GE

რას მივაღწიე მოსწავლეებთან ინგლისური ენის ამ მეთოდებით სწავლების შემდეგ – სკოლის დირექტორი საკუთარ გამოცდილებაზე

ავტორი: ხათუნა ხარხელი, ინგლისური ენის პედაგოგი/სკოლის დირექტორი; სსიპ ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლა

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

21-ე საუკუნე გამოწვევებისა და ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეა. თანამედროვე ქართველი შრომის ბაზარზე დასაქმებასა თუ რეალიზებას არა მარტო საქართველოს ფარგლებში, არამედ მის გარეთაც ეძებს, ინგლისური კი უნივერსალური ენაა და გამოიყენება გლობალური კომუნიკაციისთვის. ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვისაუბროთ ინგლისურ ენაზე სხვა ადამიანებთან.

ინგლისური ენა დღეს ყველასთვის სავალდებულოა და მის შესწავლას დიდ ყურადღებას აქცევს მშობელი თუ მოსწავლე. იხვეწება და ეფექტური ხდება თითოეული მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ამ საგნის სწრაფად და უკეთ შესწავლას. არსებობს ეფექტური სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგია, მიდგომა და ტექნოლოგია ინგლისურის დაუფლებისთვის. სწავლების ეს მეთოდოლოგიები ეხმარება მოსწავლეებს ენის გაგებასა და ენის კარგად დაუფლებაში. გარდა ამისა, ინგლისურ ენაზე წერისა და საუბრის ყოველდღიური პრაქტიკა აუცილებელია იმისათვის, რომ მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ. ბრძენს უთქვამს: „რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო“.

ინგლისური ენის დაუფლებისათვის ეფექტური სწავლების მეთოდოლოგიები მოიცავს ზოგად პრინციპებს, რომლებიც ეხმარება მასწავლებლებს საინტერესო სასწავლო გამოცდილების შექმნაში. მოსწავლეთა ჩართულობა ხელს გვიწყობს თემების ღრმად გააზრებაში. ამიტომ, მასწავლებელმა უნდა იმუშაოს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდისთვის და დიფერენცირებული სწავლებით, შეძლოს მოზარდების ინგლისურ ენაზე ამეტყველება.

ენის შესწავლისას კლასში ტექნოლოგიების ინტეგრირების როლი უდავოა. უკუკავშირი, ქვიზებისა და მულტიმედიური რესურსების, ინტერაქტიული დაფების გამოყენება, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო და სიყვარული, მათი უშუალო საუბრის წახალისება და ამიტომ, პირდაპირი მეთოდი(The Direct Method) ერთგვარი მოტივატორი გახდა ჩემი მოსწავლეებისათვის. ამ მეთოდის სახეცვლილებამ ადვილი გახადა ინლისური ენის შესწავლა და დღევანდელობას დაუკავშირა.

პირდაპირი მეთოდი (The Direct Method)

„The Direct Method“ – პირდაპირი მეთოდი მოიცავს ინგლისურ ენაზე აზროვნებასა და კომუნიკაციას. მასწავლებელსა და მოსწავლებს შორის ეს კომუნიკაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა და მოსწავლეს ეკრძალება მშობლიური ენის გამოყენება. ეს გზა ყველას ეხმარება იმუშაოს სალაპარაკო ენაზე და შეეცადოს ეტაპობრივად გააუმჯობესოს იგი.

ეს არის ბუნებრივი მეთოდი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ლაპარაკსა და მოსმენაზე, ვიდრე კითხვასა და წერაზე.

სწავლება მიმდინარეობს სამიზნე ენაზე, გრამატიკა ისწავლება ინდუქციურად, აქცენტი კეთდება ლაპარაკსა და მოსმენაზე და ისწავლება მხოლოდ სასარგებლო „ყოველდღიური“ ენა.

ამ მეთოდის გამოყენებით მივაღწიე იმ დონეს, რომ მოსწავლეები ცდილობენ, ინგლისურად იმეტყველონ გაკვეთილზე და არ აქვთ შიში იმისა, რომ შეცდომა მკაცრად იქნება აღქმული. უსაფრთხო გარემო მათ საშუალებას აძლევს, ილაპარაკონ. მე ვცდილობ ჩავინიშნო და არ შევაჩერო, გაკვეთილის მსვლელობისას კი აქცენტს სწორედ იმ სიტყვებზე ვაკეთებ, რომლებიც შეეშალათ და თავადვე ხვდებიან საკუთარ შეცდომებს. საშუალო საფეხურის მოსწავლე მეტად რეაგირებს შენიშვნებზე და ამის გათვალისწინება აუცილებელია. გარდა ამისა, ჩემს საუბარს ვაძლევ მხატვრულ, ემოციურ მუხტს და ეს მეხმარება, რომ მისმინონ.

„სმაილების ყულაბა“

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს სიტყვების მცირე მარაგი ჰქონდათ, ბევრს აზრის გადმოცემა და კლასის წინაშე, გაკვეთილის თემის გარდა, რაიმე ამბის მოყოლა ერიდებოდათ.

ამგვარი ჩაკეტილობა ხელს მიშლიდა წინსვლაში და გადავწყვიტე შემექმნა „სმაილების ყულაბა“ რომელზეც გამოხატულია სიხარული, ბედნიერება, მოწყენა და ყველა ის გრძნობა და მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება მოსწავლე იყოს.

ე.წ. „სმაილებს“ დღევანდელი ახალგაზრდები ხშირად მოიხმარენ „მესიჯების“ წერისას და სწორედ ამან გადამაწყვეტინა, მსგავსი ფორმატი გამომეყენებინა. კლასში გავაკარი სხვადასხვა ემოციების ნაირსახეობა, ჩემი მისალმების შემდეგ ვხსნიდი რომელიმეს და ჩემს იმდღევანდელ განწყობას ინგლისურად გადმოვცემდი. ვცდილობდი, ეს ყოფილიყო სახალისო და დასაწყისში ფრაზებიც შედარებით ლაკონიური და სხარტი. კლასის მეორე კუთხეში კი გავაკარი ჩემ მიერ შედგენილი პოსტერი და მიზანმიმართულად ჩამოვწერე ადამიანის გრძნობები, ვიცოდი, საჭიროებიდან გამომდინარე, მას მიაქცევდნენ ყურადღებას.

მოსწავლეებს ვთხოვე მოებაძათ ჩემთვის, აერჩიათ სასურველი „სმაილი“ და თვითონაც გამოეხატათ ემოცია. ჩემდა სასიხარულოდ, დავალება წარმატებით შეასრულეს და გამოუვიდათ საკუთარი ემოციების, მდგომარეობის „სმაილების“ დახმარებით გადმოცემა. თავიდან შედარებით მოკლედ, მაგრამ ემოცია სიტყვებით მრავალფეროვანი ხდებოდა. ეს აქტივობა იმდენად ხალისიანად წარიმართა, მოსწავლეებს ვამჩნევდი, რომ ეხსნებოდათ კომპლექსები და მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ აღწერას.

ეს მეთოდი დროთა განმავლობაში მათთვის არა მარტო გაკვეთილის ხალისიანად დაწყების მოტივატორი გახდა, არამედ გაუჩნდათ სურვილი, კლასისთვის გაეზიარებინათ ის ამბავიც, რომელმაც ესა თუ ის ემოცია გამოიწვია. მოსწავლეები ელოდნენ გაკვეთილს, რათა სასიხარულო და მნიშვნელოვანი მომენტები საკუთარი ცხოვრებიდან ჩვენთვის მოეთხროთ. ისინი წინასწარ მოძიებული ფრაზებით შეიარაღებულები მოდიოდნენ, ზოგს დედა ჩამოუვიდა უცხოეთიდან და ეს გვიამბო, ზოგმაც სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში გაიმარჯვა. ამგვარად, ინგლისური ენის გაკვეთილის დასაწყისი ჩვენს შორის არა მარტო ნდობასა და ურთიერთპატივისცემას ამყარებდა, არამედ ჩაკეტილობას აბსოლუტურად ხსნიდა.

კლუბის ფარგლებში მუშაობამ კიდევ უფრო ნაყოფიერი გახადა ეს მეთოდი, რადგან მოსწავლეებმა იციან, რომ იქ ნიშნები არ იწერება და კლუბი მოსწავლეთა გაერთიანებაა ერთი აზრისა თუ საგნის სიყვარულით, რომელიც მათ არაფორმალურ გარემოში საუბრის გაუმჯობესებაში ეხმარება. მოწვეული ამერიკელი სტუმარი მოსწავლეებისთვის ენის გაწაფვისა და თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებად იქცა, რაც, ვფიქრობ, აუცილებელია ხშირად მეორდებოდეს. სკოლა ის ადგილია, რომელშიც მასწავლებელი იკვლევს, ხვეწს მუშაობის სტილს და ვითარდება დროის მოთხოვნასთან ერთად. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ჩემი მოსწავლეები და პედაგოგები არიან.

ასევე იხილეთ:

არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში და მისი უპირატესობები მოსწავლისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური