პრემიერ-მინისტრის დათვლით, თბილისში სტუდენტთა რაოდენობა 2-ჯერ უნდა შემცირდეს, ქუთაისში კი 4-ჯერ გაიზარდოს
უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაში საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი სიახლე და მთავრობის გეგმით ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი სტუდენტების დეკონცენტრაცია, მათი განსხვავებულად გადანაწილებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამ ნაბიჯის მიზნობრიობას ასე ხსნის: „კონცენტრაცია არის პრობლემა თანაბარი განვითარების კუთხით, ამიტომ დეკონცენტრაცია არის ერთ-ერთი თანმდევი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას“ და იმასაც ამატებს, რომ პირდაპირ კავშირში განათლების ხარისხთან, ეს, რა თქმა უნდა, არ არის.
აი რას ამბობდა ირაკლი კობახიძე 26 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას:
ამჟამად სულ 150,000 სტუდენტია
85% თბილისშია (გამოდის 127 ათასი სტუდენტი);
5% – ქუთაისშია, (გამოდის 7.5 ათასი სტუდენტი);
10% კი დანარჩენ ხუთ რეგიონულ უნივერსიტეტშია (გამოდის 15 ათასი სტუდენტი).
როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, „უხეში“ დათვლით, რეფორმის განხორციელების შედეგად სტუდენტთა გადანაწილება ასე უნდა გამოიყურებოდეს:
ქ. თბილისი – 60 ათასი სტუდენტი
ქ. ქუთაისი – 30 ათასი სტუდენტი
ქალაქები ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი – 15 ათასი სტუდენტი
ეს კი ნიშნავს, რომ თბილისში სტუდენტების რაოდენობა ორჯერ უნდა შემცირდეს – 127
ათასიდან 60 ათასამდე, ქუთაისში კი 4-ჯერ გაიზარდოს, 7.5 ათასიდან 30 ათასამდე, სხვა რეგიონებს რაოდენობრივი ცვლილებები არ შეეხება.
ეს იმ ფონზე, რომ უმაღლესში ჩაბარების მსურველებმა ჯერაც არ იციან, როგორ მოუწევთ სასურველი ფაკულტეტების შერჩევა და რამდენი ადგილი იქნება გამოყოფილი მათ მიერ შერჩეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
აქვე გთავაზობთ, საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების ამონარიდს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლიდან, იქნებ ჩვენ ვერ წავიკითხეთ სწორად:
ირაკლი კობახიძე, 26 ნოემბერი: „რაც შეეხება რეგიონულ ჭრილში გადანაწილებას, აქაც უხეშად შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ნაწილდება ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა. რეგიონულ უნივერსიტეტებში უნდა გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა, მაგრამ არა არსებითად. დღეს 85% თბილისი 15%-ია ყველა დანარჩენი, მათ შორის ქუთაისი არის 5% ყველა დანარჩენი არის 10%. დღევანდელი მდგომარეობით, 5 რეგიონული უნივერსიტეტია, ეს არის ბათუმი, გორი, ახალციხე, თელავი, ზუგდიდი, ქუთაისის არ ვთლი, რადგან ცალკე გვაქვს გამოტანილი. ამ ხუთ უნივერსიტეტში შეიძლება, 10%-იანი მაჩვენებლიდან ავიდეთ დაახლოებით 15%-იან მაჩვენებელზე. რაც შეეხება თბილისსა და ქუთაისს შორის სტუდენტების გადანაწილებას, ვფიქრობთ, რომ თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად კერად და დაახლოებით პროპორცია უნდა იყოს 2/1-ზე. ეს არის ჩვენი წარმოდგენა. შეიძლება, თბილისში სწავლობდეს 60 ათასი სტუდენტი, ქუთაისში 30 ათასი სტუნდენტი, დაახლოებით 15 ათასი სტუდენტი რეგიონებში, ეს არის უხეში დათვლა. დღეს სტუდენტების რაოდენობა არის 150 ათასი და ჯამურად შემიცრდება 110 ათასამდე. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ოპტიმალური გადანაწილება“.
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება
