პრემიერ გიორგი გახარიას განცხადება სტუდენტების სხვადასხვაგვარი მოთხოვნების პასუხად
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უნივერსიტეტებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობების განახლების გადაწყვეტილება, თავად სტუდენტების ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად მიიღეს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„სტუდენტების მოთხოვნა სხვადასხვაგვარია, ზოგი ხედავს რისკს სწავლის პროცესის გაგრძელებაში, ზოგი – პირიქით, ითხოვს სწავლის პროცესის დაწყებას. პირველკურსელისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებს დიდ პატივს ვცემთ და მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით. მათ აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ ვთქვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში, ისიც კონკრეტული წესების დაცვით. სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც შეუძლია გააგრძელოს დისტანციური სწავლება, ან აუდიტორიებში სწავლება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქართველოს ყველა რეგიონის მიმართ ერთნაირი მიდგომა იყოს, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება კვლავ წერტილოვანი მეთოდებით გაგრძელდება.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს. როდესაც ჩვენ ადაპტაციაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ ვაქცინა არ არის და ვერავინ გვეუბნება როდის იქნება, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომ ბალანსის დაცვა წესები დაცვას და წერტილოვან შეზღუდვებს შორის არის ერთადერთი სწორი სტრატეგია ვირუსთან გრძელვადიანი გამკლავების მეორე ტალღის პიროებებში, რა თქმა უნდა, სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა უნდა გადაწყვიტონ იმ გარემოებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ. უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას დისტანციურად თუ აუდიტორიებში, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცხის შემთხვევაში არ მივიდეთ სამსახურში, ჩვენი შვილები, თუ მათ ვხედავთ რაიმე სიმპტომი აქვთ, ან სიცხე აქვთ, არ გავუშვათ სკოლაში, არ გავუშვათ საბავშო ბაღში და ამ დიდ წვეულებებს დავანებოთ თავი რაღაც პერიოდით. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს თბილისში და ბათუმში ერთია თელავში – მეორე. როგორ შეიძლება აქ იყოს ერთი და იგივე მიდგომა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეზღუდვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებაზე.
„სწავლის პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში არის ინდვიდუალური გადაწყვეტილების საგანი. სკოლის და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და შესაბამისი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, განხილული უნდა იქნას რა მასშტაბის დაზიანებაა ამა თუ იმ სკოლაში და უნივერსიტეტში და, შესაბამისად, მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება როდის გადადის ონლაინ სწავლებაზე, გადადის ვთქვათ, ერთი ფაკულტეტი თუ მთელი უნივერსიტეტი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე თემაზე:
„გაგრძელდეს ონლაინ სწავლება კავკასიის უნივერსიტეტში“ – სტუდენტების პეტიცია და ადმინისტრაციის უარი
რას პასუხობს სამედიცინო უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილის მოთხოვნას
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება