GE

„პრობლემა ის არის, რომ წლიდან წლამდე აბიტურიენტების შედეგები არც უმჯობესდება და არც უარესდება“, – კახა ჯამბურია

2019 წლის აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების განხილვა მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ ცნობილი გახდება ვის მოემატა, დააკლდა ან უცვლელი დარჩა კონკრეტული საგნის გამოცდაში მიღებული ქულა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე კახა ჯამბურია EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს უკვე ცნობილი იქნება.

-ბატონო კახა, რამდენი საპრეტენზიო განაცხადი შემოვიდა წელს აბიტურიენტების მიერ, რომელ საგანზე შემოვიდა ყველაზე მეტი და რომელზე ნაკლები?

-წელს შემოსულია 2970-მდე განაცხადი. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნამუშევრების ხელახალი შეფასებისთვის არის შემოტანილი. როგორც მოგეხსენებათ, აპელაცია ნიშნავს მთელი ნაშრომის ან კონკრეტული დავალების ხელახლა შეფასებას, როდესაც ქულა შეიძლება შეიცვალოს (აიწიოს ან დაიწიოს), ან იგივე დარჩეს.

ყველაზე ნაკლები კი გვაქვს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ასევე გერმანულ ენაში.

რა დრო დასჭირდება შემოსული სააპელაციო განაცხადების დამუშავებას და რამდენად შეცვლის სურათს აპელაციის შედეგები მინიმალური ქულების კუთხით?

-სააპელაციო განაცხადების განხილვა მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება და სანამ არ დასრულდება სააპელაციო განაცხადების განხილვა, შეუძლებელია იმის  პროგნოზირება, რამდენად იმოქმედებს აპელაციის შედეგები გამსვლელ ქულაზე.

როდის გამოქვეყნდება ინფორმაცია გათანაბრებული ქულებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ?

-აპელაციის შედეგების გამოცხადების შემდეგ (ანუ მომავალი კვირის ბოლოს) კიდევ ერთხელ ყველაფერი გადამოწმდება და, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის ჩარიცხვებიც დასრულდება. ამ დროისათვის შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ ზოგადი უნარების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია (ამ გამოცდაში ბარიერი გადალახა მონაწილეთა 87-ზე მეტმა პროცენტმა).

ამ ეტაპის მონაცემებით, რომელ გამოცდაზე დაიწერა ყველაზე მაღალი ქულები და რომელი გამოცდის დაწერა გაუჭირდათ ყველაზე მეტად წლევანდელ აბიტურიენტებს?

-სანამ აპელაციების განხილვა არ დასრულდება, მანამდე ზუსტად ვერ ვიტყვით, რომელ გამოცდაზე დაიწერა ყველაზე მაღალი ქულები. ყოველგვარი სტატისტიკური მონაცემი მხოლოდ აპელაციების დამთავრების შემდეგ იქნება სანდო და ამიტომ მთელი პროცესის დასრულების შემდეგ ჯობია განვიხილოთ.

იყო თუ არა წელს განსაკუთრებული გასახსენებელი მომენტი აბიტურიენტების ნაშრომებიდან გამომდინარე, ან ძალიან განსხვავებულად და უმაღლეს დონეზე დაწერილი თემა, ან რომელიმე სიტყვის არსში გაურკვევლობა, რაც ადრე ჰქონდათ ხოლმე აბიტურიენტებს…

-ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნამუშევრებიდან ორიოდე ძალიან კარგად დაწერილი თხზულებისა თუ არგუმენტირებული ესეს გამოყოფა ყოველ წელს არის ხოლმე შესაძლებელი და წლევანდელ ნაშრომებშიც იყო გამორჩეულად კარგი ნამუშევრები, მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივია და ამაში მოულოდნელი არაფერია – ნიჭიერი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ბავშვები ყოველთვის იყვნენ და, ცხადია, მომავალშიც იქნებიან. პრობლემა ის არის, რომ წლიდან წლამდე (მხოლოდ საგამოცდო ნამუშევრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) შედეგები არც უმჯობესდება და არც უარესდება, ანუ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას განხორციელებული რაიმე ცვლილება, რომელიც უკეთესობისკენ წაიყვანდა ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას, ამ გამოცდების შედეგებში არ ჩანს. რაც შეეხება პრობლემებს, ჩემი აზრით, ჯობია თემატურად დავყოთ (თუნდაც საგნების მიხედვით) და ისე ვიმსჯელოთ. ძალიან საწყენია, რომ ჩვენს ტელეკომპანიებს არ აინტერესებთ ასეთი საგნობრივი განხილვები – ვთქვათ, ერთი კონკრეტული საგნის სპეციალისტები რომ დასხდნენ სტუდიაში და გააანალიზონ, სასწავლო პროცესის რა ხარვეზები ჩანს ამ საგამოცდო ნამუშევრებში და როგორ უნდა მოგვარდეს ამა თუ იმ საგნის სწავლების პრობლემები.

წელს ეროვნულ გამოცდებზე გასვლის საშუალება ჰქონდათ იმ აბიტურიენტებსაც, რომლებიც გასულ წლებში იყვნენ ჩაჭრილები, ამ ფონზე, როგორ შეაფასებთ აბიტურიენტების წლევანდელ ნაკადს 1-დან 10-ბალამდე შკალით გასული წლის აბიტურიენტებთან მიმართებაში?

-მე არ ვიცნობ ისეთ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა წლის აბიტურიენტების მიღწევების შედარება ათბალიანი ან რომელიმე სხვა სკალის საშუალებით. არ გამოვრიცხავ, რომ სოციოლოგები ან ფსიქოლოგები რაღაც მსგავს მეთოდებს იყენებდნენ, მაგრამ მე მათი არსებობა არ ვიცი.

-ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ წელს გამოცდები იოლი იყო?

-არა, რა თქმა უნდა. ტესტების სირთულე არ შეცვლილა და წელსაც გამოცდები დაახლოებით იმავე სირთულის იყო, როგორც გასულ წლებში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური