GE

პლანშეტები სკოლებს, დამხმარე სახელმძღვანელოები მასწავლებლებს, ტელეგადაცემა და ვიდეორგოლები მშობლებს – პროექტი „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ გრძელდება

პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში, რომელიც განათლების კოალიციის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 11 საჯარო სკოლას საჩუქრად 70 პლანშეტი გადაეცა. აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ ნაწილია იმ პროექტისა, რომელიც მიზნად განათლების სისტემისადმი პანდემიით მიყენებული ზიანის შემცირებას, ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ყველა მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ისახავს.

პროექტი გასულ წელს, პანდემიის დაწყებისთანავე ამოქმედდა და ამჟამად მისი უკვე მეორე ფაზა შევიდა ძალაში, რომლის ძირითადი მიმართულებებია სკოლამდელი და სასკოლო განათლება. სწორედ სასკოლო განათლების გაუმჯობესებასა და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრას ემსახურება პლანშეტების გადაცემის იდეაც, რისთვისაც შეირჩნენ სკოლები, რომელთაც კომპიუტერები საერთოდ არ, ან ძალიან მოძველებული ჰქონდათ. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ამ და სხვა მსგავსი ნაბიჯებით წაახალისებენ სხვა ინიციატივებსაც რაც, ჯამში, უთანასწორობას, გარკვეულწილად, შეამცირებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტის მხარდამჭერი გაეროს ბავშვთა ფონდია, რომელიც ჩართული იყო როგორც პლანშეტების გადაცემის პროცესში, ისე ყველა სხვა ღონისძიებაში, რომელიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე აცხადებს, რომ სკოლები პლანშეტებს თავიანთი საჭიროების მიხედვით გამოიყენებს, იმ ბავშვებისათვის, რომელთაც სახლში რაიმე სახის გაჯეტი არ გააჩნიათ და ამის გამო მათი სწავლის პროცესი შეზღუდულია. გარდა ამისა, მისი თქმით, სკოლა ამ ბავშვებისთვის ღია იქნება და ისინი სკოლის საკუთრებაში არსებულ კომპიუტერულ რესურსს გამოიყენებენ ონლაინ სწავლებაში ჩასართავად, თუ დამატებითი სასწავლო რესურსების მოსაძიებლად.

„პანდემიის დასაწყისში 54 000 ბავშვს არ ჰქონდა ხელმისაწვდომობა არანაირ ტექნიკასთან, რაც მას დისტანციურ სწავლაში ჩართვის საშუალებას მისცემდა. არ გვაქვს განახლებული ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაა ახლა, რადგან სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან, თუ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდა. შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთაც ხელმისაწვდომობა არ აქვთ, შემცირდა. თუმცა, ვიცით, რომ სკოლებში არსებობს კომპიუტერული ლაბორატორიები, რომლებიც პანდემიის დროს და არა მხოლოდ ამ დროს, დახურულია იმ მიზეზით, რომ სკოლა ინტერნეტ ქსელში ჩართული არ არის. ან, შესაძლოა, ჩართული იყოს, მაგრამ სკოლას შიდა პოლიტიკა არ ჰქონდეს განსაზღვრული, თუ როგორ შეიძლება ბავშვებმა, პანდემიის დროს, ამ კომპიუტერული ლაბორატორიებით ისარგებლონ. ეს დიდი პრობლემაა. სკოლებს,რომელთაც პლანშეტები გადაეცათ, ეს პოლიტიკა განესაზღვრებათ და მათთან, დიდი სამუშაო ჩატარდება“, – აღნიშნავს ინტერვიუში მაკო ყუფარაძე.

ერთ-ერთი სკოლა, რომელმაც საჩუქრად 7 პლანშეტი მიიღო, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაა. აქ 2005 წლიდან არსებობს კომპიუიტერული ლაბორატორია, თუმცა როგორც ირკვევა, კომპიუტერების აბსოლუტური უმრავლესობა დისფუქციურ მდგომარეობაშია, არ მუშაობს. სკოლაში განგვიმარტავენ, რომ იქ მხოლოდ ისტ-ის გაკვეთილები ტარდება. როგორც ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლებისა და სპორტის მასწავლებელი, აზა ხანგოშვილი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, სხვა გაკვეთილებისთვის ოთახის გამოყენება ვერ ხერხდება ნაკლები ტექნოლოგიური რესურსისა და სუსტი ინტერნეტის გამო. სკოლის მოთხოვნებს, რომელსაც 700 მოსწავლე ჰყავს, 10 კომპიუტერი ვერ აკმაყოფილებდა.

„მოსწავლეები ვერ იყენებენ ამ ლაბორატორიას, რადგან მათი რაოდენობა დიდია, რესურსი კი მწირი. ჩვენი სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და ლაბორატორიის კომპიუტერებით დაკომპლექტების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, – აცხადებს აზა ხანგოშვილი.

რაც შეეხება საჩუქრად გადაცემულ პლანშეტებს, მისივე თქმით, ისინი მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგდა, რომლებსაც 3-4 სკოლის მოსწავლე ჰყავთ და კომპიუტერული ტექნიკის უქონლობის გამო დისტანციურ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ.

“პროექტი მხარს უჭერს სკოლებს, მოსწავლეებსა და მოწყვლად ჯგუფებს და ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან იგი საწინდარია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სწავლისადმი ინტერესის გაღრმავებისა. რაც მთავარია, პროექტი ზუსტად ასრულებს თავის მიზანს – იცავს ბავშვთა უფლებებს ხარისხიან განათლებაზე წვდომასთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა მათ ამ საოცარი შესაძლებლობისთვის!“ – დასძენს სოფელ დუისის სკოლის პედაგოგი.

რაც შეეხება პროექტის მეორე ფაზის ორ ძირითად მიმართულებას (სკოლამდელი და სასკოლო განათლება) და ამ მხრივ გაწეულ ძალისხმევას, როგორც განათლების კოალიციაში განმარტავენ, ინიციატივათა ჩამონათვალი ვრცელია. სკოლამდელი განათლების მიმართულებით, მშობლებისთვის, სატელევიზიო ფორმატში მრავალფეროვანი ვიდეო რესურსები მზადდება. მათ შორის, გადაცემა ტელესკოლის არხზე – „რჩევები მშობლებს“, რომელიც ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. პერმანენტულად იქმნება სახალისო შემეცნებითი ანიმაციები, ვიდეორგოლები ადრეულ ასაკში განვითარების საკითხებზე. რაც შეეხება სასკოლო განათლებას, ამ მიმართულებით პროექტი სკოლებისა და მასწავლებლებისთვის სასკოლო რესურსების შექმნას ითვალისწინებს, განსაკუთრებით იმ საგნებში, სადაც ამის საჭიროება მწვავედ დგას.

EDU.ARIS.GE -სთან ინტერვიუში განათლების კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რომლებიც სასკოლო განათლების ხელშეწყობისათვის ხორციელდება. მისი თქმით, აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმასთან CK-12-თან, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება. იგი ევროპის, აზიის, ამერიკის სკოლებს ციფრული სახელმძღვანელოებით ამარაგებს, რომლებიც მოსწავლეზე ორიენტირებულ მეთოდებზეა ადაპტირებული. ჯამში, პლატფორმაზე, უამრავი რესურსია განთავსებული, როგორც საგნობრივი კუთხით ასევე დამატებითი მასალების თუ ინტეგრირებული მიმართულებებით.

CK 12-ზე განსათავსებლად სახელმძღვანელოების თარგმნისა და ადაპტირების პროცესი გასულ წელს დაიწყო და ახლა უკვე მუშაობა მათი სკოლებში შეტანაზე მიმდინარეობს. როგორც კოალიციის ხელმძღვანელი გვიყვება, სახელმძღვანელოები გაჯერებულია იმ ინტერაქტიული სავარჯიშოებით, რაც სწავლისა და სწავლების პროცესს უფრო მარტივსა და საინტერესოს ხდის. სახელმძღვანელოები ეხმარება საგნის უკეთესად გაგებასა და გაანალიზებას ინტერაქტიული, მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდით. ისინი არა მხოლოდ ონლაინ, არამედ პირდაპირი სწავლების დროსაც გამოიყენება და რაც მთავარია, ნებისმიერ მოსწავლეს, მასწავლებელსა თუ მშობელს მათით სარგებლობა სრულიად უფასოდ შეუძლია. იმ სოფლებში, სადაც პლანშეტები დარიგდა, ორგანიზაციები უზრუნველყოფენ მასწავლებლების ინფორმირებას აღნიშნული პლატფორმისა და უკვე ადაპტირებული სახელმძღვანელოების შესახებ.

გიორგი ჭანტურიას თქმით, სახელმძღვანელოებსაც და ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველანაირ სამუშაოს, წლის ბოლოს, STEM კონფერენციაზე წარადგენენ.

„მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, მასწავლებლებისთვის ვქმნით დამხმარე ანიმაციურ რგოლებს მათთვის მნიშვნელოვან თემატიკაზე. მაგალითად, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, კლასში ახალი ბავშვის მიღება და ა.შ. გვაქვს ვიდეორესურსები ვებინარების კუთხით, მეტწილად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულთა მონაწილეობით. ამ პროექტის ფარგლებში სხვა ამოცანაც გვაქვს – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად გვინდა შევიმუშაოთ კონკრეტული რეკომენდაციები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის რეფორმირების მხარდასაჭერად. შედეგებს დეკემბერში ველით“, – დასძენს გიორგი ჭანტურია.

ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია.

პროგრამა მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში სკოლებს საჩუქრად პლანშეტები გადაეცათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური