პრეზენტაცია 19 ოქტომბერს, თბილისის სკოლების პედაგოგებისთვის გამართა, სადაც გუნდი, მისია და შეხედულებები წარადგინეს. სამომავლო მიზნები კი გაცილებით ვრცელი და მრავალფეროვანია – ორგანიზაციის გაფართოებით დაწყებული, განათლების სისტემის დახვეწითა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგით დამთავრებული.
წევრობაზე დაფუძნებული გაერთიანება, თავისი საქმიანობით, პროფკავშირულ ორგანიზაციას წარმოადგენს. მთავარი მიზნების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: წევრთა სოციალური სტატუსის აღიარების ხელშეწყობა; შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვა და მათი წარმომადგენლობა; ზრუნვა ხარისხიანი, ეფექტიანი განათლებისათვის; სრულფასოვანი, მრავალმხრივი კულტურული განვითარებისთვის საჭირო პირობების გამოვლენა და პროფესიული თვითრეალიზებისთვის საჭირო სამუშაო გარემოს შექმნა; სისტემაში დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვა, რაც, თავის მხრივ, მოიაზრებს ღირსეულ პენსიას, ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტს, მრავალშვილიანი მუშაკებისა და მარტოხელა მშობლების ხელშეწყობას.
თუმცა, უპირველესი მიზანი, მაინც მასწავლებლებისთვის სითამამის შეძენაა, რათა მათ თავი თავისუფალ ადამიანებად იგრძნონ, ნებისმიერ სიტუაციაში ღიად, საკუთარი აზრი დაუფარავად გამოხატონ და თამამად დაიცვან თავიანთი კანონიერი უფლებები.
„ჩვენ, „საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების” გუნდი მასწავლებელთა საზოგადოებაში შიშის დაძლევის, საკუთარი უფლებების უკეთ გააზრებისა და ერთიანობის შეგრძნების ჩამოყალიბების ერთადერთ გამოსავალს სამართლიანი, მასწავლებლების რეალურად მხარდამჭერი, ყოველგვარი პოლიტიკური მიზნებისგან თავისუფალი პროფესიული კავშირის ჩამოყალიბებაში ვხედავთ. სწორედ ამან გვიბიძგა, მიუხედავად რისკებისა, დაგვეფუძნებინა აღნიშნული გაერთიანება, რომელიც მუდამ იდგება განათლების მუშაკთა გვერდით და ყველა კანონის დაცვით იბრძოლებს მათი უფლებებისა და ბენეფიტებისთვის“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს 2023 წლის ათეულის წევრი თამარ ცანავაა, რომელმაც მასწავლებელთა პრობლემების მოსაგვარებლად საუბარი და ბრძოლა, დიდი ხნის წინ, მარტომ დაიწყო, მოგვიანებით კი თანამოაზრეებთან ერთად გააგრძელა.
თამარის მიერ წამოწყებული საქმიანობის მთავარი შედეგია ის, რომ დღეს პედაგოგთა დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადია, რაც მანამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა. თანამოაზრეების რაოდენობის ზრდამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეა გააჩინა. დამფუძნებლების თქმით, ისინი განათლების სფეროს იმ მუშაკებს დაუდგებიან გვერდში, რომლებიც „სამინისტროს პარტიული წნეხის ქვეშ იჩაგრებიან და საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ“. შესაბამისად, გეგმავენ თითოეულ კოლეგას, ინდივიდუალური პრობლემებით, მხარი დაუჭირონ და გაუწიონ ყველანაირი დახმარება – იურიდიული, საკონსულტაციო და მორალურიც კი. ეს ყველაფერი, მათი აზრით, სასკოლო საზოგადოებას განათლების უკეთესი სისტემისთვის ესაჭიროება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა.
„ჩვენს ქვეყანაშიც დადგა დრო, როცა მასწავლებელთა გაერთიანება აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ჯგუფებში გვაქვს ხოლმე ერთობა, ხშირ შემთხვევაში, ამ ერთობას რეალურ შედეგად ვერ ვაქცევთ. გვინდა ჩვენმა ორგანიზაციამ იდეა, რომლის გარშემოც გავერთიანდით, სისრულეში მოიყვანოს. მზად ვართ, პედაგოგები დავარწმუნოთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის ნამდვილად იბრძოლებს. იბრძოლებს იმისთვის, რომ მათ თავი იგრძნონ დაცულად, დაფასებულად, პროცესების მონაწილედ და არა ბრძანებების უხმოდ შემსრულებლად, ჰქონდეთ მაღალი ხელფასები, ღირსეული პენსია და კარგი ჯანდაცვის პაკეტი“, – აღნიშნავს თამარ ცანავა.
თბილისელ პედაგოგებთან შეხვედრასა და პრეზენტაციას ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ჩიქოვანი უძღვებოდა.
„მასწავლებელთა საზოგადოება, ვალდებულებების ფართო სპექტრიდან, განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოუწესრიგებლობიდან ხელფასების სიმცირიდან და ჩვენს უკან მდგომი ოჯახების მდგომარეობდან გამომდინარე, მოწყვლადი სოციალური ჯგუფი ვართ“, – ასე იწყებს EDU.ARIS.GE-სთან საუბარს და დასძენს, რომ ამ მოცემულობით თითქმის ყველა ხელისუფალი სარგებლობს. სწორედ ამიტომ, პედაგოგობა, მუდმივად, მორჩილებასთანაა ასოცირებული.
გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს შესძინონ მეტი სითამამე – ღიად ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე, ორგანიზაცია ერთ-ერთ მთავარ მისიად პედაგოგთა ანაზღაურების პოლიტიკის მოგვარებასაც ასახელებს. დღესდღეობით მოქმედ მოდელს ჩვენი რესპონდენტი ქმედუუნაროსა და უსამართლოს უწოდებს, რომელმაც ერთადერთი შედეგი გამოიწვია – პედაგოგები ერთმანეთს დააპირისპირა. რეალური მისია კი – ღირსეული გაეხადა ანაზღაურება, ვერ შეასრულა და შედეგად, პედაგოგებს უწევთ სასკოლო საქმიანობის შემდეგ, თავისუფალ დროს, დასვენების დღეებში დამატებითი საქმით დაკავდნენ, რათა შემოსავალი, ამ გზით, ღირსეულთან მიახლოებული მაინც გახადონ.
„ამ გაერთიანების მიზანია მოგვარდეს ის პატარ-პატარა პრობლემები, რაც, შემდგომ, დიდი პრობლემის მოგვარებაზე იქნება პასუხისმგებელი, რათა განათლების სისტემა საბოლოოდ არ დეფორმირდეს. გვინდა მასწავლებლებამდე მივიტანოთ ჩვენი ხმა, რათა მათ თავიანთი ხმის დაიჯერონ. შესაბამისად, გვინდა მასწავლებლები შემოგვიერთდნენ. რეგიონებში გასვლებსა და მასწავლებლებთან შეხვედრებს ვგეგმავთ, რათა გავიგოთ რა აწუხებთ და შემდეგ მოგვარებაზე ერთად ვიზრუნოთ. მთავარია, ნახონ, რომ არსებობენ მოქმედი მასწავლებლები, რომლებიც თავიანთი უფლებებისთვის, ჯანსაღი მომავლისთვის, უკეთესი სასკოლო გარემოსთვის იბრძვიან. მასწავლებლობა სხვა ქვეყნებშიც რთულია, მაგრამ იქ სასიამოვნოა, რადგან შესაბამის პირობებს უქმნიან. ჩვენთან კი პირიქით. ბავშვების განათლებაზე ზრუნვა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს, რაც ჩვენი გაერთიანებული ჩართულობის გარეშე არ გამოსწორდება. სწორედ ეს სათქმელი გვინდა მივიტანოთ ადრესატებამდე“, – აღნიშნავს ეკატერინე ჩიქოვანი.
ორგანიზაცია ცდილობს აქტიურად ითანამშრომლოს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთანაც. პირველ რიგში, განათლების სამინისტროსთან. ეკატერინე ჩიქოვანის თქმით, მათ კარგად იციან, რომ სისტემაში დიდი ხანია ყველაფერი რიგზე არაა და რომ მასწავლებლების სიჩუმე მხოლოდ და მხოლოდ მათი შიშითაა განპირობებული. ამიტომ, ახლა ხელისუფლებისგან საპასუხო ნაბიჯის გადმოდგმას ელიან.
„საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების“ ერთი-ერთი დამფუძნებელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2024-ის გამარჯვებული, დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ნათია უჩავაა. იდეით თავიდანვე მოიხიბლა. გადაწყვეტილების მიღება კი გაუადვილა იმ ნდობამ, რაც თამარ ცანავასა და მის მერ განხორციელებული საქმიანობის მიმართ გააჩნდა. მისი აზრით, გაერთიანება შეძლებს მასწავლებელთა ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი გახადოს და მათ იმაზე უკეთეს გარემოში უწევდეთ მუშაობა, ვიდრე ახლა უწევთ.
იზიარებს აზრს, რომ მასწავლებლები მოწყვლად ჯგუფთან ასოცირდებიან და მათთვის გამბედაობის შეძენა, ცვლილებებისთვის ბიძგის მიცემა მთავარ მისიად მიაჩნია. ამბობს, რომ მასწავლებლების უმრავლესობას ეშინია ხმამაღლა საუბრის, აზრის გამოხატვის. მით უმეტეს, თუ ეს პრობლემებს ეხება.
„ღიად თუ არ გამოვთქვით აზრი, ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადავდგით, პრობლემა პრობლემად დარჩება და ჩვენს ნაცვლად არავინ მოაგვარებს. მასწავლებლები ბევრნი ვართ და ერთად ძალიან დიდ ძალას წარმოვადგენთ. მთავარია, ეს თვითრწმენა გაჩნდეს და დავიჯეროთ, რომ ხმამაღლა საუბარი, მით უმეტეს პრობლემაზე, მნიშვნელოვანია. გაერთიანებით, ერთიანი ხმის გაჟღერებით, ნელ-ნელა, ბევრი რამ მოგვარდება. გვინდა, მასწავლებლებს გამბედაობა შევმატოთ და ცვლილებებისკენ ვუბიძგოთ“, – აღნიშნავს ნათია უჩავა.
პრეზენტაციას ესწრებოდა „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია, რომელმაც წამოწყებას დროული უწოდა და დასძინა, რომ მასწავლებელთა გაერთიანების გარეშე პოლიტიკაში თვისებრივი, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეუძლებელი იქნება. აქვე საერთაშორისო გამოცდილებას იშველიებს და აცხადებს, რომ განათლების პოლიტიკაში წამყვანი რგოლი, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ამგვარი გაერთიანებებია.
„ყველა ის პრობლემა, რაც გვაქვს, იქნება ეს პედაგოგთა შრომითი პირობების მიმართულებით, წინასაარჩევნოდ მათი გამოყენებისას თუ ა.შ. არსებობს იმიტომ, რომ სახელმწიფო ხედავს – მასწავლებლებს დამცავი რგოლი არ ჰყავთ და თავადაც გათითოკაცებულები არიან. ამდენად, ყველა ასეთი წამოწყება მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რეალური პროფკავშირი ქვეყანაში არ არსებობს. სისტემაში, დაახლოებით, 62 ათასი მასწავლებელი გვყავს. ეს ძალიან დიდი ჯგუფია. მნიშვნელოვანია, გაერთიანებას სახელმწიფოსთან ჰქონდეს პრინციპული და სწორი პოზიციები და ცხადია, ითანამშრომლონ სხვა ორგანიზაციებთან. რაც მთავარია, თავად მასწავლებლებთან ჰქონდეთ მზრუნველი მხარდამჭერის პოზიცია და არა ზემდგომის, ჭკუის დამრიგებლის, რაც, ხშირად, პროფკავშირებს უჭირავთ ხოლმე. ამ შემთხვევაში, ორგანიზაციის როლს მასწავლებლებიც დაინახავენ. მე პირადად ამ წამოწყების დიდი გულშემატკივარი ვარ და „განათლების პოლიტიკის ცენტრიც“, როგორც ორგანიზაცია, თანამშრომლობისთვის მზადაა“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში გიორგი ჭანტურიამ.
ორგანიზაცია ღიაა ყველა პედაგოგისთვის, ან დროებით უმუშევარი, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლების მქონე ადამიანისთვის. მთავარია, იგი იმ ღირებულებების მატარებელი იყოს და იზიარებდეს იდეებს, რამაც ათობით პედაგოგი უკვე გააერთიანა.
———
სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს მიერ “საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების” დაკვეთით.
“საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების” მხარდამჭერია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
(R)