GE

პედაგოგი მინისტრს პასუხობს: „მე ვასწავლი ჩვენს სამინისტროს რა უნდა მოიმოქმედონ“

ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის პედაგოგი თინათინ გოჩელაშვილი, განათლების მინისტრის მოსაზრებას თემაზე რა პრინციპით უნდა გაუშვას სისტემამ არაკვალიფიციური პედაგოგები სკოლიდან, EDU.ARIS.GE-სთან ეხმიანება.

მინისტრი ამბობდა: „ჩვენთვის მთავარი არის ხარისხი. ყველა მასწავლებელს ექნება შანსი, რომ ხარისხი აიმაღლოს. ამ ზაფხულიდან იქნება სპეციალური ტრენინგები მასწავლებლებისთვის. ამ ტრენინგების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ფოკუსირება მოხდება და აქცენტი გაკეთდება პროფესიულ პედაგოგიურ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც პირდაპირ უნდა აისხოს ხარისხზე“.

მასწავლებლის გამოხმაურებაც მინისტრის სიტყვების სწორედ ამ ნაწილს უკავშირდება:

„რა მაინტერესებს იცით, რაღა ვერ ვისწავლე კიდევ?! მე ვასწავლი ჩვენს სამინისტროს რა უნდა მოიმოქმედოს: უპირველესად, ყველა შენობაში გახსნილი ნუცას სკოლის დონის „უნივერსიტეტები“ უნდა დახუროს; პროგრამები უნდა დახვეწოს სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც აუცილებლად, რადგანაც არ ვარგა და ძალიან ცუდია.

შემდეგ უნდა მოიძიონ ქვეყანაში მათ მიერვე გაძევებული ძლიერი სპეციალისტები და მათ უნდა ასწავლონ მომავალ სტუდენტებს. უნდა გაათავისუფლოს სამსახურიდან ყველა არაკომპეტენტური პირი, რომლებიც მიტმასნილები არიან განათლების სისტემას პარტიული ნიშნით.

მაგრამ რას ვყბედობ ახლა ნეტა მეც?! ამ ქვეყანას არაფერი არ გამოასწორებს, ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე დაწერილის და ჰაერში გაშვებული სიტყვების დონეზეა და ასე დარჩება კიდევ დიდხანს! იქეთ ვასწავლი სამინისტროს ბევრ რამეს თუ ვინმე მომისმენდა, მაგრამ…!

მათ ურჩევნიათ, ვინც ვმუშაობთ, იმათ მაინც შეგვიქმნან პირობები. ამ ლარს არანაირი ძალა რომ არა აქვს და ჩვენ მთელი წელი მათხოვრულ ხელფასებზე ვმუშაობთ, ამიტომაც გვჩაგრავენ უფრო ძლიერ ხომ?!

სრული კოლაფსია ქვეყანაში ყველა სფეროში და ასე იქნება კიდევ დიდხანს… არ არის საჭირო საზოგადოების ილუზიებით კვება… ყველა ხედავს ყველაფერს! და კიდევ, უკვე დროა, ისწავლოს სამინისტრომ მისი მასწავლებლის დაფასება! დაუნიშნოს დამსახურების მიხედვით სათანადო პენსია, უთხრას მადლობა და გაუშვას სახლში დამსახურებულად დასასვენებლად! იმ პენსიონერებიდან, რომლებიც ძლიერი სპეციალისტები არიან  და ბევრ ახალგაზრდაზე კარგად შეუძლიათ მუშაობა, მოიწვიოს და სათანადო პირობების შექმნით გააზრდევინოს მომავალი თაობა! ამას უნდა პოლიტიკური ნება მაღალი ეშელონებიდან. მასწავლებელი უფრო მეტს მუშაობს და იხარჯება თუ ნებისმიერი პარლამენტარი? ამაზე მიპასუხოს საზოგადოებამ… ყველამ ძალიან კარგად იცით ყველაფერი!“.

რა პრინციპით უნდა გაუშვას სისტემამ არაკვალიფიციური პედაგოგები სკოლიდან – მინისტრის პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური