GE

„პოსტსაბჭოური რეალობა“- ქართული განათლების სისტემა ევროპული სტანდარტების ჭრილში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 2016 წელს შევიდა  სხვა უამრავ საკითხთა შორის, განსაკუთრებულ აქცენტს განათლებაზეც აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოში განათლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, არსებობს რიგი გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ქართული საგანმანათლებლო სისტემა დგას. გამოწვევებზე თავის გართმევა კი ნიშნავს პასუხს იმ სტანდარტებზე, რომელსაც ევროპის საგანმანათლებლო სივრცე აწესებს.

საქართველოს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოსთან მიმართებაში ჯერ კიდევ 2014 წელს გაანალიზდა, თუმცა როგორც ირკვევა, განახლებული დოკუმენტი ისევ არ გვაქვს და „ჩარჩოს დამტკიცებისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები“.

პრობლემები რჩება განათლების ხარისხთან, თანაბარ ხელმისაწვდომობასთან, განათლების და შრომის ბაზრის ურთიერთობასთან დაკავშირებით. როგორც განათლების სამინისტრო EDU.ARIS.GE-ს პასუხობს:

„უმაღლესი განათლებისა და სამუშაო ბაზრის ურთიერთმიმართების შესახებ საქართველოში ინფორმაცია მწირია. დასაქმებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ გროვდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზეც. თუმცა პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტები ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოარგონ პროგრამები ბაზრის მოთხოვნებს.“

იმისთვის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდეს და მოდიფიცირდეს, ევროკავშირმა 2017 წელს დაფინანსება გამოყო.

„ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის დახმარებით მნიშვნელოვანი  ნაბიჯები გადაიდგა (იდგმება) ქართული განათლების სივრცის ევროპულთან დაახლოვებისკენ. პროფესიული განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. მაგალითად, პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის მხრივ, პროფესიული განთლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად დაიწყო კომპეტენციებზე-დაფუძნებული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა პროფესიულ კოლეჯებში“, – ამბობს განათლების სამინისტრო.

აუცილებელია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს განათლების ეროვნული კანონმდებლობა  ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან დაახლოვდეს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო (EQF).

„2014 წელს გაანალიზდა საქართველოს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოსთან მიმართებაში და გამოიკვეთა  გარკვეული ხარვეზები. ანალიზის საფუძველზე, 2014-2015 წლებში მომზადდა კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოს ახალი პროექტი, რომელიც სრულად შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და მისი ამოქმედებით, საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. ჩარჩოს დამტკიცებისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები“, – აცხადებენ საქართველოს განათლების სამინისტროში.

რამდენად ახლოს არის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე ევროპულთან და რეალურად, რა ბარიერები არსებობს საქართველოში განათლების მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობის გზაზე, ამ  და სხვა საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი ესაუბრა. მისი შეფასებით, საქართველო პრაქტიკულად პოსტსაბჭოურ რეალობაში იმყოფება. საბჭოთა კავშირის სტანდარტებზე დაფუძნებული ქართული განათლების ცვლილება კი  2003-2004 წლებში დაიწყო.

„მართალია, საქართველოში არ დგას წერა-კითხვის პრობლემა, როგორც ეს უღარიბეს ქვეყნებშია, მაგრამ ინფორმატიული და გარკვეული უნარ-ჩვევების თვალსაზრისით, ქართული განათლება არ არის კონკურენტუნარიანი მთელ მსოფლიოში. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რამდენად უწყობს ქართული განათლების სისტემა ხელს თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებას, მის შეხედულებებს, აი, აქაც ჩვენ სერიოზული პრობლემები გაქვს.“

როგორც განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, არსებობს ქართული დიპლომის აღიარების პრობლემა ევროპაში.

„როდესაც შენ ერთი ქვეყნიდან მეორეში სასწავლებლად გადადიხარ, უნდა დაგხვდეს მეტ-ნაკლებად მსგავსი საგანმანათლებლო სისტემა. აუცილებელია, სააკრედიტაციო სისტემების დაახლოება, ერთნაირი სასწავლო პროგრამების შექმნა. ქართულ დიპლომს არ გითვლიან ევროკავშირში გარკვეულ პროფესიებში. თუ ჩვენ ვართ ბოლონიის პროცესში ჩართულნი, უნდა მივაღწიოთ იმ სტანდარტს, რომ ყველგან და ყველა პროფესიის დიპლომი  ჩაგვითვალონ.“

რაც შეეხება ინტეგრაციას და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს, დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროცესები გასაღრმავებელია.  უფრო მეტ საერთაშორისო პროგრამებში ჩართვით კი  მეტი იქნება მაღალი დონის კრიტერიუმების მოთხოვნა.

„უნდა ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ რა ადგილის დაჭერა გვინდა მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენ ჯერ ის ვერ გაგვირკვევია, რა გვინდა. გავიგებთ რომ სადღაც, რაღაც პროგრამა არის და ვცდილობთ მის გადმოღებას. ევროკავშირში ძალიან დიდი ტრადიციებია, ძალიან ძველი უნივერსიტეტებია. წარმოიდგინეთ, სადაც 400 წლის ტრადიცია აქვთ, იქ სულ სხვანაირი სიტუაციაა. ევროპას აქვს უწყვეტი საგანმანათლებლო ტრადიციები, მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი რამის უფლება მისცენ თავს.“

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ რეფორმების განსახორციელებლად და წარმატების მისაღწევად, აუცილებელია განათლების სფეროში მეტი ფულის ჩადება.

„საქართველოში ბევრად ნაკლები ფული იდება განათლებაში ვიდრე ევროპაში. ეს გარკვეულწილად აისახება კიდეც ბევრ რამეში, წმინდა ინფრასტრუქტურულ, მატერიალურ-ლოჯისტიკურ ამბებში, როგორი პირობებია სკოლებში, უმაღლეს სასწავლბლებში, ლაბორატორიები როგორია და ა.შ…  საერთოდ ითვლება, რომ თუ მეტი თანხაა –ხარისხი იმატებს“.

დავით ზურაბიშვილი პრობლემად თვლის ასევე მოძველებულ პროგრამებსა და აღმზრდელობით საკითხებს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით და უმეტესწილად, სწორედ მათზეა დამოკიდებული  სწავლის ეფექტურობაც.

საქართველოს განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა „2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სტრატეგის დოკუმენტი“. როგორც დოკუმენტშია მითითებული, სტრატეგიის მიზანი მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპზე დაფუძნებული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარებაა. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას უმაღლესი განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების რეგიონულ ცენტრად.

ამავე თემაზე:

საქართველოს უნივერსიტეტებში მაღალკვალიფიციური პროფესორების დეფიციტია

განათლება ქართულად – სწავლაში ჩადებული ინვესტიცია, თუ ფუჭად დახარჯული თანხები?!

„ფაქტია, რომ უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება წიგნი არ იყოს და უმაღლესი სასწავლებელი ერქვას“

მოამზადა გვანცა გუბელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური